ცესკო-ს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რეგიონებში მერის არჩევა მხოლოდ ოთხმა ქალაქმა - ახალციხემ, ამბროლაურმა ქუთაისმა და ზუგდიდმა შეძლო. ოთხივე ქალაქში მერის სავარძელს „ქართული ოცნების" კანდიდატი დაიკავებს. მათ შორის არიან: ახალციხეში - გიორგი კოპაძე, ამბროლაურში - რატი ნამგალაძე, ქუთაისში - შოთა მურღულია, ზუგდიდში - ირაკლი გოგოხია.
მერის ასარჩევად მეორე ტური თბილისის გარდა კიდევ შვიდ ქალაქში გაიმართება. რაც შეეხება გამგებლებს, საქართველოს 46 თვითმმართველ თემში გამგებელი „ქართული ოცნების" კანდიდატი ხდება, თუმცა 13 თემში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, რადგან ყვარელში, თელავში, ახმეტაში, თიანეთში, გორში, თერჯოლაში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, მარტვილში, ქობულეთსა და ხულოში ხმების 50% გამგებლობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 13-ვე თემში „ქართულ ოცნების" კანდიდატები ლიდერობდნენ.
რაც შეეხება პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს, საქართველოს მასშტაბით აქაც „ქართული ოცნება" ლიდერობს და ხმების 50.97% აქვს, მეორე ადგილზე - „ნაციონალური მოძრაობა" 22.22%-ით, მესამეზე - „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" 10.23%-ით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 4.72%. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.