17 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე მუშაობის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. საბჭოში შემავალი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სხდომას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ნებაყოფლობითი და სავალდებული მონაწილეობის საპენსიო სისტემის კონცეფცია. „ვისაუბრეთ ამ კონცეფციასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე, გაიწერა სამუშაო გეგმა და განისაზღვრა 2014 წელს გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა" - აღნიშნა ოთარ ძიძიკაშვილმა.
საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია გასულ წელს შეიქმნა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეროვნული ბანკის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები შედიან.