საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა:
„ჩვენ განსხვავებული კატეგორიის პოლიტიკური ძალა ვართ. რა თქმა უნდა, დაბალი აქტივობა, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა, ხალხში უნდობლობას ასახავს. ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის. იმ სიტუაციაში, როცა არ მომეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სრულიად უცნობი კანდიდატი დავაყენეთ. შევძელით საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგების დადება. მეორე ადგილი დავიკავეთ, როგორც ოლქში, ასევე ქალაქში. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ ჩვენთვის წარმატებაა.
გაყალბებას თავისებური სახეები გააჩნია, თუ ვისაუბრებთ, რომ რაიმე სახის მანიპულაცია მიმდინარეობდა, ამას ვერ ვიტყვი. ჩვენ დავიცავით ყველა წესი, მე არ მჭირდება ფულით ნაყიდი ნდობა. მეორე ტურში ჩვენ ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ მივაღწევთ წარმატებას", - განაცხადა ოქრუაშვილმა.