გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, ბატონ შოთა ვადაჭკორიასთან, რომელმაც სულ ახლახან გამოსცა ვრცელი ნაშრომი „კოდორის ხეობის დილემა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი“, სადაც დეტალურად არის განხილული კოდორის დაცემის მიზეზები და ამ ტრაგედიის შედეგები.
– ბატონო შოთა, საიდან იღებს სათავეს კოდორის პრობლემა?
– კოდორის პრობლემა აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ წარმოიშვა. რუსეთის წაქეზებითა და გაეროს წარმომადგენელთა მხარდაჭერით, აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა კოდორის ხეობის ხელში ჩაგდება, რადგან ეს ხეობა დამოკლეს მახვილივით ეკიდა აფხაზეთის შუაგულში, სოხუმის „თავზე“.
კოდორის ხეობა რეალური საფრთხის წინაშე 1992 წლიდან დადგა. 1992 წლის 3 აგვისტოს კოდორელთა სამხედრო შენაერთი „შეფიცულთა რაზმი“ შეიქმნა, მასში 80 კაცი შედიოდა, რომელთაც ემზარ კვიციანმა ხატზე დააფიცა – აფხაზეთის დაბრუნებამდე იარაღს არ დაყრიდნენ. ცოტა ხანში ეს რაზმი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს დაექვემდებარა, სტატუსიც მიიღო და ხელფასებიც დაუნიშნეს მებრძოლებს.
1994 წელს შენაერთმა ოფიციალური ლეგიტიმაცია მიიღო, მასში უკვე 350 მებრძოლი იყო გაერთიანებული და სახელწოდებაც შეურჩიეს, „მონადირე“, ასე ეწოდა რაზმს. შეიარაღება და ხეობაში შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეტანა შევარდნაძისა და სააკაშვილის ნებართვით, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
ამ ბატალიონმა, რომელსაც ემზარ კვიციანი გმირულად მეთაურობდა, რუსებისა და აფხაზების მიერ დაგებულ არაერთ პროვოკაციას და მახეს გაუძლო და დიდი უბედურებები აარიდა როგორც სვანეთს, ისევე საქართველოს. იმ დროს, როცა გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საქართველოს სასარგებლო მოწესრიგებით არ იყვნენ დაინტერესებულნი.
ემზარ კვიციანის სარდლობით ბატალიონ „მონადირის“ სიმტკიცემ და მაღალმა ბრძოლისუნარიანობამ გადაურჩინა საქართველოს მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილები, კოდორისა და ჩხალთას ხეობები და 14 წლის განმავლობაში რეგიონში სტატუს-კვო შეინარჩუნა.
– ბატონო შოთა, უნდა შეგახსენოთ, იმდროინდელ პრესასა და ტელევიზიებში ემზარ კვიციანის შესახებ მხოლოდ დადებითი ინფორმაციები არ ვრცელდებოდა...
– ემზარ კვიციანის სახელის დისკრედიტაციით ხელისუფლება იყო დაინტერესებული და თუ რატომ, ამას რომ გავაანალიზებთ, ნათელი გახდება ნაციონალური ხელისუფლების მოღალატური საქმიანობა. თვითონ, 30 ვერცხლად, გაყიდეს კოდორის ხეობაც და ვერ მოასწრეს, თორემ მთელ საქართველოს აუქციონზე გაიტანდნენ...
ხელისუფლებას კარგად ესმოდა, ზემო კოდორის დამცველთა დიდ ავტორიტეტს რა ზემოქმედების მოხდენა შეეძლო საზოგადოებაზე. ამიტომ კვიციანისა და „მონადირის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ამ მიზნით, ყველაზე მტკივნეულ საკითხზე – აფხაზეთიდან 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილზე დევნილი მოსახლეობის გაძარცვის ფაქტები გამოიყენეს და იქ დატრიალებული ტრაგედია-ძარცვა-გლეჯა ემზარ კვიციანს გადააბრალეს.
ცალსახად ვაცხადებ, ამ ცილისწამების ავტორი მიხეილ სააკაშვილია. შემდეგ უკვე კოდორის დაცემის მერე „ნაციონალების“ სახელისუფლებო უწყებები კოდორის ხეობის სვანების წინააღმდეგ ცილისწამების შეთხზვით იყვნენ დაკავებულნი. ამ მიზნით კოდორის ხეობაში ჩატარებული დანაშაულებრივი სამხედრო ოპერაციის გამართლების აუცილებლობას ახდენდნენ. იდეოლოგიურ-პოლიტიკური საქმიანობის ტონის მიმცემი კვლავ სააკაშვილი და ივანე მერაბიშვილი იყვნენ.
2006 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ურთიერთდიალოგში, რომელიც უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, კოდორის ხეობაში მონებიც „აღმოაჩინეს“.
მიხეილ სააკაშვილი: ...მონებიც აღმოაჩინეთ, ხომ?
ვანო მერაბიშვილი: დიახ, რამდენიმე მონა გავათავისუფლეთ. ე.წ. მონა-ადამიანი, რომლებიც საქართველოს სხვა ნაწილებიდან, სხვა ტერიტორიებიდან იყვნენ მოტაცებული. ერთი მათგანი მე ჩამოვიყვანე დღეს თბილისში. იგი 4 წლის განმავლობაში კახეთიდან, საგარეჯოს რაიონიდან იქნა, ასე ვთქვათ, მოტყუებით გატაცებული... ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც მონა... დღეს იგი თავისუფალია და, ალბათ, თავის ოჯახში გაათენებს პირველ ღამეს.
ჩემს მიერ მოყვანილი ამბის მიხედვით, სააკაშვილი და მერაბიშვილი ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს კოდორის ხეობა ტრეფიკინგისა და მონებად გაყიდული ადამიანების თავშეყრის ადგილი ყოფილიყო.
ეს ცილისწამება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს აფრასიძეებისადმი წაყენებულ ბრალდებას.
ბატალიონ „მონადირის“ და ემზარ კვიციანის მიმართ ცილისწამებების და შეურაცხყოფების პირველი ნაკადი გივი თარგამაძეს ეკუთვნის.
2006 წელს კოდორისა და ჩხალთას ხეობების, მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილების დამცველ, ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომრებს მან „მკვდარი ვირთხები“ უწოდა.
სამშობლოს დამცველთა მიმართ ასეთი დაუფასებლობის პროპაგანდა მაშინ შეგნებულად მიმდინარეობდა. სხვას რას უნდა მიეწეროს მისი ქმედება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება ევალებოდა, გმირულად დაცემული კოდორელების მიმართ ასეთი ეპითეტები უნდა გამოეყენებინა?! დღეს ემზარ კვიციანი კი არა, გივი თარგამაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე და თვით საააკაშვილი უნდა იყვნენ დაპატიმრებულნი.
თარგამაძის გამონათქვამებს მაშინ არც გიორგი არველაძე ჩამორჩა. „ბანდიტთა ფეხქვეშ მიწა დაიწვება. ჩვენ გავცემთ ბანდიტებს ისეთ პასუხს, როგორსაც ისინი იმსახურებენ“, – ამბობდა იგი, რადგან თვით სააკაშვილი აცხადებდა: „ამ ყაჩაღებს მიწიდან ამოვთხრით... რომ მათ ვეღარ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა და ახალი მსხვერპლის გამოწვევაო“.
სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა მსგავსი გამოცდილება. მესტიაში, სოფელ ეცერაში აფრასიძეების წინაპართა ძვლების საფლავიდან ამოყრა და სოფლის ცენტრში ტომრებით დაყრა.
– რა მიზანი ამოძრავებდათ, ბატონო შოთა, სააკაშვილს და მის მეგობრებს?
– საქმე ისაა, რომ სცენარი, რომელსაც მიხედვითაც სააკაშვილის ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ახორციელებდნენ, მოსკოვში მომზადდა. როგორც ჩანს, პირველი ნაბიჯი „მონადირის“ გაუქმებას, ხეობაში ქართული საჯარისო შენაერთების შეყვანას და მოსახლეობის დასჯას ითვალისწინებდა, მით უფრო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას კოდორის ხეობა რუსებთან სავაჭრო საგნად ჰქონდათ უკვე გამიზნული. არსებობს ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობა 30 თუ 50 მილიონად გაიყიდა და ეს თანხა მილიონერ დერიპასკასგან იგორ გიორგაძემ მიიღო. ერთ ინტერვიუში კი გიორგაძემ თქვა: „ხელისუფლება რუსეთთან არის გარიგებული. არც გამოვრიცხავ, რომ რუსეთი თავიდანვე იყო ამ საქმის კურსში და გარკვეული ნაწილი რუსეთის ხელისუფლებიდან მონაწილეობდა ამაშიო“.
„სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ კოდორში ჯარს რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შეიყვანდა, რადგან ჯვართან დგას რუსეთის ჯარი. თავიდან ქართველებს უარი უთხრეს კიდეც... მერე პირდაპირ კრემლიდან მიიღეს მითითება და გაატარეს. ეს იყო ფარული გარიგების შედეგი“. – ამბობდა 2012 წელს ირაკლი ბათიაშვილი.
გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რუსეთთან გარიგება რომ არა, ოქრუაშვილი და მერაბიშვილი კოდორის ხეობას სოფელ ქვაბჩარამდე მარშით ვერ გაივლიდნენ.
რუსებთან შეთანხმების საფუძველზე ქვეყნის ხელმძღვანელობა, კოდორში ჯარის შეყვანის ფაქტით, თვით ჯარის სიძლიერის დემონსტრირების კამპანიას ეწეოდა და საქართველოს მოსახლეობას აჯერებდნენ, უახლოეს ხანებში აფხაზეთში შევალთო, რაც, ცხადია, სრული ბლეფი და ილუზია იყო.
– რას ამბობთ, ბტონო შოთა, სააკაშვილ-მერაბიშვილ-ოქრუაშვილი და იგორ გიორგაძეც იყვნენ ამ საქმეში გარეული?
– ემზარ კვიციანი, სანამ დააკავებდნენ, ამბობდა: ხეობიდან რომ ვერ გამომიყვანეს, მითხრეს – იგორ გიორგაძეს და ტარიელ ონიანს უნდა შენთან შეხვედრაო. გამიტყუეს ხეობიდანო.
აღსანიშნავია, იმ ხანებში ქალბატონი ნინო ბურჯანაძის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაც. იგი ოპოზიციას ამ საკითხის მიმართ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაში ადანაშაულებდა, რადგან ოპოზიცია მაშინ კოდორის „კრიმინალებთან“ გარიგებას და მოლაპარაკებას ითხოვდა და ბურჯანაძე ზოგიერთ მათგანს რუსეთიდან დაფინანსებულს ეძახდა.
მაგრამ საკითხავი ისაა, რა როლს ასრულებდა ამ ძნელბედობის ჟამს რუსეთის ყოფილი კაგებეს და ამჟამად ეფ-ეს-ბე-ს გენერალი, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია?
საიდან გაჩნდა რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, რომელმაც 50 მლნ გაიღო ამ საქმისთვის?
ამ კთხვებს თუ პასუხი გაეცა, ქალბატონი ბურჯანაძის მსჯელობა ოპოზიციური პარტიების რუსეთიდან დაფინანსების შესახებ საპნის ბუშტივით გაქრება.
თვით მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელქვეითები თემურ ალასანიასა და იგორ გიორგაძის დახმარებით, რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს მიერ შემუშავებულ გეგმას კოდორის ხეობაში ახორციელებდნენ.
რაც შეეხება თავად ემზარ კვიციანს, თუ იგი კრიმინალი, ბანდიტი და მძარცველი გახლდათ, სად იყო მართლმსაჯულება 2004-დან 2006 წლამდე.
– ბატონო შოთა, ტარიელ ონიანის და იგორ გიორგაძის ამ საქმესთან დაკავშირება რომელ წყაროებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი?
– თვით ემზარ კვიციანმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღწერა თავისი „გატაცების“ პროცესი: „ხეობიდან სააკაშვილის მეგობრებმა გამიტყუეს. რამდენიმეჯერ დამირეკა იგორ გიორგაძემ და ტარიელ ონიანმა, რომლებსაც, ვითომ, საუბარი უნდოდათ ჩემთან. გამიტყუეს ხეობიდან.
მათ რუსების პოსტზე უნდა შევხვედროდი, ნეიტრალურ ზონაში... დამირეკეს, აქ ვართ და გამოდიო. არც ერთი არ დამხვდა. დამხვდა სხვა. მითხრა, მანქანაში ჩაჯექი, გზაა აფეთქებული და ისინი ქვემოთ გელოდებიანო... გავყევით და დღემდე აქ ვართ. მერე დამიდგეს ტელევიზორი და მაყურებინებდნენ ნაძირალა გიორგი არველაძე როგორ მეძახდა მოღალატეს. ისინი მართლა მოღალატეები არიან... ჩემგან ხელისუფლებას მტრის ხატი უნდა შეექმნა“.
სააკაშვილსა და მის გარემოცვას იგორ გიორგაძესთან, რომელმაც ამ საქმიდან 17 მლნ მიიღო და ტარიელ ონიანთან ჰქონდათ კავშირი.
ზემოთ ქალბატონი ბურჯანაძის მისთვის ჩვეულ კაპას განცხადებაზე გესაუბრეთ, საქმე ისაა, რომ მას არც მაშინდელი განათლების მინისტრი კახა ლომაია ჩამორჩა. ის კოდორის დამცველებზე ამბობდა, რომ კოდორელები იყვნენ ღალატის კლასიკური მაგალითები, საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეები. „უნდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ აფხაზეთში კი არა, მიწიდან ამოვიღებთ კვიციანს და მიიღებს შესაბამის სასჯელს და მას დასჯის სახელმწიფო მთელი თავისი სიმკაცრით“, – ამბობდა მაშინ ლომაია, სოროსის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. უჩვეულოდ იყო გააქტიურებული განათლების მინისტრი, მაგრამ, ვგონებ, აქაც ოლეგ დერიპასკას 50 მლნ-ის გავლენა უნდა ყოფილიყო.
– ბატონო შოთა, გასაგებია, რომ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ კოდორის ოპერაციაში 50 მლნ აიღო, მაგრამ რა „მოიგო“ საქართველომ?
– ზემო კოდორში განხორციელებული ქმედებებით 1993 წლიდან 2005 წლის ჩათვლით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის № 1716 რეზოლუციით, ყველა ხელშეკრულება დაირღვა და ბრალი დაედო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში დაძაბულობის ხელოვნურად გაღრმავებაში.
ამ ლაქას ჩამორეცხვა სჭირდება. როგორ, რა მეთოდით და საშუალებებით? ჩემი აზრით, უნდა დაისაჯონ ამ დანაშაულის მთავარი მოქმედი პირები.
– ბატონო შოთა, უცხოელი დამკვირვებლები ვერ ხედავდნენ, რა ხდებოდა თავის დროზე კოდორში?
– კულუარული ინფორმაციით, კოფი ანანისა და პუტინის საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან რთული მდგომარეობა იყო, საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მიზნით, გაერო და დასავლეთ ევროპის შესაბამისი ორგანიზაციები რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ მანდატის გაგრძელებით მანიპულირებდა მთელი ამ გართულებების პერიოდში, სინამდვილეში კი პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯს არ დგამდა. მოქმედებდა ისე, რომ არ გაენაწყენებინა რუსეთი საქართველოს ინტერესების რამენაირად დაცვით. მოქმედებდნენ ისე, რომ ყველაფერი საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო ყოფილიყო.
ირანდა კალანდაძე
გაზეთი „საერთო გაზეთი“