reportiori.ge - გრიშა ონიანი: სტალინისთვის ძვირფასი გენერალი კონსტანტინე ლესელიძე განსაკუთრებით ეჯავრებოდა ნიკიტა ხრუშჩოვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:54
ინტერვიუ
გრიშა ონიანი: სტალინისთვის ძვირფასი გენერალი კონსტანტინე ლესელიძე განსაკუთრებით ეჯავრებოდა ნიკიტა ხრუშჩოვს!
ავტორი:
18 ივნისი, 2014. 16:47



სახელოვანი ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი კონსტანტინე ივანეს ძე ლესელიძე, რომელიც კავკასიის დაცვას ხელმძღვანელობდა, სრულიად ახალგაზრდა, 41 წლისა გარდაიცვალა. ლესელიძემ თავი ისახელა მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილებზე გამართულ ბრძოლებში... მანვე გაათავისუფლა ანაპა. ბერიასა და ლესელიძის ტანდემი კვაკასიისთვის გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჰიტლერისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა. საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი ირწმუნება, რომ სტალინს განსაკუთრებით უყვარდა ლესელიძე და რომ არა ბედის სიმუხთლე, მას მარშლობა არ ასცდებოდა.

 

– ბატონო გრიშა, მაინც რა კონკრეტულ ღონისძიებას მიმართა სტალინმა მეორე მსოფლიო ომში კავკასიონის დასაცავად?

 

– 1942 წლის 27 აგვისტოს სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც 46-ე არმიის სარდალი სერგაცკოვი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და მის ნაცვლად, 46-ე არმიის სარდლად დაინიშნა გენერალ-მაიორი კონსტანტნე ლესელიძე. ამ პერიოდში გერმანელებს უკვე დაკავებული ჰქონდათ სტრატეგიული ობიექტები კავკასიონზე და ვითარება ერთობ საგანგაშო გახდლდათ.

 

– ვისი ინიციატივით მოხდა ლესელიძის დანიშვნა არმიის სარდლად?

 

– სტალინის ინიციატივით! მისი გათვლით, ლესელიძის არმიის სარდლად დანიშვნას და კავკასიის ფრონტის ბერიასათვის ჩაბარებას სწრაფად უნდა შეეცვალა მდგომარეობა. 242-ე და 392-ე შენაერთები, გენერლების – ყურაშვილისა და სილაგაძის მეთაურობით, სრულიად ახალ საბრძოლო დავალებებს იღებდნენ დაკავებული უღელტეხილის დასაბრუნებლად და მტრის გასანადგურებლად. ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გენერალი გიორგი ყურაშვილი დაინიშნა საქართველოს სამხედრო კომისრად. იგი სისტემატურად სტუმრობდა ჩვენს სოფელში არსებულ საუცხოო წყლითა და ჰაერით დაჯილდოებულ აგარაკ „მუაშას“. ახალგაზრდები შევიკრიბებოდით და ჩამოვსხდებოდით მწვანე მინდორზე და გენერალი ყურაშვილი თავისი არაჩვეულებრივი ხმის ტემბრითა და გულმოდგინებით იხსენებდა ბრძოლის ეპიზოდებს. ჩემი მონათხრობის დიდი ნაწილი ამ წყაროებზეა აგებული, თუმცა, მისი მოგონებები შემდგომში მემუარულ ლიტერატურაშიც გამოჩნდა.

 

– ბატონო გრიშა, რა კონკრეტული დავალება მისცა სტალინმა გენერალ ლესელიძეს?

 

– გენერალ ლესელიძეს მაღალი სიხშირის ტელეფონთან უხმეს. სტალინმა მას ახალი თანამდებობა მიულოცა და განუცხადა: – „იცით, ამხანაგო ლესელიძე, როგორ იბრძოდა ნაპოლეონი ალპებზე? მან პირველმა გამოიყენა მიუვალ ალპებში არტილერია – სენ-ბერნარისა და სენ-გოტარდის უღელტეხილები გადალახა და ზურგში დაარტყა ცნობილ მარენგოში მელასის ავსტრიულ არმიას. თქვენც დაშლილი ზარბაზნები მწვერვალებზე უნდა აიტანოთ, იქ ააწყოთ და იქიდან დაარტყათ მტერს. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით!“

 

– ეს იყო ურთულესი ამოცანა და როგორ მოხერხდა იმოდენა ზარბაზნების კავკასიონის მიუვალ კლდეებზე ატანა?

 

– როგორც ყოველთვის, სტალინის სიტყვას საქმე მოჰყვებოდა – გაიცა განკარგულება კავკასიონზე 4 000 სახედრისა და 1 000 სახედრის გამყოლის მიწოდების თაობაზე. 1942 წლის პირველი სექტემბრიდან ხუთ ოქტომბრამდე უნდა მოექსოვათ 80 000 მეტრი სპეციალური ქსოვილი, რათა 30 000 ალპინისტისთვის თბილი ტანსაცმელი შეეკრათ. ასევე უნდა დამზადებულიყო: 15 000 ძერაყინი, 2 000 კლდის ჩაქუჩი, 50 000 წრიაპი, კავი, 30 000 მეტრი ალპინისტური წნული და გრეხილი თოკი, 1 600 000 ტრიკონი – ფეხსაცმლის ლანჩაზე დასაჭედებელი სამკბილა. უკლებლივ ყველა დავალება პირველი ოქტომბრისთვის შესრულებული იყო და ყველაფერი გაიგზავნა ფრონტზე. ჰიტლერის მიერ კავკასიის დაპყრობის გეგმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, შემაშფოთებელი იყო. ჰიტლერელებთან ერთად კავკასიონს უტევდა ჰიტლერის მიერ შეკოწიწებული და მსოფლიო პროპაგანდისათვის ესოდენ საჭირო „ქართული ლეგიონი“, რომელიც ბაქსანის ნაპირზე იყო გამაგრებული. უსასტიკეს მტერთან ბრძოლისათვის მომზადება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კავკასიის მწვერვალებზე მოსალოდნელი დიდთოვლობა ძალზე ართულებდა დაცვის პოზიციებს. სპეცბატალიონი, რომელიც სვანი ალპინისტებისა და მონადირეებისაგან იყო დაკომპლექტებული, განლაგებული იყო უკიდურეს სიმაღლეებზე, საიდანაც ზღუდავდნენ მტრის წინ წამოწევას. სვანების სპეცბატალიონს შეუერთდა ბერიას მიერ მოსკოვიდან ჩამოყვანილი 150 სნაიპერი, რომლებიც  მაყუჩიანი თოფებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი მამაც სვან მონადირეებთან ერთად ფხიზლად იცავდნენ კავკასიონის ყველა ბილიკს. მთავარი ბანაკიდან კავკასიონზე დაშიფრული დეპეშა მოვიდა, – მოითხოვდნენ, ბატალიონი და სხვა სამხედრო ნაწილები სასწრაფოდ დაშვებულიყვნენ ბარში და ზამთარი ბეჩოში გაეტარებინათ. მაგრამ მებრძოლებმა და მათმა მეთაურებმა გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ დირექტივას და ასევე დაშიფრული დეპეშით უპასუხეს ფრონტის სამხედრო საბჭოს, რომ დაკავებულ სიმაღლეებს არ დატოვებდნენ. ეს წინააღმდეგობა სამხედრო საბჭოსთვის გამაოგნებელი იყო. პასუხად იმავე დღესვე ბერიასგან დაშიფრული დეპეშა მიიღეს: „გამოგზავნილ დირექტივას არ ვამტკიცებთ. თქვენთან ჩამოვლენ არმიის სარდალი ლესელიძე და ბაქრაძე. ადგილზე შეთანხმდით და გადაწყვიტეთ ჯარების გამოზამთრების საკითხი“. სამი დღის შემდეგ ლესელიძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბაქრაძე (რომელიც ამავე დროს ფრონტის საბჭოს წევრიც გახლდათ) ბეჩოს მოადგნენ. გიორგი ყურაშვილმა (დივიზიის მეთაურმა) დეტალურად გააცნო უღელტეხილზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ, რომელიც კარგად ჩანდა ოპერატიულ რუკებზე.

 

–  როგორც ვიცი, ლესელიძე ბერიას მსგავსად ადგილზე გაეცნო სიტუაციას და პირადად დაათვალიერა ის მიუვალი ჭიუხები, სადაც სვანი მებრძოლები ცხოვრობდნენ.

 

– რუკების დათვალიერების შემდეგ გენერალმა ლესლიძემ ბრძანა – ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ საჭიროა ყველაფრის ადგილზე ნახვა! ბაქრაძემ მიუვალი ჭიუხებისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან კენჭის გავლის გამო ძლიერი ტკივილები ჰქონდა, ლესელიძე და ყურაშვილი კი, ორი დღის განმავლობაში გულდასმით ათვალიერებდნენ სვანი ალპინისტებისა და მონადირეების მიერ მოწყობილ გამოქვაბულებსა და მიწისქვეშა გასასვლელებს. ერთობ კმაყოფილმა და ამაყმა სარდალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს უნიკალური თავშესაფარი შექმნა და გამოთქვა რწმენა, რომ ამ განწყობითა და შემართებით ხალხი მალე გაანთავისუფლებს კავკასიას ჰიტლერელებისგან.

 

1943 წლის 7 მარტს ბერია კვლავ ჩამოდის კავკასიონზე და მარტის ბოლომდე რჩება ფრონტზე. მისივე ინიციატივით სტალინი მეორეჯერ აწერს დირექტივას ხელს კონსტანტინე ლესელიძის მე-18 არმიის სარდლად დანიშვნით თაობაზე.

 

– რას აკეთებდნენ ამ დროს ფაშისტები?

 

– ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. „ბლაუ III“ ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, რომელიც ითვალისწინებდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. „კავკასიური ნავთის გარეშე ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ!“ – ისტერიულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა, რომელიც მუსრს ავლებდა  ყველას და ყველაფერს. კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო. 5 დღის შემდეგ კი სტალინმა 1942 წლის 28 ივლისს გამოსცა ბრძანება № 227 – „არც ერთი ნაბიჯი უკან!“

 

– ბატონო გრიშა, ცნობილია, რომ სტალინს ლესელიძე ძალიან უყვარდა...

 

– კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლების დროს სტალინმა მოიკითხა ლესელიძე და გენშტაბის უფროს ვასილევსკის სთხოვა, მოეხსენებინა მის შესახებ. ვასილევსკიმ ძალზე ამაყად და სიხარულით ამცნო მთავარსარდალს, რომ „ლესელიძე ისე ხელმძღვანელობს საარტილერიო ბრძოლებს, როგორც დირიჟორი – ორკესტრს!“ მოკრძალებული, რაინდული თვისებებით შემკული, უაღრესად ნიჭიერი და სამხედრო საქმის დიდოსტატი გენერალი უკიდურესად პრინციპული პიროვნება გახლდათ. სტალინისათვის ძვირფასი კონსტანტინე ესელიძე განსაკუთრებით ეჯავრებოდა ნიკიტა ხრუშჩოვს!.. კანდიდ ჩარკვიანი იგონებს: „19434 წლის იანვარში, მოსკოვში ყოფნის დროს, კუნცევოს აგარაკზე სტალინთან მიმიწვიეს. როდესაც სტალინის სამუშაო ოთახის კარი შევაღე, მაგიდასთან ხრუშჩოვი იჯდა და გავიგონე ლესელიძის გვარი, რასაც მოჰყვა სიტყვები – მასთან მუშაობა შეუძლებელია“. როცა ხრუშჩოვმა ჩარკვიანი დაინახა, ლესელიძეზე საუბარი აღარ გაუგრძელებია, მაგრამ სუფრაზე, როდესაც ბიუროს წევრებიც შემოემატნენ, საუბარი სხვადასხვა საკითხზე გაიმართა. ჩარკვიანი აგრძელებს – სტალინმა ღიმილით შემომხედა და თითქოს რაღაც მაგრძნობინა. – „ქართველები ჩამორჩით, ამხელა ომში ერთი მარშალიც არა გყავთო!“.. – „მარშალი ჩვენ რომ გვყავს, ისეთი უნდა. ალბათ, მალე ნიკიტა სერგის ძეც წარმოადგენს მარშლობაზე ლესელიძეს და უკვე ორი მარშალი გვეყოლება!“ ამას ხრუშჩოვისაგან არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. ამ საუბრის შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლესელიძე გარდაიცვალა. საინტერესოა აკაკი მგელაძის ერთი მოგონება – „ომის შემდეგ რიწის ტბაზე სტალინთან ერთად ბაღში ვსეირნობდი. მან დიდი სიამაყით და სიყვარულით გაიხსენა სახელოვანი მარშლები: ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი და მათ შორის მოიხსენია კონსტანტინე ივანეს ძე ლესელიძე. მომიბრუნდა და მითხრა – „მე მას ფრონტის სარდლობა შევთავაზე, არ დამთანხმდა!“ სტალინს არაერთხელ მოუხსენებია კონსტანტინე ლესელიძე საბჭოთა კავშირის მარშლებისა და ფრონტის ხელმძღვანელთა შორის.

 

P. S. ავადსასხენებელ 90-იან წლებში, როცა პატიოსანი ქართველი კაცის ცოდვით ცა და დედამიწა იწვოდა, გურიაში გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სოფელში, შარაგზის ყაჩაღებმა და უსამშობლო ადამიანებმა დიდი მხედართმთავრის სახლი ფიცარ-ფიცარ გაძარცვეს და მოიპარეს. ესეც, ალბათ, ჩვენი ისტორიაა – სამარცხვინო, საშინელი და შემაძრწუნებელი.

 



ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016