საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, იქ, სადაც მეორე ტური გაიმართება, „ქართულ ოცნებას“ 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.
„მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ 67.6 %-ით იქნება წარმოდგენილი, დანარჩენი პარტიები 20%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ -13%-ით. ეს არის საბოლოო შედეგი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვეთ. ნაცებმა, რომლებსაც საკუთარი თავის ძირითად კონკურენტად წარმოჩენა სურს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ქვეყნის მასშტაბით ვერცერთ თვითმმართველ ქალაქში ვერცერთი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლეს, მათ შორის თბილისში. 21 ოლქიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 6 ოლქში დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა პრემიერმა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხემძღვანელმა ზვიად ტომარაძემ „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნა, არჩევნები მთლიანობაში ობიექტურად ჩატარდა და ის მცირე დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პროცესში, საერთო სურათს ვერ შეცვლიდა.
„თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნების დროს ხმების მოპარვაზე აპელირებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები მთლიანობაში ობიექტურად ჩატარდა და ის მცირე დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პროცესში, საერთო სურათს ვერ შეცვლიდა. ქართული პოლიტიკური კონტინგენტისთვის უმჯობესი იქნება თუ გააცნობიერებენ, რომ მარცხის ღირსეულად აღიარება გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე გაყალბების მიზეზით თავის მართლება და სამომავლოდ, წაგების მიზეზთა ანალიზსა და მათი გამოსწორების გზებზე იმუშავებენ. რამ განაპირობა ამომრჩევლის დაბალი აქტივობა? მიზეზი მარტივია, ეს იყო საზოგადოების ერთგვარი პროტესტი ხელისუფლების წელიწადნახევრიანი არაეფექტური მმართველობის მიმართ, პირველ რიგში , ქვეყანაში სამართლიანობის არაღდგენის გამო. ვერაფრით დავეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გუშინ არჩევნებზე დაბალი აქტივობა ხელისუფლების ნაკლებ აქტიურობას დააბრალა და ამომრჩევლისგან არანაირი სიგნალი არ მიგვიღიაო. აუცილებელია საკადრო შემადგენლობის მნიშვნელოვნად გადახალისება. მოგვწონს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 85 326 ხმა აიღო, სამწუხაროდ „დანაშაულებრივი რეჟიმი“ კვლავ მყარად ინარჩუნებს მეორე ადგილს ქართულ პოლიტიკაში. ერთი წლის შექმნილი პარტიისთვის ძალიან კარგი შედეგი აჩვენა „პატრიოტთა ალიანსმა“. მივესალმები ალექსანდრე ელისაშვილის საკრებულოში მოხვედრას. მიმაჩნია, რომ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებს, ჯერ ერთი მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და მეორეც, თავისუფალია პარტიული წნეხისგან“, - განგვიცხადა ტომარაძემ.