დღეს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია დარღვევებთან დაკავშირებით „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სარჩელებს განიხილავდა. როგორც „თავისუფალი საქართველოდან“ „რეპორტიორს“ აცნობეს, საოლქო კომისიამ ათეულობით სარჩელიდან მხოლოდ ოთხი განიხილა და ყველა მათგანის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
„აღნიშნულმა ფაქტმა „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ იმ მომხრეების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც უკვე 2 დღეა აპროტესტრებენ ხელისუფლების მხრიდან ახალაქალაქში არჩევნების გაყალბების მცდელობას. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც. ამ წუთისთვის ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მთელ პერიმეტრს პოლიციის და უშიშროების სამსახურები აკონტროლებენ - პერიმეტრი პოლიციის ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ხოლო საოლქო კომისიის წევრები კონტრდაზვერვის სამსახურის შენობაში არიან გადაყვანილნი.მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება პოლიციისა და უშიშროების სამსახურების დახმარებით ხელოვნურად ცდილობს ვითარების დაძაბვას და ოპოზიციის წევრების მასობრივი დაკავებისათვის ემზადება“, - იტყობინებიან კოალიციიდან.