reportiori.ge - თამარ არღვლიანი: პირდაპირ ვადანაშაულებ დათა ახალაიას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:19
პრეს-დაიჯესტი
თამარ არღვლიანი: პირდაპირ ვადანაშაულებ დათა ახალაიას!
ავტორი:
18 ივნისი, 2014. 22:59



თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის გამოძიების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემზარავი დანაშული გახსნა – მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ზუსტად იმავე ხელწერით არის მოკლული, როგორც ოფიცერი ქარდავა. დანაშაულის ჩამდენიც იგივე პირია – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

დათო ცინდელიანი ქუთაისიდან გაიტაცეს და შამათავას ბათუმში ჩაუყვანეს. შამათავამ ცინდელიანი, პაატა ქარდავას მსგავსად, კატერით ზღვაში  ერთი გასროლით მოკლა, ცხედარს ფეხზე რკინა-ბენტონის კონსტრუქცია მოაბა და წყალში გადააგდო.

 

შამათავა დათო ცინდელიანსაც იგივე ბრალდებას უყენებდა, რასაც პაატა ქარდავას – თითქოს იგი აფხაზ სეპარატისებთან აგენტურულად თანამშრომლობდა!

 

მოკლული დათო ცინდელიანის მშობლებმა და ახლობელ-ნათესავებმა გასულ კვირას ზუგდიდში, ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ნაციონალების გამგებლობის კანდიდატთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსთან თენგიზ გუნავასთან შეხვედრას ითხოვდნენ. გუნავა ცინდელიანის ჭირისუფალს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდა, რაც საპროტესტო აქცია დაიშალა, მაგრამ რა საუბარი შედგა სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსსა და მოკლული ცინდელიანის ოჯახის წევრებს შორის, დღემდე არ ხმაურდება.

 

თუმცა, დათო ცინდელიანის დედა, ქალბატონი თამარ არღვლიანი „ასავალ-დასავალს“ ექსკლუზიურად ესაუბრება და გუნავასთან გამართული საუბრის რამდენიმე დეტალსაც უმხელს.

 

– ქალბატონო თამარ, ენდობით გამოძიების ოფიციალურ ვერსიას№

 

– რა თქმა უნდა, ვენდობი! ჯერ კიდევ 2010 წელს გაიჟღერა ვერსიამ, რომ დათო ზღვაში გადააგდეს. თქვენს გაზეთშიც დაიწერა ამის შესახებ და ნანა ლეჟავამ ტელევიზიითაც გააშუქა. მიუხედავად ამისა, მაინც მეგონა, რომ ჩემს შვილს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდნენ, რადგან სრულიად უდანაშაულო იყო.

 

ნაციონალების დროს 6 გამომძიებელი გამოიცვალა ჩემი შვილის საქმეზე და ყველა მათგანი გვეუბნებოდა – ლეგენდაა, რომ თქვენი შვილი  ზღვაში გადააგდეს, ამ ზღაპრის როგორ გჯერათო? არ უნდოდათ ამ საქმის გამოძიება და სულ გვიამედებდნენ, დათო ცოცხალიაო.

 

ხელისუფლება რომ შეიცვალა,ახალ მთავრობას ჩვენ ბევრი სამხილი გადავეცით, დავუსახელეთ ის პიროვნებები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ გარეულნი და  მადლობელი ვარ დღევანდელი მთავრობის, რომ ეს გაყინული საქმე გამოიძიეს!

 

– აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის რომან შამათავას გარდა, კიდევ ვინ არის გარეული თქვენი შვილის გატაცებასა და მკვლელობაში?

 

– შამათავა ჩემი შვილის გატაცებას და მკვლელობას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდა, თავისი ზემდგომებისაგან რომ არ ჰქონოდა დავალება. სატყეო დეპარტამენტის უფროსებს ჭკადუასა და მამინაშვილს უბრძანეს, ცინდელიანი როგორმე ქუთაისამდე ჩამოიყვანეთო. ამიტომაც მოიწვიეს თათბირი და ჩემი შვილი დაიბარეს. მამინაშვილს დედაშვილურად ვთხოვდი, მითხარი, ვინ დაგავალა დათოს ქუთაისში ჩამოყვანა-მეთქი? – ის კი მეუბნებოდა, არავის დაუვალებია, თათბირი ჩვენით მოვიწვიეთო, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ გამოძიებამ რომ დაჰკითხა, მამინაშვილმა აღიარა – თათბირი დათა ახალაიას ბრძანებით მოვიწვიეთ და დათო ცინდელიანიც მისივე ბრძანებით ჩამოვიყვანეთ ქუთაისამდეო.

 

ჩემი შვილი თბილისში, „მოდულის“ შენობაში უნდა მიეყვანათ, მაგრამ გზაში თავის ხალხს დაურეკა დათა ახალაიამ და უბრძანა, ბათუმში ჩაიყვანეთ და შამათავას ჩააბარეთო!

 

– ე.ი. თქვენ დათა ახალაიასაც ადანაშაულებთ თქვენი შვილის გატაცებასა და მკვლელობაში?

 

 – რა თქმა უნდა, პირდაპირ ვადანაშაულებ დათა ახალაიას და მან უნდა თქვას, ვინ დაავალა ჩემი შვილის გატაცება და მკვლელობა, მერაბიშვილისაგან მოდიოდა ეს ბრძანება თუ სააკაშვილისაგან?!

 

ჩემი შვილის გატაცებისა და მკვლელობის დამკვეთები და შემსრულებლები, ყველა, ვინც ამ საქმეშია გარეული, კანონის მთელი სიმკაცრით თუ არ დაისჯებიან, ამას ძალიან ცუდი ამბები მოჰყვება! მთელი სვანეთი გვერდით მიდგას და დათოს სისხლს არავინ შეარჩენს ნაციონალებს!

 

დიახ, მოვითხოვ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობა მიიღო!

 

– ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, რეალურად რას შეეწირა თქვენი შვილის დათო ცინდელიანის სიცოცხლე?

 

– ჩემი შვილი ნაციონალებთან დაპირისპირებას შეეწირა! დიახ, 2008 წლის ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კოდორის ხეობიდან რომ გამოვიდნენ, მათ დათო გადაყრია და შელაპარაკება მოსვლია,ხეობა ტყვიის გაუსროლელად რატომ ჩააბარეთ რუსებს და უმწეო მოხუცები და ბავშვები უპატრონოდ რატომ მიაგდეთო? ამ შელაპარაკებიდან სულ ცოტა ხანში ჩემი შვილი გაიტაცეს და მოკლეს!

 

– კონკრეტულად ვისთან მოუვიდა კამათი?

 

– კონკრეტულად ვინ იყვნენ, ჩვენ არ ვიცით! სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უშიშროების მაღალჩინოსნები ყოფილან.

 

მთელმა სვანეთმა, მთელმა საქართველომ, მთელმა უნივერსიტეტმა, სადაც დათო სწავლობდა, იცის, რომ ჩემი შვილი სამშობლოს უანგარო პატრიოტი იყო!.. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, სრულიად უდანაშაულოდ მომიკლეს, მხეცურად და არაადამიანურად, ისე, რომ მისი საფლავიც არა მაქვს (ტირის. ჯ.ხ.)!

 

ეს უსინდისო ნაციონალები, ეს კაცისმკვლელები კიდევ როგორ იღებენ ხმას?! როგორ შეიძლება ესენი კიდევ პოლიტიკაში იყვნენ და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ?!

 

– თქვენ ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მოაწყვეთ და შემდეგ პირისპირ შეხვდით გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავას. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ესაუბრეთ?

 

– გუნავა პოლიტიკურ ამბავს მიაწერს ჩვენს გამოსვლებს, მაგრამ მას რამდენჯერმე გავუმეორე, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, მე, გამწარებული დედა, სამართალს ვეძებ-მეთქი... დიახ, გუნავას პირდაპირ ვუთხარი, ჩვენი რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსი იყავი, კაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ერთხელ რატომ არ მოგვაკითხე, შენც ეჭვმიტანილი ხარ, რომ ამ დანაშაულში მონაწილეობდი-მეთქი!

 

გუნავა თვითონ ყველაფერს უარობს, მაგრამ მე ახლა არ მინდა დაგიკონკრეტოთ, რა სიტყვებით და რა პირობით დავშორდით ჩვენ ერთმანეთს!...

 

– და ბოლოს, ქალბატონო თამარ, სანამ რამდენიმე დღის წინათ შინაგან საქმეთა სამინისტრო დათო ცინდელიანის საქმეს გახსნილად გამოაცხადებდა, გულის სიღრმეში მაინც გქონდათ პატარა იმედი, რომ თქვენ შვილი, შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო?

 

 – სააკაშვილის მთავრობისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რომ უდანაშაულო ბიჭს ასე გაწირავდნენ! ვინ იცის, კიდევ რამდენი უბედურება აქვთ ჩადენილი და ჩემსავით რამდენი ოჯახი დაღუპეს და გაამწარეს! ყველაფერი უნდა გაირკვეს და ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016