reportiori.ge - დაბრუნება სასაკლაოზე: „გირგვლიანი 2“-ის სკანდალური ინტერვიუ. "იმ 15 კაციდან ბევრი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა"...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:20
პრეს-დაიჯესტი
დაბრუნება სასაკლაოზე: „გირგვლიანი 2“-ის სკანდალური ინტერვიუ. "იმ 15 კაციდან ბევრი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა"...
ავტორი:
19 ივნისი, 2014. 03:27



მივხვდი, რას ნიშნავდა ცემით სიკვდილი

 

 

ნეტავ, რა დედებმა შობეს ეს კაციჭამიები?!

 

დედა სულ იმას ამბობდა, წავალ, სანდროს დედას დაველაპარაკები, მინდა ჩემი ამბავიც ვუთხრაო..."

 

 

ეს ამბავი გახმაურებული ოქროყანის პრელუდია აღმოჩნდა გირგვლიანისა და ბუხაიძის გატაცებამდე სამი თვით ადრე, 2005 წლის 5 ოქტომბერს, ოქროყანის სასაფლაოზე კუდ-ის მაღალჩინოსნებმა ორი მეგობარი ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი აწამეს. თბილისის საქალაქო სასამართლო გირგვლიანი-ბუხაიძის საქმესთან ერთად აბულაშვილი-დაბრუნდაშვილის საქმესაც განიხილავს. ამ ორი ეპიზოდის გაერთიანება იმიტომ მოხდა, რომ მათში თითქმის ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ... პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა, ასევე ბრალი წარედგინათ ამავე დეპარტამენტის უფროსს დავით ახალაიასა (დაუსწრებლად) და მაღალჩინოსნებს: გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს. 

 

ირაკლი ნადარეიშვილი, პროკურორი: 

 

შემთხვევის ადგილი, დასჯის მეთოდი, ყოველივე საერთო ხელწერაზე მიუთითებს. დაბრუნდაშვილი და აბულაშვილი კუდ-ის მაღალჩინოსანმა ვალერიან მეტრეველმა დათა ახალაიას დავალებით შინიდან გაიტყუა, შემდეგ მეგობართან ერთად კუდ-ის თანამშრომლებმა ტაბიძის ქუჩიდან მოიტაცეს და ოქროყანაში აიყვანეს, სადაც მათ ახალაია, ალანია, მელნიკოვი და მეტრეველი ელოდნენ. დანარჩენი პირების ვინაობას ადგენენ... თავის დროზე, აბულაშვილმა უარი განაცხადა განცხადების დაწერაზე. მას არც ახლა შემოუტანია საჩივარი. როდესაც მიმდინარეობდა გირგვლიანის ეპიზოდის გამოძიება, პროკურატურისთვის დოკუმენტების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური რამ მოხდა 2005 წლის ოქტომბრის დასაწყისში. დადგინდა იმ პირის ვინაობაც, ვინც მოიტაცეს. აბულაშვილი დაიბარეს, მან გამოძიებას ჩვენება მისცა. საქმეში გვაქვს აბულაშვილის მეგობარი გოგონას, ..-, ჩვენებაც, რომელსაც აწუხებდა დათა ახალაია და ვის გამოც გაიტაცეს აბულაშვილი. საქმეში ფიგურირებს დაახლოებით კუდ-ის 15 თანამშრომელი, თუმცა, გამოძიებით დადგენილია მხოლოდ ოთხი მათგანი. მათგან ორი (მელნიკოვი და მეტრეველი) პასუხისგებაშია მიცემული.

 

ვამეხ აბულაშვილი, დაზარალებული: 

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს მეგობარ გოგონას ვინმე დათო აწუხებდა, ურეკავდა და მის დაყოლიებას ცდილობდა. როცა ძალიან შეწუხდა, ყველაფერი მიამბო. მეც ისევე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქართველი კაცი, გადავწყვიტე, დათოს დავლაპარაკებოდი. ჩემი მობილურით დავურეკე, ეს გოგონა ჩემი მეგობარია და ნუ აწუხებ-მეთქი (გოგონა ვარკეთილში ცხოვრობდა და მეგონა, ბიჭიც მისი უბნელი იყო). ვიღაცამ მიპასუხა, დათო მინისტრთან არის შესულიო. ვიფიქრე, მაშაყირებს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დათომ დამირეკა, ვინ ხარ და რა გინდაო. ვუთხარი, გოგოს შეეშვი-მეთქი, მაგრამ უკმეხად მიპასუხა: ბიჭო, შენ შიგ ხომ არა გაქვსო, მეც დავუბრუნე პასუხი და ისე დაიძაბა საუბარი, რომ გინებაზე გადავედით. მეგონა, ვინმე ვარკეთილელ დათოს ვაგინებდი. მერე გავიგე, ვინც იყო. გაირკვა, რომ დათა ახალაია ვარკეთილში ცხოვრობდა, ვიდრე გადიდკაცდებოდა და ჩემი მეგობარი გოგონა ადრე მოსწონდა. ჩვენი სატელეფონო საუბარი ალავერდობას შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ, 5 ოქტომბერს, დამირეკეს და იმხანად უმუშევარ ადამიანს ვიღაც მეუბნება, მოდულში უნდა მობრძანდეთ, ქრთამის საქმეა გასარკვევიო. რა ქრთამი, რაღაც გეშლებათ-მეთქი. ერთი სიტყვით, მოდულში მისვლაზე უარი ვუთხარი. ცოტა ხანში ისევ დამირეკეს და იგივე ხმა მეუბნება, შენ თუ არ მოდიხარ, მე მოვალ, რაღაცებს გკითხავ და ეგებ გაუგებრობა დასრულდესო. დავთანხმდი და შეხვედრა დავთქვით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ძველი მერიის გვერდით (იმ დროს ჩემს მეგობარ კახა დაბრუნდაშვილთან ვიყავი სახლში და იმ ქუჩაზე ამიტომ დავიბარე). დათქმულ ადგილას მე და კახა ერთად გამოვედით. ამ დროს ზარი შემოვიდა მობილურზე. ვუპასუხე და თან ვხედავ, ვიღაც მობილურით ჩემკენ მოდის (როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ვალერიან მეტრეველი, კუდ-ის მეხუთე სამმართველოს უფროსი). მომიახლოვდა და მკითხა, თქვენ ხართ აბულაშვილიო, თან ხელში ნერვიულად ათამაშებს ტელეფონს. მეტრეველმა ვიღაც ტიპებს ჩემზე ანიშნა, ეს არისო, ისინიც მეცნენ და მანქანისკენ გამაქანეს. არც მაცალეს, მეკითხა, რა გინდათ-მეთქი. მერე მეტრეველმა კახაზე ბრძანა, ესეც წამოიყვანეთო. ცემა-ტყეპით ჩაგვყარეს ძველ მერსედესში და წავედით. გზაში ვიმეორებდი, ვამეხი არა ვარ, მისი ძმაკაცი ვარ, თვითონ ვერ გამოვიდა, მე გამომგზავნა და რა გინდათ მისგან-მეთქი. პურის მოედანზე იმდენი იტრიალეს, პატრულმა გააჩერა. მძღოლის გარდა, წინ ორი, უკანაც, აქეთ-იქით, ორი თანამშრომელი გვეჯდა. პატრულს უხსნიდნენ, ვინც იყვნენ, მაგრამ ის მაინც არ უშვებდა. მერე სადღაც დარეკეს და პატრულს ვიღაც მაღალჩინოსანი დაალაპარაკეს. მან ჩვენი მანქანის გაშვება უბრძანა. რომ არა ეს, იმ ტყიდან ალბათ ცოცხლები ვეღარ გამოვიდოდით...

 

რას გულისხმობთ? 

 

პატრულმა უთხრა ერთ-ერთს, მთაწმინდის პოლიციის უფროსს დაელაპარაკეთო. ჯერ უარობდნენ, მაგრამ მერე დაელაპარაკნენ და, როგორც ჩანს, მან უთხრა, ვინც გყავთ, მათი ვინაობა უნდა ჩავიწეროთო. ჩაიწერეს და, ალბათ, ამან გადამარჩინა ანუ გაირკვა, რომ აიყვანეს ვიღაც ტიპები და ჩვენი გვამები რომ ეპოვათ, ეს საქმე გასკდებოდა. მერე, ალბათ, გირგვლიანივით ჩვენც დაგვაბრალებდნენ, გარჩევებს შეეწირნენ, მეგობრებმა ერთმანეთი დახოცესო. სანამ პატრულს ელაპარაკებოდნენ, საჭესთან მჯდომმა მანქანაში შუქის ასანთებს თითი მიაჭირა და იქიდან ერთი აბი, სავარაუდოდ, სუბოტექსი ჩამოაგდო. ალბათ, რომ დასჭირვებოდათ, ჩაგვიდებდნენ და იტყოდნენ, წამალზე დავიჭირეთო. 

 

ოქროყანამდე საწვავი გაუთავდათ და იმის ჩასხმას მოუნდნენ. ფუნიკულორისკენ ავდივართ და მარჯვენა მხარეს, ავტოგასამართ სადგურთან (სადაც სამი თვის შემდეგ ბუხაიძემ შეაფარა თავი), ჯიპი დაგვხვდა და მისმა მძღოლმაჩვენს გამტაცებლებს რაღაც ანიშნა, გადავუხვიეთ და მანქანა სასაფლაოსთან გაჩერდა. გადმოგვყარეს გაკოჭილები, თავი ამაწევინეს და... 

 

ჩემ წინ დგანან დათა ახალაია (რომელსაც ტყავის გადაჭრილი ხელთათმანი ეცვა და ჩვენს საცემად მომართული ხელებს იფშვნეტდა), ოლეგ მელნიკოვი და გია (გერონტი) ალანია. მაშინ ახალაიას გარდა, სახეზე არც ერთს არ ვიცნობდი, გირგვლიანის ამბების მერე რომ ვხედავდი ტელეეთერში, დანარჩენების სახეები მაშინ აღვიდგინე. 

 

ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ერთი აქ დატოვეთ, მეორე ქვევით ჩაიყვანეთო. კახაზე იკითხეს, ეს ვინ არისო? კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა... ჯერ ალანიამ დამიწყო ცემა, თავში იარაღის ტარი ჩამარტყა, მერე ქვევით ჩამიყვანეს, კახა ზემოთ დატოვეს. ხელები გამიკავეს და დაჩოქილს ახალაიამ სახეში წიხლები მირტყა. 
ეს სწორედ იმ ადგილას ხდება, სადაც შემდეგ გირგვლიანსა და ბუხაიძეს გაუსწორდნენ. დაახლოებით 15 კაცი იყო, თავის მოტრიალებისა და ყველას დანახვის საშუალება არც მქონდა.

 

ახალაიამ აგიხსნათ, რის გამო გსჯიდათ?

 

მითხრა, შენ იცი, ვინ ვარ, ბიჭო, რას მებლატავებიო და მხეცად იქცა, სახეში წიხლი ჩამარტყა, ყირა გამაკეთებინა, ამის შემდეგ სხვებმაც მირტყეს და რა მირტყეს... მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა ცემით სიკვდილი. მეც არ ვჩერდებოდი, სადამდეც შემეძლო, ვაგინებდი და ისინიც არ ჩერდებოდნენ, მირტყამდნენ წიხლებსა და იარაღის ტარს. ხუთჯერ დავკარგე გონება. მერე ჩემი მეგობარი ჩამოიყვანეს, კახამ საშინელ მდგომარეობაში რომ დამინახა თავგასიებული, დასისხლიანებული და დალეწილი, სისხლის მოწმენდა დამიწყო, იყვირა, რას შვრებით, კლავთო? მერე, როგორც იქნა, დაიღალნენ ჩემი ცემით. ახალაიამ მითხრა, ქალებს თავი დაანებე და შენს საქმეს მიხედეო, თან დამემუქრა, ამას თუ გააბაზრებ, შენც და ყველა შენიანს გაგტრუპავთო. მაშინ მივხვდი, რომ დათა ახალაია ის ვარკეთილელი დათო იყო... იმასღა ვფიქრობდი, ნეტავ მალე დამთავრდეს ეს წამება-მეთქი. როცა ახალაიამ გული მოიოხა, თამაში დაიწყო, ხელში იარაღი შეათამაშა და გვეუბნება, ჰა, რომელი მოხვალთ პირველიო. 

 

კახამ უთხრა, ამის სიკვდილს არ მაყურებინო, პირველი მე მესროლეო. ახალაიამ იარაღი ასწია, გაისროლა და ტყვიამ ყურთან გამიწუილა... 

 

ბოლოს, როგორც იქნა, თავი დაგვანებეს... 

 

იმდენად შოკირებული ვიყავი, მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ წავიდნენ. ვფიქრობდი, ალბათ, ვინმე დატოვეს, რომელიც გვესვრის და მერე ჩვენს კვალს გააქრობს-მეთქი. როცა დავრწმუნდით, რომ წავიდნენ, ნელ-ნელა გამოვედით ტყიდან. სიარული არ შემეძლო, მეგობარი მეხმარებოდა. კახამ გააჩერა მანქანა და ღუდუშაურის კლინიკაში წამიყვანა. დამიდგინეს მძიმე ტვინის შერყევა, მქონდა უამრავი იარა და სისხლნაჟღენთი სახისა და გულ-მკერდის არეში.

 

ამ ამბის შემდეგ ახალაიას ხომ აღარ უცდია იმ ქალთან ფლირტის გაგრძელება?

 

მას შემდეგ ახალაიას ის ქალი აღარ შეუწუხებია...

 

სამი თვის შემდეგ იმავე ადგილას დატრიალდა გირგვლიანის ტრაგედია. რატომ მას მერე მაინც არ გაახმაურეთ თქვენი ამბავი, რაც ირინა ენუქიძემ დაიწყო შვილის მკვლელებთან ბრძოლა?

 

მე რომ რამე მეთქვა, საფრთხეში ჩავაგდებდი ჩემს ოჯახსა და მეგობარს. დარწმუნებული ვარ, მართლა გამაქრობდნენ. თუმცა, იმის განცდა არ მასვენებს, ხმა რომ ამომეღო, იქნებ სანდროს ამბავი აღარ მომხდარიყო, იქნებ გადაგვერჩინა ის ბიჭი. არასოდეს მტოვებს ამაზე ფიქრი, გულში ხინჯად მაქვს... ამ მხეცებს ოქროყანა სასაკლაოდ ჰქონდათ გადაქცეული. შავბნელ საქმეებს სჩადიოდნენ და თუ ცოცხალი გადარჩებოდიღვთისთვის მადლობა უნდა შეგეწირა. ეს ამბავი არც ახლა გამჟღავნებულა ჩემი ინიციატივით, შარშან, დეკემბერში, პროკურატურიდან დამირეკეს, მივედი და ჩემს საქმეზე ტომები დამახვედრეს, ჩვენება მოგვეციო. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო. თავის დროზე რომ მეჩივლა, როგორც გირგვლიანის შემთხვევაში, რამდენიმე დამნაშავეს ვითომ დასჯიდნენ, მერე გამოუშვებდნენ, მაგრამ მე რომელ საკანში დამალპობდნენ, ან რომელ ტყეში იპოვიდნენ ჩემს გვამს, კაცმა არ იცის.

 

ახლა რატომღა იკავებდით თავს?

 

რატომ და, იმ 15 კაციდან ბევრი ჯერ კიდევ თანამდებობებზეა... 
როდესაც გამეტებით მცემდნენ, იცით, რა ვიგრძენი? ცდილობდნენ, ახალაიასთვის მოეწონებინათ თავი. ნეტავ, რა დედებმა შობეს ეს კაციჭამიები?! არ დამავიწყდება ერთის სახე, გვერდით მედგა და ჩემი ხელი ეკავა. გამეტებით მტენიდა თვალში იარაღს, თან ახალაიას უყურებდა, თავს აწონებდა ის ნაძირალა. ავხედე და ვუთხარი, რა ცხოველი ხარ, რა დედამ გაგზარდა-მეთქი. 

 

ეს იყო უმძიმესი ტრაგედიაგახსენებაც კი მზარავს. ეს ამბავი მხოლოდ ჩემიანებმა იცოდნენ. ექვსი თვის შემდეგ დედა ნერვიულობისგან სიმსივნით დაავადდა და გარდამეცვალა. სულ იმას ამბობდა, წავალ, ირინა ენუქიძეს დაველაპარაკები, მინდა ჩემი ამბავიც ვუთხრაო, მაგრამ ავად გახდა და ვეღარ შეძლო, თან მუდმივად ჩემი დაკარგვის შიში ჰქონდა. 

 

ნანა ფიცხელაური

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016