პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის მშობლიურ სოფელ კავთისხევის საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მონაცემები თითქმის ყველა გრაფაში მცდარი აღმოჩნდა. „სამართლიანი არჩევნების" კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინეს. საჩივრის ავტორები ამბობენ, რომ პროპორციულ, მაჟორიტარულ და გამგებლის არჩევნების ოქმების მონაცემებით, უბანზე მისულ ამომრჩეველსა და დაფიქისრებულ ჯამურ შედეგებს შორის სხვაობა დიდია. ბიულეტენების რაოდენობა მეტი აღმოჩნდა.
კასპის საოლქო კომისიამ ბიულეტენები ხელახლა გადათვალა. რაიონის გამგებლის არჩევნების ოქმში 5 გრაფა იყო შეცდომით. პროპორციული არჩევნების ოქმში კი მონაცემები გადაშლილი და გადასწორებული ჩანს. რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, თუკი წერია, რომ უბანზე 533 ამომრჩეველი მივიდა და ამდენივე ბიულეტენი გაიცა, ყველა კანდიდატის შედეგების შეჯამებით და ბათილაც ცნობილი ბიულეტენების დამატებით, 542 გამოვიდა.
„რა ვქნათ, იმ დღეს დღეობა ყოფილა სოფელში, დამთვრალან და ისე დაუთვლიათ შედეგები", - განუცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს. „დამნაშავე" საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს შესაბამისი სახდელები (ხელფასის 10%-ით დაქვითვა) დაედოთ. ოქმები კი საოლქოში „დააბალანსეს".
წინასაარჩევნო პერიოდში, შეხვედრების დროს, დავით ონოფრიშვილი თანასოფლელებს ეუბნებოდა, რომ 15 ივნისს, კავთურობის დღესასწაული გამარჯვებით დღის ბოლოს აღენიშნათ.