ადვოკატი მირიან ნიკოლაძე როლანდ ახალაიას მხრიდან უნივერმაღ „ზუგდიდის" ქანთარიასა და ცხადაიასთვის წართმევის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ქანთარიასა და ცხადაიას უნივერმაღი „ზუგდიდი" წაართვეს, გრიფი „საიდუმლოს" ქვეშ მოექცა აღნიშნული ობიექტი. ამასთან დაკავშირებით ნიკოლაძემ გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„გრიფი „საიდუმლო" ამ საქმეს ბაჩო ახალაიამ დაადო, ის მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო. მამამ ქონება წაართვა, შვილმა გრიფი „საიდუმლო" დაადო უნივერმაღს, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას. ჩნდება კითხვა - რისთვის?"- განაცხადა ნიკოლაძემ.
ადვოკატი განმარტავს, რომ სამი თვის წინ მან თავდაცვის სამინისტროს გრიფის „საიდუმლოს" მოხსნით მიმართა, მაგრამ სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, უნივერმაღში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ზონდერბრიგადების" მომზადების ცენტრი იყო გახსნილი და აქვე ინახებოდა იარაღიც.
„გახსოვთ, ალბათ, კასრებში დაარქივებული ვიდეომასალები რომ აღმოაჩინეს. მე პირადად, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და ყველა ზუგდიდელი გეტყვით, რომ ამ უნივერმაღსაც იგივე დანიშნულებით იყენებდნენ. იქ პირველ სართულზე გახსნეს სატრენაჟორო დარბაზი, სადაც საპარლმენტო არჩევნების წინა პერიოდში მთელი ზუგდიდის „ზონდერბრიგადები" იწვრთნებოდნენ, ათლეტური მომზადების ცენტრი იყო. ამასთანავე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ უნივერმაღში ინახებოდა იარაღი და მაღალი ალბათობით, იქ იყო დაარქივებული მასალებიც. ზუგდიდში ყველამ იცის, რომ ათასი უბედურების საცავი იყო ეს უნივერმაღი. სამი თვის წინ მე მივმართე თავდაცვის სამინისტროს, რომ მოვხსნათ ამ საქმეზე გრიფი „საიუდმლო", მაგრამ მათგან პასუხი არ მიმიღია და რა ვქნა, რა ენაზე ველაპარაკო ახლა?"- აცხადებს ინტერვიუში მირიან ნიკოლაძე.