ადვოკატი მირიან ნიკოლაძე დათა ახალაიას ადამიანების წამებაში ადანაშაულებს. ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ახალაია ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ „ჩვეულებრივი მანიაკისა და სადისტის მეთოდებით უსწორდებოდა ადამიანებს." ამასთან დაკავშირებით ადვოკატმა გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალაია ნუგზარ ბოჭორიშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს საერთაშორისო ნარკოტრაფიკის ორგანიზატორად სახელდებოდა, თანხის წართმევით დაემუქრა.
„როგორ ხდებოდა ადამიანების წამება კაიფში მყოფი დათა ახალაისგან, ეს ბევრმა არ იცის. ამ საქმის მთელი არსი იყო ის, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილს დაუწყეს თანხის წართმევაზე მუქარები. უკავშირდებოდნენ კუდ-ის თანამშრომლები და შემდეგ თვითონ დათა ახალაია ხელმძღვანელობდა ამ ადამიანების წამებას. ისეთი წამების შესახებ გეტყვით, რომელიც მხოლოდ სულიერად ავადმყოფმა შეიძლება ჩაიდინოს. მაგალითად, რკინის ხელჯოხით დათა ახალაიამ საკუთარ კაბინეტში სცემა გიორგი ჩეჩელაშვილი (ჩეჩელაშვილი 2010 წლის 2 ივნისს ნარკოტრაფიკში მონაწილეობისთვის სპეცოპერაციის დროს დააკავეს ), წვივებზე, კოჭებში მუხლებში. თან რას აკეთებდა, იცით? აპი, ფილმებში რომ სადისტები აკეთებენ, თან ურტყამდა და თან ხმამაღლა იცინოდა, შეშლილივით. ფეხებიდან სისხლი რომ სდიოდა ჩეჩელაშვილს, ამაზე ახალაია სიცილს ვერ იკავებდა. გორგოლაჭებიანი სკამი რომ არის საკანცელარიო, ხომ იცით? იმ სკამზე იჯდა, მაგიდას წიხლს მიარტყამდა, გაშორდებოდა, დაარტყამდა წაქცეულს და უკანვე გასრიალდებოდა. თან იცინოდა, ჩვეულებრიივ მანიაკები რომ არიან, ისე. ასევე, აწამა მევლუდ სვანიძე, რომელიც ნუგზარ ბოჭორიშვილის დის ქმარია. მევლუდი ფეხით დაკიდეს ხეზე და უმოწყალოდ სცემეს. მერე ეუბნებოდნენ, გაიქეციო, ესეც გაიქცეოდა, ახალაია ისვრიდა ჰაერში, ვითომ მოკლა ეს ადამიანი, სვანიძე ყველა გასროლაზე ძირს ეცემოდა, როდესაც მიხვდებოდა, რომ არ გაარტყეს და ცოცხალი იყო, ისევ წამოდგებოდა, შემდეგ კიდევ „ესროდნენ" და ა.შ. ხომ ხვდებით, რა დონის ფსიქოლოგიურ ტერორს და წამებას ჰქონდა ადგილი? ამ დროს დათა ახალაია ყოველთვის კაიფში იყო, რას აკეთებდა, ვეღარ აზროვნებდა. წამლის ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ ჩვეულებრივი მანიაკისა და სადისტის მეთოდებით უსწორდებოდა ადამიანებს."- განმარტავს ნიკოლაძე.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დათა ახალაიას მარჯვენა ხელი წამების დროს, სოსო თოფურიძე იყო, მას წამების საქმეების კურირება ევალებოდა. ნიკოლაძე უსამართლობად აფასებს იმ ფაქტს, რომ „დღეს დათა ახალაია ფეხი ფეხზე გადადებული უყურებს, რა ხდება საქართველოში და არანაკლებ დამნაშავე მის ძმას დღე-დღეზე გამოუშვებენ ციხიდან."
„ხალხს რომ აწამებდნენ და კაბინეტებში სისხლის გუბეები დგებოდა, თოფურიძე იყო, ვინც საორგანიზაციო საქმეებს აგვარებდა, ანუ გააყვანინებდა ნაწამებ ადამიანებს სხვა ოთახში, დამლაგებელს გამოიძახებდა და ა.შ. ასეთი საქმეების კურირება ახალაისგან სოსო თოფურიძეს ჰქონდა დავალებული. ამ ფორმით აწამებდნენ ადამიანებს და დღეს დათა ახალაია ფეხი ფეხზე გადადებული უყურებს, რა ხდება საქართველოში და არანაკლებ დამნაშავე მის ძმას დღე-დღეზე გამოუშვებენ ციხიდან. სად არის სამართალი?"- აცხადებს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.