reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: ყველამ იცის, რომ შიხიაშვილი ჩემი გულის სიყვარული არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:01
პრეს-დაიჯესტი
ლევან ბერძენიშვილი: ყველამ იცის, რომ შიხიაშვილი ჩემი გულის სიყვარული არ არის
ავტორი:
21 ივნისი, 2014. 14:20


როდის დამარცხდება ,,ქართული ოცნება'', რატომ ვერ შესრულდა ზოგი დაპირება და რატომ ურჩევნია მთავარ ოპონენტად ნაციონალური მოძრაობა რესპუბლიკური პარტიის ლიდერს. ლევან ბერძენიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნების'' წარმატებაზე საუბრობს, თუმცა არც იმის აღიარება უჭირს, რომ საზოგადოების ნაწილი, დაპირებების შეუსრულებლობის გამო, იმედგაცრუებულია. არჩევნების შედეგებსა და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალების გამოჩენას ,,ვერსიასთან'' საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აფასებს.        

     

_ მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური დაინიშნა, ნათელია, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გახდება, თუმცა გარანტირებული გამარჯვების მიუხედავად, არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ მმართველი კოალიციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა მუდმივი არ იქნება. ხალხმა ,,ქართულ ოცნებას'' უთხრა, რომ მისგან მეტს მოითხოვს და, თუ ყველა დაპირება არ შესრულდება, კოალიციას მომავალში პრობლემები შეექმნება.    

 

           

_ ექსპერტებმა უკვე გიწინასწარმეტყველეს საპარლამენტო არჩევნებზე _ თუ კოალიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგს წარმატებულს უწოდებს, 2 წელიწადში მეტ ,,წარმატებას'' მიაღწევსო.              

 

_ ბოლო წლებში ,,ქართულ ოცნებას'' კი არა, ოპოზიციას აკლდება ხმები. ნაციონალური მოძრაობა ის ძალაა, რომელიც პარლამენტში 40%-ითაა წარმოდგენილი, დღეს კი 27%-ით ამაყობს. რაც შეეხება ექსპერტებს, წარმოდგენაც არ აქვთ, რაზე საუბრობენ. ,,ქართული ოცნება'' საპარლამენტო არჩევნებს ბევრად მომზადებული შეხვდება. ადგილობრივ არჩევნებზე მეორე ტური მხოლოდ იმის გამო დაგვჭირდა, რომ ბარიერი 50%-მდე ავწიეთ. ამერიკაში ვერ იღებენ კანდიდატები 50%-ს, საფრანგეთში 40%-იც კი უხარიათ, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი იცით, როგორია _ ადრე ჩვენთან იყო, შემდეგ კოალიციიდან გააგდეს და ახლა საზოგადოებას არწმუნებს, კოალიციაში რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი იდეალურად იქნებოდაო.                     

 

 

_ დაასახელეთ თქვენგან გაგდებული ექსპერტები! ისე, ხელისუფლებაში ყოფნისას დაახლოებით იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ ნაციონალებს იმ ექსპერტების მიმართ, ვინც პოლიტიკურ კრახს უწინასწარმეტყველებდა.                          

 

_ ექსპერტების დასახელება რომ მინდოდეს, 33 ქართული ასო შესანიშნავად ვიცი და აქამდე ვიტყოდი. მიმხვედრი მიხვდება! ექსპერტებს დავამშვიდებ, ,,ქართული ოცნება'' გულხელდაკრეფილი არ შეხვდება საპარლამენტო არჩევნებს და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დადგება დრო, ,,ქართული ოცნება'' დამარცხდება, მაგრამ გარწმუნებთ, ეს 2016 წელს არ მოხდება. ზოგადად, როცა ექსპერტი ჭკვიანურს ამბობს, ვითვალისწინებთ, მაგრამ ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც წერს, ვითარებას აანალიზებს და დასკვნებს შემდეგ აკეთებს. შეფასებებს არჩევნების მეორე დღესვე ჟურნალისტებთან ზეპირად რომ აკეთებს, ის ჩემთვის ექსპერტი არ არის, თუმცა როგორი პოლიტიკოსებიც არიან საქართველოში, ისეთი ექსპერტები გვყავს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვზრდიდით პოლიტიკოსებს, მით უმეტეს, ექსპერტებს და, შესაბამისად, ქვეყანაში ამ მიმართულებით დაბალი დონეა. _ სამაგიეროდ, პოლიტიკოსებმა მაღალი პრემიების გამოწერა ისწავლეს... ირაკლი შიხიაშვილი 15 ათასლარიანი პრემიის გარეშე საკრებულოს არ ტოვებს.                    

 

საქართველოს პარლამენტმა პრემიები მოსვლის დღიდან აიკრძალა. იმედია, პრემიებისა და ხელფასების ოდენობა საკანონმდებლო დონეზე გაიწერება, თუმცა პრემიებთან დაკავშირებით ტყუილ- მართლის გარკვევა მიჭირს. საზოგადოების ნაწილს რომ ჰკითხოთ, პარლამენტის წევრებს ხელფასი საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. ადრე ჩემი მეზობლების ნაწილსაც ეგონა, რომ პარლამენტში ჩემზე უკეთესები იქნებოდნენ... კი, ბატონო, არ მაქვს პრობლემა, შეიძლება ადამიანი ასე ფიქრობდეს... თუ პრემიების საკითხი კანონში საფუძვლიანად არ გაიწერება, მსგავსი საუბრები არასოდეს დამთავრდება. რაც შეეხება შიხიაშვილს, ყველამ იცის, რომ იგი ჩემი გულის სიყვარული არ არის და სწორედ ამიტომ არ იყო თავის დროზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე შიხიაშვილი რესპუბლიკელების კანდიდატურა. პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ერთ პარტიაშია, ხვალ მეორეში, ჩემ ნდობას არ იმსახურებს. მრავალპარტიულობას კანონი არავის უკრძალავს, მაგრამ მეც მაქვს უფლება, ასეთი ადამიანები არ მომწონდეს.                        

 

 

_ კოალიციაშიც ბევრია სხვა პარტიიდან ,,ქართულ ოცნებაში'' პორტირებული. მათაც შიხიაშვილის ბედის გაზიარება მოუწევთ?                   

 

_ კონკრეტულად, ვერავისზე ვიტყვი, მაგრამ ზოგადად, მრავალპარტიულ ადამიანებს პატივს არ ვცემ. მე რესპუბლიკურ პარტიაში მოვკვდები! სწორედ ამიტომ არ მივეცით ყოფილ ნაციონალებს თბილისში ,,ქართული ოცნების'' სიაში მოხვედრის შესაძლებლობა.                     

 

_ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობდით... ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ- მინისტრი იყო, კოალიცია საზოგადოებას არწმუნებდა, დაპირებები 100%-ით, ზოგ შემთხვევაში კი გადაჭარბებით შესრულდა. ,,ქართული ოცნების'' რეიტინგზე მისი ლიდერების ზედმეტმა თვითდაჯერებამაც ხომ არ იმოქმედა უარყოფითად?               

 

_ თუ ყველა დაპირება შესრულდა, აბა, ახლა რას ვაკეთებთ? საუბარია იმაზე, რომ დაპირებები დაგეგმილი ტემპით სრულდება, უბრალოდ, ყველა ადამიანს საუბრის ინდივიდუალური მანერა და ლექსიკა აქვს. ზოგს ურჩევნია თქვას, ყველაფერი სწორად მიდისო, ზოგი კი ამბობს, რომ უკვე ყველაფერი გამოსწორებულია. არ ვფიქრობ, ეს გადაჭარბებული თავდაჯერებაა, უბრალოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილია. სათანადო გამოცდილების შემდეგ, საუბრებიც უფრო ადამიანური იქნება. ჩემი აზრით, ყველას თავისი მიდგომა აქვს. ჩემი პოზიცია კი ასეთია: რა თქმა უნდა, ყველა დაპირება ჯერ არ შეგვისრულებია. ოთხი წლის შემდეგაც ისე გამოვა, რომ ყველა დაპირება ვერ შევასრულეთ _ შეუძლებელია, აბსოლუტურად ყველა საქმე სწორად გაკეთდეს.                   

 

_ ანუ თქვენი ამომრჩეველი შეგნებულად მოატყუეთ?               

 

 

_ თავისმოტყუებას აზრი არ აქვს, გასაგებია, ნავთობპროდუქტის გადასახადის დაწევა იმ მასშტაბით ვერ შევძელით, როგორც ვპირდებოდით, მაგრამ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადავდგით. ასევე, საგანმანათლებლო სფეროში რაღაც დაპირებების შესრულება დავიწყეთ, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რისი გაკეთებაც რეალურად გვინდა. როგორც ნაციონალები და მანამდე კიდევ კომუნისტები ამბობდნენ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარია, კოალიციის არც ერთი ლიდერი არ გაჯიუტებულა და არ უთქვამს, რომ ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს ვერ ხედავს. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ თუნდაც მარნეულში არაფერი მომხდარა. პირიქით, საქმეს დეტალურად გამოვიძიებთ და დავსჯით ყველას, ვინც კანონი დაარღვია. თელავში გამგებლის ასარჩევად 30 ხმა დაგვაკლდა, მაგრამ მისი მოპარვა არც კი გვიკადრია. არ მითხრათ, მიხეილ სააკაშვილიც ასე მოიქცეოდა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში 42% მიიღო და 52% დაიწერა.                  

 

 

_ ადგილობრივ არჩევნებშიც არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, იმ უბანზე, სადაც 100 ამომრჩეველი მივიდა, 900-ზე მეტი საარჩევნო ხმა დააფიქსირეს. ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე, კოალიცია ხმათა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობის წინაშე დადგა?                  

 

_ მსგავს დარღვევებს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. სადაც მექანიკური შეცდომები იყო, გასწორდა, ხოლო სადაც გაყალბების მცდელობა დაფიქსირდა, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მხარდამჭერია თუ ოპოზიციისა, აუცილებლად დაისჯება. გაყალბების ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აკნინებს. შესაბამისად, გამყალბებლები სასტიკი დამნაშავეები არიან. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ 24 წლის განმავლობაში გაყალბებისთვის არავინ დასჯილა, მეტიც, შენიშვნაც არავის მიუღია. ზოგიერთი აქეთაც კი გვდებს ბრალს. მათ შორის, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ცესკო- ს თავმჯდომარეობისას მამა აბრამის ბატკანი ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება ამომრჩევლის დაბალ აქტივობას, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, ადგილობრივ არჩევნებზე 50%-ზე მეტი ამომრჩეველი არასოდეს მოსულა, თანაც ივნისი საარჩევნოდ აქტიური დრო არ არის და მესამე _ ვიღაცებს გული აუცრუვდათ, თუმცა ვერც ალტერნატივას ხედავენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ,,ქართულ ოცნებას'' მხარს არ უჭერენ, მაგრამ არც მის მოწინააღმდეგეს ემხრობიან. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა იძლევა არჩევნებში რამდენიმეპროცენტიან განსხვავებას.                           

 

 

_ ამ ფონზე, ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალები ჩნდება. მაგალითად, პატრიოტთა ალიანსმა პირველივე ცდაზე 5%-ზე მეტი მიიღო.                    

 

 

_ ნინო ბურჯანაძესა და პატრიოტთა ალიანსს ეგონა, ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდათ. ჩემი აზრით კი, იმაზე მეტი ხმა აიღეს, ვიდრე რეალურად ეკუთვნით, მაგრამ ეს მათ ორგანიზებულობაზე მიუთითებს. ჩემში ეს ორი ძალა სიმპათიას არ იწვევს. კარგია, რომ მათ ასეთი დაბალი მაჩვენებელი აქვთ და არა მეტი. საქართველოში მოსახლეობის 80% ამბობს, რომ ევროპაში უნდა. შესაბამისად, 20%-ს რუსეთში ურჩევნია. ამ 20%-ის ნახევარს ნინო ბურჯანაძე მოსწონს, რაც გასაკვირი არ არის. მე ევროპა მომწონს და ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ, ვინც ევრაზიულ კავშირზე ოცნებობს. მათ პოზიციის შეცვლას ვერ მოვთხოვთ, თუმცა ასეთი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა 10%-ს ვერ გასცდება. ბურჯანაძე ამ მაჩვენებელზე გაჩერდა კიდეც. ახლა მას, იმავე მინდორზე კონკურენტი გამოუჩნდა. ზოგადად, რაც უფრო არაპატრიოტულია ძალა, მით მეტად იყვირებს მის სახელწოდებაში სიტყვა _ პატრიოტი, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ვინც მოსწონს, მხარი დაუჭიროს. ჩვენ ამ პარტიების მიერ აღებულ ხმებს პატივს ვცემთ და მათ აკრძალვას არ ვაპირებთ. უბრალოდ, არ მესმის, ნინო ბურჯანაძე რატომ გვაბრალებს რესპუბლიკელებს იმას, რომ თვითონ ნაციონალების დამარცხებას ვერ ახერხებს.                 

 

_ საზოგადოების ნაწილიც ფიქრობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ'' ნაციონალური მოძრაობის რეანიმირება მოახერხა.                

 

 

_ ხელისუფლებას არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და ვფიქრობ, ეს გვეტყობა კიდეც, თუმცა ერთ რამესაც გეტყვით: ოპონენტებად მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზეც ის ადამიანები მირჩევნია, რომლებსაც ევროპასთან პრობლემები არ აქვს. ნინო ბურჯანაძის ორიენტაცია მოსკოვის მიმართულებით ჩემ სიმპათიას არ იმსახურებს. გინდა, პუტინი უყვარდეს და გინდა, ჟირინოვკსი, ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ პირადად მე, ოპოზიციაშიც ის ადამიანები მირჩევნია, რომლებიც ევროპულ კურსში კი არა, სხვა მიმართულებით გამიწევენ ოპონირებას.     

 

 

(გაზეთი „ვერსია", რუსუდან შელია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016