reportiori.ge -
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:02
ჟურნალისტური გამოძიება
29 აგვისტო, 2013. 17:14

ყველა ქართული ხელისუფლების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალები, სიტყვით ყოველთვის პრიორიტეტულად, განსაკუთრებული ზრუნვის საგნად იყო გამოცხადებული. თუმცა, ხშირად, სიტყვას საქმე ზურგს არ უმაგრებდა და ქართული შეიარაღებული ძალები სხვადასხვა ფინანსური მაქინაციის ასპარეზი იყო. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ჯარისკაცებზე „მზრუნველი" სახელმწიფო, შეიარაღებულ ძალებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ცალ-ცალი კალოშით ატარებდა. სააკაშვილის ხელისუფლება პიარზე იყო ორიენტირებული და, ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ვიზუალურ მხარეს ქონდა. ჯარი „ნატოს" სტანდარტებით გამოაწყო და თვალსასეირო „სათამაშო" გახადა, მაგრამ ყოველგვარი შინაარსისგან და ფუნქციისგან დაცალა. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ მისდგა ნაომარ ოფიცრებს და, თითქმის ყველა, სახლში გაყარა. თურმე, სააკაშვილის თავდაცვისთვის, აბრჭყვიალებული, „უძლეველი არმიის" მითსმიღმა, არც მოუწესრიგებელი ყაზარმები ყოფილა უცხო.

 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლას შეიარაღებულ ძალებშიც დიდი იმედით შეხვდნენ. თავდაცვის ახალმა მინისტრმა ახალაიასდროინდელ ნაკლოვანებებზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, მაგრამ, რამდენიმე თვეში, უკვე ალასანიას უწყების პრობლემებზე გვიწევს წერა. რამდენიმე კვირის წინ, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიორგი კალანდაძემ თავდაცვის უწყება ინფორმაციის განზრახ დამალვაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მასობრივი სახე მიიღო ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევებმა და ეს ფაქტი უხარისხო საკვებს დააბრალა. ყოფილი ჩინოსანი 100-მდე მოწამლულ ჯარისკაცზე საუბრობდა. ჯარისკაცების მასობრივად მოწამვლის ამბავს კი ალასანიას უწყება არ ადასტურებს.

 

თუმცა, რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს - თუნდაც ერთი ჯარისკაცის მოწამვლა, უკვე პრობლემაა. 11 ჯარისკაცის მოწამვლაზე ალასანიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, ზურაბ შანავა გაანთავისუფლა! მინისტრმა ტენდერების შედეგებიც გააუქმა.

 

ეს ქმედება საეჭვოდ მიაჩნია სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს: „მეც მაქვს იფნორმაცია, რომ ამ ბოლო დროს ბევრად მეტი ჯარისკაცი მოიწამლა, ვიდრე თავდაცვის სამინისტრომ გაამჟღავნა, მაგრამ ეს მაინც არაოფიციალური ინფორმაციაა და ამის მტკიცებას არ დავიწყებ. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის რეაქციას და ზურაბ შანავას განთავისუფლებას, საკვები პროდუქტების ხარისხის შემოწმება უშუალოდ მისი კომპეტენცია არ იყო. ამ სამსახურის ფუნქციაა ლოჯისტიკის საკითხების მოგვარება და კვების ორგანიზება, მაგრამ არა საკვების ხარისხის შემოწმება. თუმცა, შეიძლება, შანავას ასეთი სიტყვიერი დავალება მინისტრისგან ქონდა მიღებული. აქ სხვა პრობლემაცაა. ტელევიზიით თავდაცვის ჩინოსანი გამოვიდა, 11 ჯარისკაცის მოწამვლა აცნობა საზოგადოებას და თან განაცხადა, რომ სამინისტრო აუქმებს ყველა ჩატარებული ტენდერის შედეგს და ჯარს კვლავ ექსკლუზიურად გამოკვებავს სახელმწიფო შ.პ.ს. „ქართული კვება". არადა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბროლაძემ ინტერვიუში თქვა, არ ვიცით, რამ მოწამლა ეს 11 ჯარისკაციო. ტენდერები ისედაც დაგვიანებით ჩატარდა. გამოვიდა, რომ სახელმწიფომ, ორი ჩინოვნიკის სუბიექტური გადაწყვეტილების გამო, გააუქმა ტენდერის შედეგები. ჩემთვის ეს არის კორუფციული, მაქინაციური სქემა. რაღაც საბაბით უქმდება ტენდერები და კვების უზრუნველყოფა ისევ იმის ხელშია, ვინც უნდა იკვებოს. ეს სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსთვის და დიდი ტვირთია ჯარისთვის."

 

თავდაცვის მინისტრის ქმედება შეიძლება ვინმემ გაამართლოს. გულიც მოიფხანოს, აი, მინისტრიც ასეთი უნდა, მყისიერი რეაგირება მოახდინაო, მაგრამ, როცა ამხელა ორგანიზმის კვება ერთ კონკრეტულ სახელმწიფო შ.პ.ს.-ს ექსკლუზიურად ჩაბარდება, მართლაც ძნელია კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს ადამიანს.

 

მაშ ასე, დემოკრატობანა დამთავრდა: ამიერიდან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშივე მყოფი სახელმწიფო შ.პ.ს. „ქართული კვება" მოამარაგებს. ეს ორგანიზაცია ბაჩო ახალაის მინისტრობის დროს შეიქმნა. მისი დამფუძნებელია სამეცნიერო ცენტრი „დელტა", რომელსაც, შევარდნაძის მმართველობისას, ნიკო ლეკიშვილის ძმა, გივი ლეკიშვილი ხელმძღვანელობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს ცენტრი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაიყვანეს. ახალაიას დროს, ცენტრმა შეიერთა თბილისის საავიაციო ქარხანა (რომელიც ერთ-ერთ მეპატრონეს, პანტიკიო თორდიას წაართვეს. სხვა საკითხია, რამდენად კანონიერად ფლობდა ეს პიროვნება საწარმოს და რამდენად კარგად გრძნობდნენ თანამშრომლები თავს მისი მმართველობის დროს) და ტანკების სარემონტო ქარხანა. ხელმძღვანელად დაინიშნა მინისტრის სანდო კაცი, რეზო ჭარბაძე, რომელიც ახალაიასთან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მეგობრობდა. თავდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ჯარის და პატიმრების კვებაც ამ ცენტრისთვის დაექვემდებარებინა და გილაურმაც უმალ „გამოაცხო" შესაბამისი დოკუმენტი. შეიქმნა სახელმწიფო შ.პ.ს. „ქართული კვება" და ჭარბაძის სამსახურს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდა.

 

სააკაშვილის ხელისუფლება „ყურადღების" გარეშე არც სხვა თანამოაზრეებს ტოვებდა და „თაფლის კასრიდან" მათ ფირმებსაც კვებავდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით განებივრებული იყო პარლამენტის ცნობილი ნაციონალი დეპუტატის, არჩილ გეგენავას „მეგაფუდი" და „კოლხი". მათ თავდაცვის სამინისტროსთან 100 მილიონიანი კონტრაქტი ჰქონდათ. ამ ფირმებს არც ახალ ხელისუფლებასთან გასჭირვებია ურთიერთობის დალაგება და, ახლახანს გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულთა შორის, ეს ფირმებიც იყვნენ. თავდაცვის სისტემაში, კვების ტენდერებთან დაკავშირებით, ხმაური ამ ინციდენტამდეც იყო. კერძოდ, ნაციონალები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ტენდერში „ფუდ ლაინ ჯორჯიას" გამარჯვებას საპარლამენტო უმრავლესობის აქტიური წევრის, ირინა იმერლიშვილის ინტერესებს მიაწერდნენ. მართლაც, შეიძლება ეჭვის საფუძველი იყოს ის, რომ ფინანსურად სარფიანი დიდი გარიგების მომგები ფირმის დირექტორად, ტენდერამდე ერთი დღით ადრე, დეპუტატის მეუღლე დაინიშნა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციას უცხოელები ფლობდნენ! კიდევ ერთი გამარჯვებული ფირმის უკან (რომელსაც არანაირი ბიზნესგამოცდილება არ ჰქონდა და სახელიც -„ელექტრო მონტაჟ სერვისი" - ნაკლებად შეეფერებოდა კვებას), ყოფილ თავდაცვის მინისტრს, გია ყარყარაშვილს მოიაზრებენ. ცხადია, ეს სულაც არ კმარა იმისთვის, რომ, თუნდაც ამ მითქმა-მოთქმის შეწყვეტის მიზნით, თავდაცვის სამინისტრო ისევ ძველ სქემას დაბრუნებოდა.

 

ერთი შეხედვით, კარგია, რომ უწყებამ ცენტრალიზებულად მოაგვარა ჯარის კვება, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ კერძო ბიზნესი, უფრო კარგი მენეჯერია, ვიდრე სახელმწიფო. თანაც, როცა რომელიმე სფერო ცენტრალიზებულია, სახელმწიფო ჩინოვნიკების კერძო ინტერსების გამორიცხვა ძნელია. გიორგი თავდგირიძე: „მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი იქნა მიზანმიმართულად გამოყენებული იმისთვის, რომ არსებული ტენდერები ჩაშლილიყო და ამხელა ორგანიზაციის კვება ისევ ერთი თავკომბალა ორგანიზაციის ხელში გადასულიყო. 1 ივლისამდე ჯარს მაინც „ქართული კვება" კვებავდა. კერძო ფირმები თავის საქმეს დაახლოებით ორი კვირა აკეთებდნენ. ამიტომ, ამ პრობლემებში ძირითადი დანაშაულის ტვირთი მაინც „ქართულ კვებაზეა."

 

ექსპერტის განცხადებით, ყველა ქვეყანა ერიდება, ძალოვანი უწყების შიგნით შექმნას დანაყოფი, რომელსაც მთლიანად ჩაბარდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მართვა. გიორგი თავდგირიძე: „როცა ჯარი თვითონ კვებავს თავის თავს ეს მისთვის ზედმეტი ტვირთია და კორუფციის ბუდეა. ამ საკითხის დარეგულირება ასე წარმომიდგენია. უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც ადგენს ლოტს, დავუშვათ, რომელიღაც ნაწილის კვებაზე. ეს სამსახური მუშაობს გარკვეული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებით. ამის შემდეგ, ეს საქმე გადადის სხვა სამსახურში, რომელიც, ამ ლოტის და მოთხოვნების გათვალისწინებით, იწყებს შესაბამისი კომერციული სტრუქტურის ძებნას. აქ უნდა დამთავრდეს ამ ორი სამსახურის მუშაობა და საქმეში ჩაერთოს მესამე სამსახური, რომელიც შეამოწმებს ზუსტად ასრულებს თუ არა კონტრაქტორი ფირმა ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას. ამისთვის ამ სამსახურმა შეიძლება გამოიყენოს ლაბორატორია ან ჯარისკაცების გამოკითხვის მეთოდი. ასეთი შემოწმების მრავალფეროვანი მეთოდოლოგია არსებობს."

 

მართლაც, აჯობებს, „ველოსიპედი" არ გამოვიგონოთ. კარგი იქნება, თითოეული ნაწილის კვება კერძო, გამოცდილმა ფირმამ იკისროს. რეგიონალური პრინციპით, შესაძლებელია, ერთი ფირმა რამდენიმე ნაწილსაც მოემსახუროს. ამით ბიზნესიც იხეირებს, დასაქმებითაც მეტ ხალხს დაასაქმებს და ბიუჯეტიც შვებას იგრძნობს, რადგან არ ეყოლება მთელი სამსახური, რომელიც ზედმეტად აიღებს ხელფასს ბიუჯეტიდან. ჯარის კვების სპეციფიკა რომელიმე ჩინოვნიკის ნებასურვილით არ უნდა წყდებოდეს. გიორგი თავდგირიძის აზრით, სამხედრო ნაწილში სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრს თუ ბორში არ მოეწონება, არ შეიძლება, მაშინვე პრობლემა შეუქმნას საკვების მომმარაგებელ ფირმებს.

 

გიორგი თავდგირიძე: „მთავარია, რა წერია იმ დოკუმენტში, რომელიც დგება ტენდერის მერე. თუ დოკუმენტში წერია, რომ დამზადებული ბორში  უნდა იყოს მწარე, მნიშვნელობა არ აქვს თავდაცვის მინისტრს მოსწონს თუ არა მწარე ბორში. ჯარის კვება უნდა დარეგულირდეს არა კონკრეტული ჩინოვნიკების ნებასურვილით, არამედ საკანონმდებლო დოკუმენტით. ჯარის კვება კი უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს მეურვეობის ქვეშ, მაგრამ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც დოკუმენტს დაემორჩილება და არა მინისტრის ან მოადგილის კერძო განკარგულებებს."

 

თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების გადაუჭრელობის მთავარი მიზეზი ის ფინანსური ინტერესებია, რომელიც, სხვადასხვა დოზით, თავდაცვის ყველა მინისტრს ჰქონდა! მისი აზრით, პრობლემაა ტენდერებში სამხედრო მაღალჩინოსნების მონაწილეობაც და აქ კორუფციული ინტერესის აღმოფხვრას ვერც ე.წ. ტენდერების გამჭვირვალეობა უშველის. გიორგი თავდგირიძე: „ტენდერებზე არც არასამთავრობოების და ჟურნალისტების დასწრება ნიშნავს არაფერს. კორუფცია ტენდერის დროს კი არაა, არამედ მას მერე, რაც ფირმა გამარჯვებულად გამოცხადდება და მომწოდებელი 80 კილოგრამ ხორცს მიაწოდებს მიმღებს, ის კი 100 კილოგრამად გააფორმებს, ან უხარისხოს ხარისხიანად გაასაღებს. სავარაუდოდ, ამ მოწამვლის შემთხვევაშიც, ასე იყო - ვიღაცამ უხარისხო ხორცი შეიტანა და ეს ინციდენტიც მოხდა."

 

ახალი თავდაცვის მინისტრის მოსვლის შემდეგ, კვების ხარისხის გაუარესებაზე, მედიასთან ჯარისკაცები და ოფიცრებიც საუბრობენ. ერთ-ერთ ოფიცერს, რომელმაც, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჩვენც გავესაუბრეთ. „ვერ ვიტყვი, რომ რაოდენობრივად ნაწილებს საკვები მოაკლდა, სადილი არც ვიზუალურად გამოიყურება ცუდად, მაგრამ არ ვიცი, ამ კერძებს რით ამზადებენ. ყველას, ჯარისკაცსაც და ოფიცერსაც გულძმარვა გვკლავს. ამიტომ, ოფიცრები სახლიდან მოტანილ საკვებს ვჭამთ."

 

გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცს და ოფიცერს საკვების არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს. ოფიცერს უნდა შეეძლოს იკვებოს ნაწილის გარეთ ე.წ. ოფიცრის სახლებში, სადაც, სახელმწიფოსგან კვების დანამატისთვის მიღებული ფულით, შეეძლება რაც მოესურვება, ის მიირთვას.

ზოგიერთს ახალი ხელისუფლების კრიტიკა აღიზიანებს. არადა, დროა, საზოგადოებამ თავის შეცდომებზე მაინც ისწავლოს. „ვაცალოთ!" - ამ პრინციპით ყოველთვის გაუკონტროლებელი „მონსტრების კორპორაცია" შეგვრჩა ხელში. საჭიროა, ხელისუფლებას დროზე მივუთითოთ შეცდომებზე, რომ მერე გვიან არ იყოს. გიორგი თავდგირიძე: „შეიძლება, გარდამავალი პერიოდის გამო, საზოგადოებამ თავდაცვას ეს ყველაფერი აპატიოს, თუ დაინახავს, რომ ხარვეზების გამოსწორების გზებს ეძებენ. მაგრამ როცა საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და ვიღაცას უნდა, ბიძინა არ გააბრაზოს და, ამით, ზედმეტი ყურადღება არ მიაქციოს, მიჩნდება ეჭვი, რომ საქმე არ გაკეთდება. საჭიროა, შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ძალოვან სამინისტროებში კომერციული საქმიანობის კონცეფციას შეიმუშავებდა, მერე ეს დოკუმენტი უნდა დამტკიცდებდეს პარლმენტში... დროა, დადგინდეს, როგორ უნდა იკვებებოდეს ქართული ჯარი! ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაც ვერავინ უნდა გაბედოს! ამის გაკეთებას კი თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური ნება სჭირდება!

 

როცა ამღვრეული წყალის დაწმენდას არ ცდილობენ, მიჩნდება ეჭვი, რომ ამ წყალში ვიღაც თევზის დაჭერას ცდილობს."

 

 

 

29 აგვისტო, 2013. 17:14
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016