საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტ "საქართველოს მომავლის ვარსკვლავების" ეგიდით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები: ანასტასია გაი (ფორტეპიანო-ხარკოვის საშუალო, სპეციალიზირებული მუსიკალური სკოლა), ვარვარა ვასილიევა (ვიოლინო - ნ.ვ.ლისენკას სახ. კიევის საშუალო, სპეციალიზებული მუსიკალური სკოლა), ბარბარე თათარაძე (ფორტეპიანო - თბილისის, ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი), მარიამ ობოლაშვილი (ვიოლინო - კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარია) და ანა ჭანია (ვიოლინო - თბილისის, ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი").
კონცერტზე შესრულდება ბახის, ჰაიდნის, ბეთჰოვენის, ჰენდელის,Dდებიუსის, ლისტის, შოპენისა და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
კლასიკური მუსიკის კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბარატიონ–გრუზინსკი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.