reportiori.ge - „ნურავის დაავიწყდება ერთი რამ: რომ არა 2011 წლის 26 მაისი...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:25
პრეს-დაიჯესტი
„ნურავის დაავიწყდება ერთი რამ: რომ არა 2011 წლის 26 მაისი...“
ავტორი:
23 ივნისი, 2014. 11:03


ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია,  თითქოს „ნაციონალური მოძრაობა"  არჩევნების შედეგების გაპროტესტებას გეგმავს და თბილისში უკრაინული მაიდანის მოწყობას აპირებს. ამ სცენარის წარმატებით განხორციელებისთვის ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ და პიარტექნოლოგიებში კარგად გაწვრთნილ უცხოელ ლობისტებსა და ნაცლიდერებს ხშირი შეხვედრები აქვთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ როცა ნორმალური ქცევისა და ყოფის ადამიანი ასეთ სერიოზულ განცხადებას აკეთებს, სამართალდამცველები, მინიმუმ, უნდა დაინტერესდნენ ამ ინფორმაციის სიზუსტით და ქვეყანას მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ააცილონ.


ნაციონალების მზაკვრული გეგმები და სურვილები - ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უმართავი რომ გახადონ, საზოგადოება კვლავ ტყუილებით გააბრუონ და ხელისუფლებაში კვლავ დიდი ფულით და მოსყიდული მედიის დახმარებით მოვიდნენ, ლოგიკას მოკლებული და სრული აბსურდია, რადგანაც წინასაარჩევნო ბატალიები და მოსახლეობასთან შეხვედრები ცხადყოფს, რომ ნაციონალების მზე დიდი ხანია ჩაესვენა. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ეს რეალობაა. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი დღითი დღე ეცემა. პიარსა და ტყუილებში გაწაფულ ნაციონალებს, თითქოს ტყუილების სინამდვილედ შემოჩეჩების მეთოდები დაუძველდათ და ისე რიხიანად ვეღარ იტყუებიან, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ახერხებდნენ. მაშინ მიხეილ სააკაშვილის ქარიზმატული მუხტი აგვარებდა ამ თემებს და საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიმპატია სააკაშვილის მიმართ, ზოგადად, ნაცმოძრაობის მთელ შემადგენლობაზეც ვრცელდებოდა. ახლა კი, როცა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან შორს არის და თავის ქარიზმას თავს ვერ გვახვევს, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთაშორისო პოლიტიკურ შეკრებებზე მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს, მათ შორის, ბარაქ ობამასაც კი შეხვდა და ეს ფაქტი შესანიშნავი რაკურსით გააშუქა "ნაციონალური მოძრაობის" რუპორმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა, ვერც ამ  საჩვენებელმა კადრებმა უშველა ნაციონალების მიწასთან გასწორებულ რეიტინგს.



ნაციონალების რეიტინგის დაცემის მრავალ მიზეზთა შორის, კიდევ ერთი მიზეზი, სულელური და ტყუილებით გაჯერებული პროგრამებია, რომელსაც ამომრჩეველთან შეხვედრისას გაიძახიან. იმდენად თვალშისაცემია მათი დემაგოგია და სიცრუის ტირაჟირების უნიჭო მცდელობა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, მოწონების ნაცვლად. სიბრალულსაც კი იმსახურებს.


რამდენიმე დღის წინ, კვირა დღეს, ნიკა მელია მეტროსადგურ "ავლაბრის" წინ მდებარე ეკლესიის ეზოში, ამომრჩეველს ხვდებოდა. დავინტერესდი, ნეტავ შეკრებილ საზოგადოებას რაზე ესაუბრება-მეთქი და, პირველი, რაც შევნიშნე, ხალხის ნაკლებობა იყო, ასე 30-დან 40-მდე ადამიანი, თითოეულ ამომრჩეველს ხელში 3 დროშა ეჭირა. ვიკითხე, რატომ არის ასე ცოტა ხალხი-მეთქი. აი, რა მიპასუხეს: "მელიას  შეხვედრა ეკლესიის ეზოში რომ არ ჩაეტარებინა, ეს რაოდენობაც არ იქნებოდა. რა დროს ნაციონალებია, მაგათ დააქციეს ქვეყანა და ვინ მისცემს მათ ხმასო? აქ ვინც დგას, ზოგს სახლი გადაუხურეს, ზოგსაც ეზოსთან გზა დაუგეს. ნაცებმა კარგად იციან, მოსყიდვის გარეშე მათ გვერდით არავინ დადგება. არჩევნების დღეს კი ამ ნაძირლებს ხმას არავინ მისცემს. მოუსმინეთ ახლა თქვენ ამ კაცს, ნიკა მელიას, რომელიც ამბობს, თურმე რა კარგი ყოფილა მზის ენერგიით გათბობა და როგორ შეიძლება გამდიდრდეს ქვეყანა მზის ენერგიით; ეზოში ავტოფარეხების საკითხს მოგიგვარებთო. - სულელებად რომ გვთვლის, რად უნდა ამას ლაპარაკი? თუ მზის ენერგიით შეიძლებოდა ქვეყნის გადარჩენა, სად იყვნენ ბოლო 9 წელიწადი? ანდა ავტოფარეხების საკითხის მოგვარებას ახლა რომ გვპირდება, ესეც დაუშალა ვინმემ? 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ძარცვეს და დააქციეს, ამათ ვინმე ხმას მისცემს? ანდა რა უფლება აქვთ მართლმადიდებლობისა და ეკლესიის მოძულე ნაციონალებს, და, საერთოდ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ეკლესიის ეზოში მსგავსი პოლიტიკური შეხვედრები გამართოს? ასეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში 30 კაცზე მეტს რომ ვერ მოუყარა თავი, სხვაგან რა იქნება? თუ ხელისუფლება ფხიზლად იქნება ნაციონალები არჩევნებში 5%-ს ვერ გასცდებიან", - მითხრა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიასთან შეხვედრაზე მისულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.



ის, რომ შესაძლოა, ნაციონალებმა არჩევნებში დამსახურებული წაგება გააპროტესტონ, ლოგიკური არ არის, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველს ახალ ხელისუფლებასთან უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები აქვს, საზოგადოება ასევე იმედგაცრუებულია სამართლიანობის აღდგენაზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას, ერთ-ერთი დაპირება, და, საზოგადოების დაკვეთაც იყო, პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნები დაესაჯა და სამართლიანობა აღედგინა. რაც დღემდე არ შეუსრულებია. დიახ, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა უმეტესობა მმართველ პოლიტიკურ პარტიას და მის კანდიდატებს მისცემს ხმას, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი კი "ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას" აქვს. ცხადია, ამ შედეგს ნაციონალები გააპროტესტებენ, მაგრამ ეს ვერ გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში უკრაინული მაიდანის განმეორებას.


ერთადერთი, რამაც, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინული მაიდანის სცენარი განავითაროს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ძველებურად მეორე ადგილზე გაძვრება. ნინო ბურჯანაძე თავის ხმებს ბოლომდე დაიცავს, მას გამოცდილებაც აქვს და პოლიტიკური რესურსიც. ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლა შეძლებს მაიდანის მოწყობას და ეს ძალიან დიდ კრახს გამოიწვევს. ნურავის დაავიწყდება ერთი რამ: რომ არა 2011 წლის 26 მაისი, არც ბიძინა ივანიშვილს ექნებოდა პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია, რაც თვითონ ბატონმა ბიძინამაც აღიარა. არც ის ხალხი იქნებოდა პოლიტიკაში, ვინც აქტიურად და, შესაძლოა, სამართლიანადაც აკრიტიკებს ნინო ბურჯანაძეს.


ასე, რომ აზრზე მოდით, ბატონებო, რადგანაც თქვენ ხელისუფლებაში ხართ და თქვენი ოპონენტების მიმართ მეტი პოლიტიკური კულტურა გმართებთ.


რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მომავალს, ის არ არსებობს. ვინც ნაციონალების ჩასვენებული მზის განათებას შეეცდება, მას ქართველი ერი უკრაინულ მაიდანს მართლაც მოუწყობს.




(წყარო: ექსკლუზივნიუსი, დარეჯან ლიპარტელიანი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016