23 ივნისი ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ხორავას გარდაცვალების დღეა.
ქართველი მსახიობი და პედაგოგი აკაკი ალექსის ძე ხორავა დაიბადა 1895 წლის 17 აპრილს ზუგდიდის მაზრის სოფელ ოჩხომურში.
1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში.
1922 წელს შევიდა ა. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის "გეგეჭკორი"), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 დირექტორი.
ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( უალდის "სალომე"), ანდუყაფარი ( ერისთავის "გაყრა"), უსახელო ( ტოლერის "კაცი-მასა"), ლაერტი ( შექსპირის "ჰამლეტი"), ბერსენევი ( ლავრენიოვის "რღვევა"), ანზორი ( შანშიაშვილის "ანზორი"), არგიშდი ( დადიანის "თეთნულდი"), კარლ მოორი ( შილერის "ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი ( კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი "), არსენა ( შანშიაშვილის "არსენა"), პედრო ( მდივნის "ალკაზარი"), ოტელო ( შექსპირის "ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სირანო ( როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ტარიელი ( ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი ( პუშკინის "ბორის გოდუნოვი ") და სხვა.
აკაკი ხორავას რომ მხოლოდ ოტელოს სახე შეექმნა, ისიც კი იკმარებდა მისი სახელის შარავანდედით შესამოსავად, ვინაიდან მისი ოტელო მსოფლიო შექსპიროლოგიამ აღიარა ნამდვილ შექსპირისეულ სახედ. ეს იყო 1937 წელს. წლების განმავლობაში ქუხდა აკაკი ხორავა-ოტელოს ხავერდოვანი ხმა სცენაზე და აღტაცებაში მოჰყავდა მსმენელი და მაყურებელი. 1947 წელს გაზეთი ,,პრავდა" წერდა: ,,აკაკი ხორავამ ოტელოს როლში მიაღწია მწვერვალს, სანამდეც მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში ცოტა თუ ასულა".
ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. ზედმიწევნით ფლობდა ტრაგიკული ხასიათის გახსნის საიდუმლოებას. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, მდიდარი ხმით, განცდის სიმართლით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით, მასშტაბურობით.
1924 წლიდან იღებდნენ კინოში. როლებში: გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე ", 1942-1943), სკანდერბეგი ("ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"!, 1965) და სხვა.
ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-1947, 1957-1960 მისი თავმჯდომარე. მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951) და კანის მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
აკაკი ხორავა გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნისს თბილისში. ღვაწლმოსილი მსახიობის ცხედარი მადლიერმა ერმა პატივითა და დიდებით მიაცილა მთაწმინდის სავანემდე. 1972 წელს ხორავას სახელი მიენიჭა მსახიობის სახლს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)