reportiori.ge - გიორგი თავდგირიძე: ეს უკვე ალასანიას მხრიდან კანონის დარღვევაა და ამასთანავე, პრემიერის უპატივცემულობაც!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:40
პრეს-დაიჯესტი
გიორგი თავდგირიძე: ეს უკვე ალასანიას მხრიდან კანონის დარღვევაა და ამასთანავე, პრემიერის უპატივცემულობაც!!!
ავტორი:
23 ივნისი, 2014. 16:16

არსებობს თუ არა დაპირისპირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიას შორის? რა ინფორმაციას უმალავს ალასანია პრემიერს? შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში და რა კავშირშია საქართველო უკრაინის საზღვართან მობილიზებულ რუსეთის ჯარებთან? "ქრონიკის" ამ და სხვა კითხვებს სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე უპასუხებს. 

 


- ბატონო გიორგი, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ანექსიით და ამ ეტაპზე ამის საფრთხე არ არსებობს. ამის საპასუხოდ, ირაკლი ალასანიამ მეტად სკანდალური კომენტარი გააკეთა და შეიძლება ითქვას, გაკენწლა პრემიერი - რუსეთი რას აპირებს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ეს ჩვენმა დაზვერვამაც არ იცისო. შესაძლოა, რომ პრემიერი ასეთი თავდაჯერებული იმიტომ არის, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან გარკვეული გარანტიები აქვს მიცემული და თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის? 

 


- ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი და გააკეთა პოლიტიკური განცხადება სწორედ დაზვერვის ინფორმაციებსა და ანალიტიკური სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით. მეც ვეთანხმები, ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი ინდიკატორები, რომელიც დაგვაეჭვებდა და გვაფიქრებინებდა, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის ბოლო პერიოდში მაკვირვებს თავისი გაურკვეველი და არაკომპეტენტური განცხადებებით. ალასანია არის თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის გარე საფრთხეების განსაზღვრა. ამ უწყებაში არის ანალიტიკური სამსახურები, რომელთაც აქვთ საშუალება, მოიპოვონ ინფორმაციები ღია და დახურული წყაროების მეშვეობით. ერთ-ერთი მრჩეველი პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც მის წინაშე ყველა ხიფათი, საგარეო საფრთხე უნდა დააყენოს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ შესახებ, სწორედ თავდაცვის სამინისტროა. ამ უწყებას ეს ფუნქცია პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა, დებულებაში უწერია. შესაბამისად, როცა თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მის უწყებას არ გააჩნია ინფორმაცია, რას აპირებს ახლო მომავალში რუსეთი, გამოდის, რომ თავადაც არ იცის, რა უწყებას ხელმძღვანელობს, გამოდის, რომ თავდაცვის სამინისტრო ძალიან ცუდად მუშაობს. ამის ცოდნა, გარკვეული ინფორმაციის მოპოვება ამ საფრთხეების შესახებ, მისი უშუალო მოვალეობაა. თუ იცის ამ საფრთხეების შესახებ, პრემიერი არ ჩააყენა საქმის კურსში და ღარიბაშვილმა ამის გამო მცდარი განცხადება გააკეთა, მაშინ უფრო მძიმედაა საქმე. ეს უკვე ალასანიას მხრიდან კანონის დარღვევაა და ამასთანავე, პრემიერის უპატივცემულობაც. ასევე, უპატივცემულობაა საკუთარი პოლიტიკური გუნდისა და საზოგადოების იმ დიდი ნაწილის მიმართ, რომლის არჩევანის წყალობითაც ირაკლი ალასანია ხელისუფლებაში მოვიდა და მინისტრი გახდა. 



- შეიძლება ეს პოლიტიკური ინციდენტი პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირებად მივიჩნიოთ? 



- ეს ღია დაპირისპირება იყო პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის. მართალია, ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია, მაგრამ რაც მოხდა, ეს ძალიან ცუდია. საკუთარი პოლიტიკური გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია რომ დააფიქსირა ირაკლი ალასანიამ, ეს ფაქტია. რაღაც უმნიშვნელო, მეათეხარისხოვან თემას ხომ არ ეხებოდა საქმე? როცა პოზიციათა ასეთი შეუთავსებლობაა, თან ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც გარე საფრთხეებია, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის ალბათობაა, წესით, თავდაცვის მინისტრი უნდა გადადგეს, გაემიჯნოს საკუთარ გუნდს. ევროპულ ქვეყნებში ასე ხდება. როცა პოლიტიკური კოალიცია მართავს ქვეყანას და ასეთ პრინციპულ საკითხში პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის პოზიციათა შეუთავსებლობაა, როცა მინისტრს უჩნდება სურვილი, გააკრიტიკოს პრემიერი, თავისი გუნდი, მინისტრი ტოვებს კაბინეტს. ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს, უკვე გადამდგარი იქნებოდა მინისტრის პოსტიდან. 


დაბოლოს, თქვენს ვარაუდზეც მოგახსენებთ. ცხადია, დასაშვებია ის ვერსიაც, რომ პრემიერ ღარიბაშვილს აქვს რაღაც გარანტიები რუსეთის ხელისუფლებისგან მიღებული და ის იმდენად საიდუმლოა, რომ მათ შესახებ არავინ იცის. ქვეყნის პირველი პირები ხშირად აწარმოებენ საიდუმლო მოლაპარაკებებს და მათი შედეგების შესახებ არავის აყენებენ საქმის კურსში, არც მთავარ მინისტრებს. თუმცა, ამას ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად მივიჩნევ დასაშვებად. 



- ათიოდე დღეში ევროასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი. მე იმასაც ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ ხომ არ განაცხადა, რუსეთისგან საფრთხეებს არ ველითო, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა. ვინ იცის, რუსეთი იქნებ აპირებს კიდეც ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, მაგრამ ეს რომ განაცხადო, შესაბამისი რიტორიკა და მერე ქმედებაა საჭირო. რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის გარეშე კი, მწვავე განცხადებები და მოქმედებები წარმოუდგენელია. ღარიბაშვილმა, შესაძლოა, უბრალოდ, სიტუაცია არ დაძაბა მანამდე, ვიდრე ამ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. მერე, როცა ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რა უდგას წინ იმის ძახილს, რომ რუსეთი ანექსიით გვემუქრება? 



- გეთანხმებით, პრემიერის ეს განცხადება იყო გაწონასწორებული, დიპლომატიური და დროში კარგად შერჩეული. ჩემი აზრით, ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ აღარაფერი დაუდგება, მაგრამ საქმე რუსეთთან გვაქვს და მაინც სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მივცეთ საბაბი, ხელშეკრულების ჩასაშლელად რაიმე პროვოკაციას მიმართოს. მართალია, ფაქტობრივად, ეს უკვე გამორიცხულია, იმდენად მცირე დრო რჩება ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ფრთხილი და გონიერი პოლიტიკოსები ისე იქცევიან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი მოიქცა. 



- მოდით, ახლა უკრაინაში რაც ხდება, იმაზე ვისაუბროთ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაცია მოახდინა და რუსული ტანკები უკრაინის ქალაქებში დახრიგინობენ. ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთი ომის დაწყებას ვერ გაბედავს. იმასაც ამბობენ, რომ რუსეთს საამისო მიზეზი არ გააჩნია და ის ხალხი, ვის დასახმარებლადაც უკრაინაში, შესაძლოა, შეიჭრას, ტერორისტები არიან. ტერორისტები უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლეთისთვის არიან, თორემ, აბა, ერთი რუსეთის მაცხოვრებლებს ჰკითხეთ? მათთვის ეს ადამიანები, ეროვნებით რუსები, დები და ძმები არიან და პუტინს მოუწოდებენ, მათ დასახმარებლად უკრაინაში ჯარი შეიყვანოს. უკრაინაში მცხოვრები ასეულობით ასეთი რუსი შეეწირა ამ ანტიტერორისტულ ოპერაციას, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ის ხალხი, ვისაც პოროშენკოს მთავრობას ებრძვის, უკრაინაში პუტინის პოლიტიკის უპირობო გამტარებელი, უკრაინაში რუსეთის დასაყრდენია. 



- მხოლოდ სურვილები და განწყობები არ კმარა ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად. აშკარა ნიშნები, რომ რუსეთი ომს დაიწყებს, ჯერ არ ჩანს. 



- მეტი რა ნიშნები უნდა ჩანდეს, ბატონო გიორგი, უკრაინის საზღვართან რუსეთის უზარმაზარი არმია დგას, რუსული ტანკები უკრაინაში შევიდნენ, ხარკოვსა და ლუგანსკში იბრძვიან და რამდენიმე თვეა რუსეთ-უკრაინას შორის გამოუცხადებელი ომი მიმდინარებს. 



- გასაგებია, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა უფრო პრაგმატულია. რუსეთი შეეცდება, ისე მიიღოს მაქსიმუმი, რომ არ იქნეს ჩათრეული ფართომასშტაბიან ომში. ინტერნეტით გავრცელებული ის ინფორმაციები, თითქოს რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და უკვე ბრძოლაში ჩაებნენ, გადამეტებულად და არასწორად ინტერპრეტირებულად მიმაჩნია. რუსეთს ომის დაწყება რომ სურდეს, მერწმუნეთ, მარტო ტანკებს არ შეიყვანს უკრაინაში, რუსეთის არმიის ნაწილები უკვე უკრაინაში იქნებოდნენ. ის ტანკები, რომლებითაც მეამბოხეები იბრძვიან, სავარაუდოდ, მათ რომელიმე უკრაინული სამხედრო ნაწილიდან ჩაიგდეს ხელში ან რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალური გარიგება და რუსეთმა მიჰყიდა მათ ტანკები. 



- მოკლედ, გამორიცხავთ ამ ეტაპზე რუსეთის შეჭრას უკრაინაში? 



- კი, ჯერჯერობით, გამოვრიცხავ. სიტუაცია ფეთქებსაშიშია, მაგრამ ისეთი ინდიკატორი, რომელიც ომის გარდაუვალობაზე შეიძლება  მიგვანიშნებდეს, არ ჩანს. 



- უკრაინაში მიმდინარე პროცესები დიდწილად საქართველოსთანაც კავშირშია. რუსეთმა ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე მობილიზება იმიტომ ხომ არ მოახდინა, რომ ევროპას უკრაინასთან ომის რეალური საფრთხე დაანახოს, ევროკავშირთან ივაჭროს. დავუშვათ, თუ ევროკავშირი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე უარს ეტყვის, რუსეთი უკრაინას აგრესიით აღარ დაემუქრება. ძალის გამოყენებით პოლიტიკური ვაჭრობა ხომ ჩვეულებრივი ამბავია? 

 


- არა მგონია, ამ გეგმასთან  გვქონდეს საქმე. ევროპას კარგად ესმის, რომ რუსეთთან ყოველგვარი კულუარული ვაჭრობა მისთვის წამგებიანია. რუსეთს თუ დაუთმე, მერე უფრო მეტს მოგთხოვს და ეს ყველაზე კარგად ევროპელმა პოლიტიკოსებმა იციან. ზოგადად, რუსეთის ამგვარი პოლიტიკა - "დამითმე და მერე უფრო მეტს მოგთხოვ", ევროპამ არაერთხელ იწვნია. ამიტომაც, ევროპა არ დაუთმობს რუსეთს და ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას. რუსეთისთვის ეს ხელშეკრულება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად გამაღიზიანებელი, რომ მის ჩასაშლელად ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. გარდა ამისა, საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად რამდენიმე დღეღა დარჩა. ფაქტია, რუსეთს ამ პროცესის ჩასაშლელად არაფერი გაუკეთებია. ეს რომ ნდომოდა, ამაზე ადრევე იზრუნებდა. ახლა კი, უბრალოდ, ბერკეტები აღარ აქვს რუსეთს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩაშალოს. ერთადერთი ვარიანტი, ამ 10 დღეში საქართველოში რუსეთის ჯარების შემოჭრა და ომის დაწყებაა. ეს კი თეორიულადაც გამორიცხულია. 



- რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. 



- არა, რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებს, ფაქტია, შეეგუა იმას, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვხდებით. ისიც ფაქტია, რომ ამ საკითხში ევროპამ არაფერი დაუთმო რუსეთს და ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე დათმო ევროპამაც და ამერიკამაც, ეს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხია. ვიდრე ნატო-ის წევრი ქვეყნები არ დარწმუნდებიან, რომ მაპ-ი საქართველოს რუსეთთან ომად არ დაუჯდებათ, მანამდე თავს შეიკავებენ და მაპ-ს არ მოგვცემენ. 



- გამოდის, ნატო ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მაპ- იმიტომ არ გვაძლევენ. 



- ცხადია, ნატო-ს საკუთარი ინტერესები აქვს და მისთვის ჯერ ეს არის მთავარი, მაგრამ ჩვენც გვიფრთხილდებიან. ნატო-ს ძალიან უნდა, გააფართოვოს საზღვრები და საქართველო მისი წევრი გახდეს, მაგრამ არ უნდა ახალი კონფლიქტები. თუ მაპ-ის მოცემა საქართველოს რუსეთთან გარდაუვალ ომს უქადის, ცხადია, არ მოგვცემენ, რადგან ეს საქართველოსაც დააზარალებს და ნატო-საც. ჩვენ მაპ-იც იქით დაგვრჩება და სხვა დანარჩენიც, ნატო-ს გაფართოების საკითხი კი როდემდე გადაიწევს, კაცმა არ იცის. ამიტომ ნატო პრაგმატულად უდგება ამ საკითხს, ვიდრე მაპ-ი რუსეთის მაპროვოცირებელი ფაქტორი იქნება, არ მოგვცემენ. ჩვენ რაღაც უკვე მივიღეთ, ეს ევროასოცირების ხელშეკრულებაა და მას მალე მოეწერება ხელი. ევროკავშირის ასოცირებული წევრები რომ გავხდებით, ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, უფრო ფართო ფორმატით, უფრო ეფექტური, ვიდრე დღეს აწარმოებს. ურთულესი და უმძიმესი საქმეა სიტუაციის ისე დაბალანსება, რომ რუსეთის საფრთხეც გავანეიტრალოთ და ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესშიც წინ წავიწიოთ, თუნდაც, ახლო მომავალში მაპ-ი მივიღოთ. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, ნატო არის საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის ერთადერთი გარანტია. ეს, თითქმის შეუძლებელი, დაბალანსებული პოლიტიკის აგება რუსეთსა და ნატო-სთან უნდა შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ ადგილზე გავიყინებით და ერთადერთი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შეგვრჩება. 



 

(გაზეთი "კვირის ქრონიკა", ლევან ჯავახიშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016