საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, ბათუმის ბულვარის პროექტიდან „ოქროს ქვიშების" ამოღებით 15 მილიონი ლარი დაიზოგება. მისი თქმით, ბულვარის მშენებლობის პროექტიდან „ოქროს ქვიშებსი" ჩანაცვლება ადგილობრივი მასალით მოხდება. მინისტრის თქმით, დაზოგილი თანხით უფრო პრიორიტეტული მიმართულებები დაფინანსდება.
„ტენდერი ორ-ეტაპიან შეფასებას მოიცავს, ესეც აზიის განვითარების წესების მიხედვით. საპროექტო-საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც დაიწყებს პროექტირებას. პროექტირება მოიცავს 7.5 კმ სიგრძეზე ნაპირდაცვითი ნაგებობების დაპროექტებას და დამატებითი სანაპიროს მოწყობას, ე.წ. „ოქროს ქვიშები" ჩვენ ამოვიღეთ. ამან დაახლოებით 15 მილიონი ლარის ეკონომია მოგვცა და ამას ემატებოდა მოვლა-შენახვის ხარჯები, რაც დამატებით დაახლოებით 5 მილიონი ჯდებოდა. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ქვეყანაში უფრო მეტად პრიორიტეტული მიმართულებებია და დაზოგილი თანხით ამ პროექტების დაფინანსება შეგვიძლია. რაც შეეხება პროექტირებას, ის დაახლოებით 6-დან 8 თვემდე გაგრძელდება და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე", - განაცხადა ხოკრიშვილმა.