ცხრას პლუს ორი წელია, გვესმის, როგორ ატერორებდა ბიზნესს სააკაშვილი, როგორ ინაწილებდა რევოლუციური ხელისუფლება სფეროებს, როგორ ივსებოდა ნაციონალური ყულაბა, რომელსაც კეზერაშვილი დღემდე პატრონობს, როგორ იჭერდნენ და „წეწავდნენ“ მეწარმეებს... ცხრა წლის შემდეგ, ბოლო ორი წელია, ნაციონალები „საკუთარი ცოდვების“ გაშარჟებას, გაუბრალოებასა და ძველმოდურ ტენდენციად გადაქცევას ცდილობენ... „ცხრა წლის“ ხსენება უკანასკნელ ხანს დაცინვის საფუძველი ხდება...
ამასობაში კი ჩნდება ახალი იდეა: ბიზნესმენი, რომელმაც, – პრინციპულად ვუსვამთ ხაზს, – ცხრა წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ტერორის შედეგად 200 მილიონი დოლარი გაიღო – აპირებს დააარსოს 2003-2012 წლებში რეპრესირებულთა მუზეუმი... ასე რომ, თაობებს პრეზიდენტის ბიბლიოთეკასთან დახვდებათ ამ პრეზიდენტის მმართველობის დროის საშინელი, დოკუმენტურად დადასტურებული ისტორიები...
იდეის ავტორი კი ცნობილი ბიზნესმენი გიორგი კაპანაძეა, გასული კვირის ყველაზე სკანდალური რესპონდენტი. მან საზოგადოებას უკვე უამბო თავისი ისტორიის ერთი ნაწილი, „პრაიმტაიმის“ მკითხველისთვის კი ყველა იმ დეტალს შიფრავს, რაც აქამდე ჯერ კიდევ დახურულ თემად რჩებოდა.
ვისგან შეიტყო პრეზიდენტმა ბიძის ჩრდილოვანი შემოსავლების შესახებ?
რა ბრძოლა წააგო სააკაშვილმა ჟვანიასთან პრემიერის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე?
რომელ მინისტრს რომელ კომპანიაში ჰქონდა პირადი ინტერესები?
რა ხრიკებით უწევდა ბიზნესმენს თავდაცვა სახელმწიფოს ტერორისგან?
ვინ წყვეტდა მთავარ თემებს და ვინ იყვნენ შემსრულებლები?...
და კიდევ სხვა მსგავსი უამრავი თემა იქნება ჩვენი ქვემოთ შემოთავაზებული ინტერვიუს საგანი.
მაშ ასე, პირველად „პრაიმტაიმში“ სისტემის გაშიფრული კორუფციული სქემები და ცხრაწლიანი ტერორის ქრონიკა...
თუმცა, მანამდე ცოტა რამ უკვე გაცხადებული ისტორიის ერთი ნაწილის შესახებ, იმ მკითხველისთვის, რომელსაც ეს ამბავი გამოეპარა:
გიორგი კაპანაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ერთ-ერთი მეწილე და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან და სამართალდამცველებს ეხმარება ნაციონალების დანაშაულებრივი სქემის გამოვლინებაში. ამ მიზნით, ამ ცოტა ხნის წინ ის თანხმდება გიგი უგულავას შუამავლის თხოვნას, საკუთარი კომპანიების ანგარიშებით დაეხმაროს ნაციონალებს წინასაარჩევნოდ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული მილიონ-ნახევრის გათეთრებაში. სქემა ასეთია: ფული უნდა ჩარიცხოს დავით კეზერაშვილმა კაპანაძის კომპანიაში საზღვარგარეთ, შემდეგ ის კომპანია ამ ფულს გადარიცხავს ქართული კომპანიის ანგარიშზე. თანხას „ქეშად“ გამოიტანს კაპანაძე და გადასცემს უგულავას შუამავალს. ამ „ერთგულებისთვის“ 30 მაისს საკალათბურთო მატჩზე ყოფილი მერი მადლობას უხდის ბიზნესმენს, რომელსაც ისიც და მისი ხელისუფლების სხვა პირველი პირებიც საკუთარი ინტერესების შესაბამისად „წეწავდნენ“.
მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა, ვინაიდან კეზერაშვილმა არ იცოდა, ვის კომპანიაში რიცხავდა თანხებს. სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდა იმ ეტაპზე, როცა ამ გზით ნაციონალებმა კეზერაშვილისგან უკვე მიიღეს 760 ათასი დოლარი.
შემდეგ ეტაპზე კაპანაძე ჩრდილიდან გამოდის და საზოგადოებას პირდაპირი ეთერით უამბობს: „როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, მე და ჩემს პარტნიორებს მაშინვე გაგვიჩნდა სერიოზული პრობლემები. ჩვენ რომ ფეროს მეპატრონეები ვიყავით... 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული იყო ზესტაფონის წილების აღრევით, პრივატიზებით, რაც სრული უკანონობაა. ამ დროიდან დაიწყო ჩვენი პრობლემები. ჯერ დირექტორის მოადგილე, ტარიელ ცინცაძე დააკავეს, 70 წლის კაცი, მარტო იმიტომ, რომ ის რაღაცას ფიქრობდა. ამის შემდეგ საგადასახადოდანაც დაგვეწყო პრობლემა. დავიწყეთ „კრიშის“ ძებნა. ვიპოვეთ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, რომელიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა ამ მომსახურებაზე. მან მოგვთხოვა 2 მილიონი დოლარის ქეშად გადარიცხვა. ჩვენ 1 მილიონი გადავრიცხეთ ოფშორულ კომპანიაზე, რომელიც მან მიგვითითა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, რა თქმა უნდა, გვაქვს. მან ეს თანხა მიიღო მაისში ორ ტრანშად – 500-500 ათასი დოლარი. ამის მერე ჩვენი პრობლემები უფრო დამძიმდა. ივნისის ბოლოს ჩემმა პარტნიორმა „პრომიშლენნიე ინვესტორის“ წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ ხელისუფლება ჩვენს დაკავებას აპირებდა. ამან განაპირობა ჩემი და თემურ ალასანიას შეხვედრა, რესტორან „ძველ სახლში“... მან მითხრა, რომ მყისიერად გაერკვეოდა და დამპირდა, ახლა მივდივარ პრეზიდენტთან და გაძლევ პირობას, რომ ეს საკითხი გადაწყდება, ოღონდ არ დაგავიწყდეთ დარჩენილი მილიონის ჩარიცხვა და 25 პროცენტის გადმოფორმებაო. რესტორნიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ათამდე ნიღბიანი ადამიანი. დამაგდეს ასფალტზე და ჯიბეში რაღაც ჩამიდეს. ამაყენეს, ჩაატარეს პროცედურები და ასეთ შეხვედრაზე მოსულს, ნარკოტიკები აღმომაჩნდა. ოპერატიული თანამშრომლები გზაში ბოდიშებს მიხდიდნენ, ჩვენი ინიციატივა არ იყოო... მომიყენეს მუხლი 6-დან 12 წლამდე და არანაირ ინფორმაციას არ მაძლევდნენ. ჩემი პარტნიორები მართავდნენ შეხვედრებს ბენდუქიძესთან. ამის შემდეგ თავისუფლების საფასურად მომთხოვეს მილიონი ლარი, მითითებულ ანგარიშებზე... თვე-ნახევარში გამომიშვეს... ერთ თვეში დაგვიძახეს კანცელარიის შენობაში და ღიად გაგვიცხადეს, რომ ჩვენი აქციები უნდა გადავცეთ კერძო კომპანია „ინტერპაიპს“. მას წარმოადგენს პინჩუკი, კუჩმას სიძე... ამ შეხვედრას ბენდუქიძე და ოქრუაშვილი ესწრებოდნენ... გვითხრეს, რაც თავის დროზე დაგიჯდათ საწარმოს ყიდვა, იმ თანხას გადაგიხდიანო. ვიკითხე, შეგვიძლია თუ არა იმ კომპანიასთან ვახსენოთ ის ბონუსი, რაც ამ საწარმოს ფეხზე დაყენება დაგვიჯდა-მეთქი? ოქრუაშვილმა მითხრა, ბონუსებისთვის მობრძანდებით ჩვენთან, შსს-შიო...“
შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, რომ მან დააკავა პრეზიდენტის ბიძა და ბიზნესმენი კაპანაძე. გასული კვირის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ კი დაადასტურა კანცელარიაში შეხვედრის ფაქტი.
ეს არის ისტორიის ის ნაწილი, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის სტარტი იქნება იმ დაპირებულ, ახალ დეტალებში გასარკვევად, რასაც გიორგი კაპანაძე ამჯერად „პრაიმტაიმს“ უმხელს:
– ფეროში მე და ჩემი პარტნიორები 2003 წელს ავსტრიულ კომპანია „DCM“-თან ერთად შევედით. თუმცა ამას საინტერესო პრეისტორია აქვს: როცა „ჭიათურმანგანუმი“ სიმბოლურ ერთ დოლარად იყიდებოდა, ჩვენ უარი ვთქვით მის ყიდვაზე, რადგან ეს სფერო არ გვაინტერესებდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოვჩნდით იმ ჩეხური კომპანიის პარტნიორები, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. ვაწვდიდით ნავთობპროდუქტს, ელექტროენერგიას და სხვა საბრუნავ საშუალებებს. საბოლოოდ მათ ვერ გადაგვიხადეს ჩვენი კუთვნილი 400 ათასი დოლარი, საერთოდ დატოვეს საქართველო და დამიტოვეს მინდობილობა განკარგვაზე. ჩვენი ფულის ამოსაღებად, იძულებული გავხდი ეს სფერო შემესწავლა. ასე მომიწია „ჭიათურმანგანუმის“ მართვაში მონაწილეობა, არსებულ მენეჯმენტთან ერთად. ყველაფერში გავერკვიე. აღმოჩნდა, რომ ჭიათურის ნედლეულის ძირითადი მომხმარებელი იყო ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა... სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 2003 წელს ფეროში შესვლა. სახელმწიფოს კუთვნილ 51 პროცენტში 7 მილიონ-ნახევარი დოლარი გადავიხადეთ. თუმცა 2004 წლის დასაწყისში ვიყიდეთ ის აქციებიც, რომელსაც სხვა კერძო კომპანიები ფლობდნენ. ანუ 96 პროცენტის მფლობელები გავხდით და ამაში, ჯამში, 15 მილიონამდე გადავიხადეთ.
– 2004 წელს ბენდუქიძემ დაიწყო ცნობილი პრივატიზაციის პროცესი. თქვენი საწარმო მაშინ აღმოჩნდა ხელისუფლების ინტერესის ობიექტი? რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში ირაკლი ოქრუაშვილმა თქვენთან სახელმწიფო კანცელარიაში 2004 წელს შეხვედრის მიზეზად სწორედ ეს პროცესი დაასახელა.
– ეს იყო სრული უკანონობა. 2004 წლის 1-ლი იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ჩვენ ვართ 96 პროცენტის მესაკუთრეები და აქ არავითარ პრივატიზაციაზე არ შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი.
– აბა, რა გახდა თქვენით დაინტერესების მიზეზი?
– მაშინდელ რევოლუციონერებს ეგონათ, რომ ჰქონდათ დიდი დამსახურება და ამ დამსახურების საფასურად, პირველ რიგში, ყველა დიდი აქტივით დაინტერესდნენ. მათ შორის მათი ინტერესის სფეროში მოხვდა ფეროშენადნობი ქარხანაც.
– მათთან ხელისუფლებაში მოსვლამდე რამე სახის ურთიერთობა არ გქონიათ?
– ჩვენ არასდროს გვითანამშრომლია რომელიმე პარტიასთან. არასდროს დაგვიფინანსებია. უბრალოდ, მიგვაჩნდა, რომ ეს იყო პროგრესული ძალა, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებას ამხელდა და სააშკარაოზე გამოჰქონდა მათი სასახლეები და აგარაკები. ახლა გამოფინონ, აბა, საკუთარი აგარაკები და სასახლეები... ვინ იყვნენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლამდე? საბურავების დაწვის გარდა, არაფერი იცოდნენ. ვინ იყო თუნდაც კეზერაშვილი? როცა მე ნავთობპროდუქტების ბიზნესი მქონდა, ის ჩვეულებრივი რეალიზატორი იყო, რომელიც მარნეულში ახდენდა ერთი მანქანა დიზელის რეალიზაციას და კვირის ბოლოს შემოჰქონდა თანხები ჩვენთან სალაროში.
– ვინ იყო პირველი ხელისუფლებიდან, ვინც თქვენი ბიზნესის მიმართ ინტერესი გამოიჩინა?
– პირველი იყო იმერეთის გუბერნატორი, დავით მუმლაძე, რომელთან ერთადაც ერთხელ მქონდა გაკეთებული ერთი „სდელკა“. მის პარტნიორ სლოვაკურ კომპანიას ჭიათურიდან მივაწოდეთ 3000 ტონამდე ნედლეული. მაშინ გაიგო მან ამ პროდუქტის გემო. როგორც კი გუბერნატორი გახდა, მაშინვე შეცვალა გაკოტრების მმართველი ჭიათურაში და დანიშნა საკუთარი ბიძა. მაშინ ჩვენ უკვე დალაგებული გვქონდა სქემა, რომ ფეროსა და „ჭიათურმანგანუმს“ ერთად უნდა ემუშავა. მუმლაძე შეეცადა, ჭიათურიდან ფეროს ერთი კილო ნედლეულიც კი არ მიეღო. მან ბიძამისს გააფორმებინა გრძელვადიანი ხელშეკრულება სლოვაკურ კომპანიასთან სრული წარმადობის მოცულობის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ხელისუფლებაში, ჩვენ მას ეს ბრძოლა მოვუგეთ და გამწარდა.
– მუმლაძეს რა ინტერესი ამოძრავებდა?
– მუმლაძე დაბალი ფასით გაიტანდა პროდუქციას და წილს მიიღებდა სლოვაკებისგან. ვთქვათ, გაიტანდა 60 დოლარად, იქ გაყიდდნენ 100 დოლარად და სხვაობას, 40 დოლარს გაიყოფდა სლოვაკებთან. მასთან შეხება ადრეც მქონდა, როცა ის შევარდნაძის ხელისუფლებაში საგადასახადოს უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ზესტაფონში მოსახლეობა ქერქულ ნარჩენებს ფლობდა და ხელისუფლება უკანონოდ აჩერებდა მათ გატანას. მე ვეხმარებოდი და ვლობირებდი ზესტაფონურ კომპანიებს და ამ ფარგლებში მომიწია მასთან შეხვედრა. ამ პროცესში მაშინ იურისტებიც დამჭირდნენ. დავიქირავე რამდენიმე და მათ შორის იყო პავლე კუბლაშვილი...
– დავით მუმლაძესთან ურთიერთობა ჭიათურის ინციდენტით დაასრულეთ?
– რა თქმა უნდა, არა... მუმლაძის თანაგუნდელმა და უახლოესმა მეგობარმა, გიორგი ლაცაბიძემ, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა მოადგილედ წაიყვანა პროკურატურაში, იმის გამო, რომ მართლაც საკმაოდ კრეატიული ჯალათი იყო, დაიჭირა ფეროს გენერალური დირექტორის მოადგილე, ილია კოკაიას ბიძა, 70 წლის კაცი, ტარიელ ცინცაძე. მის გასათავისუფლებლად 200 ათასის გადახდა მოგვიწია. ეს იყო ჩვენგან გაღებული პირველი ხარკი.
– ანუ საქმეში უკვე პროკურატურა ერთვება... ამ ფაქტს მუმლაძის შურისძიებად აღიქვამთ, თუ უკვე სახელმწიფო მანქანის ობიექტივში ხვდებით ამ დროისთვის?
– ეს იყო მუმლაძისთვის სუფთა, მეგობრული მხარდაჭერა ლაცაბიძის მხრიდან. ამასობაში, შევიტყვეთ, რომ მუმლაძე სლოვაკების შემოყვანის დასალობირებლად დადიოდა სააკაშვილთან. ისიც შევიტყვეთ, რომ მაშინ სააკაშვილი ეუბნებოდა, რომ ჩინოვნიკი ბიზნესგარიგებებში არ უნდა გარეულიყო და თუ ეს უნდოდა, პოსტი უნდა დაეტოვებინა და კერძო სექტორში გადასულიყო. მუმლაძეს შეხვდა ჩემი პარტნიორი ილია კოკაიაც, იმისთვის, რომ გაერკვია, რას ითხოვდა ხელისუფლება ჩვენგან. შეხვედრიდან დაბრუნებულმა კოკაიამ გვითხრა, რომ გუბერნატორი არაფერს გვიხსნის და მომართულია, წაგვართვას ყველაფერი. ამიტომაც უნდა დაგვეწყო საკუთარი თავის დაცვა და მოგვეძებნა ე.წ. ლობი.
– რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც თემურ ალასანიაზე? გქონდათ ინფორმაცია, რომ ის ამ საქმიანობას ეწეოდა?
– იმ დროს იჭერენ მერაბ ჟორდანიას და მალევე უშვებენ. ჩვენი ნაცნობებით ვარკვევთ, რომ ეს პრობლემები მას თემურ ალასანიამ მოუგვარა. მას ჩვენ პარიზში შევხვდით პირველად. ის უკვე ინფორმირებული იყო, რომ ჩვენი პრობლემები მუმლაძისგან მომდინარეობდა. გვითხრა, რომ პრობლემა არ იყო მისი ჩამოშორება და ამის საფასური იქნებოდა 2 მილიონი დოლარი და აქციების 25 პროცენტი, რაც მაშინ 10 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. თანაც ეს აქციები მისთვის უნდა გადაგვეფორმებინა, რადგან სააკაშვილისთვის ეჩვენებინა და უკვე საკუთარი ბიზნესის სახელით ესაუბრა მასთან. ალასანიამ ავანსად 1 მილიონის გადახდა მოითხოვა. რაც განვახორციელეთ ორ ტრანშად მისგან დასახელებულ ოფშორულ კომპანიაში. ამასობაში ჩვენ გვქონდა ვალდებულებები ფეროში და თუ ამას ვერ შევასრულებდით, სახელმწიფოს უცერემონიოდ შეეძლო ჩვენთვის მისი ჩამორთმევა. ამიტომაც გვიჩხიკინებდნენ. ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ამიტომაც ჩვენ დავთანხმდით ალასანიას პირობებს, რადგან სხვა გზა არ გვქონდა.
– ამ გარიგების მიუხედავად, ვიცით, რომ დაგიჭირეს. თქვენი ინფორმაციით, სააკაშვილი საქმის კურსში იყო ბიძის საქმიანობის თაობაზე?
– ეს დასტურდება ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებითაც, რომ „ძველ სახლში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას დაურეკა სააკაშვილმა და შეეშვა ამ საქმეს... იყო ერთი საინტერესო დეტალიც: ის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ეჭვობდა, რომ ჩვენი პარტნიორი ავსტრიული კომპანია ფიქციური იყო და ის რეალურად არ არსებობდა. როცა მე ციხეში ვიყავი, კოკაიამ საქართველოში ჩამოიყვანა ჩვენი უცხოელი პარტნიორები და შეხვდა ბენდუქიძეს. იქვე უამბო თემურ ალასანიასთან გარიგების თაობაზეც. ბენდუქიძისთვის ავსტრიელების რეალობაში არსებობა შოკი იყო და ამიტომაც წამოვიდნენ საპროცესო გარიგებაზე – 1 მილიონის გადახდის ფასად. აქედან 10 ათასი ლარი გადაგვახდევინეს ჯარიმის სახით, 990 ათასი კი ჩავრიცხეთ სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში.
– მოდი, ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ: ამ მომენტამდე ვისი ინტერესები იკვეთება თქვენი ბიზნესის მიმართ და რა მიზნებით?
– მუმლაძე კერძო ინტერესებით ლობირებს სლოვაკურ კომპანიას და იწყებს „ჭიათურმანგანუმის“ პრივატიზების პროცესებს... ჩნდება ალასანია კერძო ინტერესებით – 2 მილიონი დოლარი და 25 პროცენტი წილი. ამ ინტერესებისთვის იყენებს თავის ნათესაურ კავშირს პრეზიდენტთან... ბენდუქიძე მოქმედებს სახელმწიფოს დავალებით და ასევე, ახორციელებს ზეწოლას, რათა სარფიანად გაყიდოს „ჭიათურმანგანუმი“. ოქრუაშვილი დაინტერესებულია, რომ „ჭიათურმანგანუმი“ იყიდოს კუჩმას სიძის კომპანიამ. ამისთვის ამ კომპანიის საკუთრებაში უნდა აღმოჩნდეს ფეროც, რომლის 96 პროცენტის მფლობელები ჩვენ ვართ იმ ეტაპისთვის.
– ეს თემები განიხილეთ კანცელარიაში ცნობილი შეხვედრის დროს, რომელსაც თურმე ზურაბ ჟვანიაც ესწრებოდა?..
– უბრალოდ, თავი ავარიდე გარდაცვლილ ადამიანზე საუბარს... თავიდან ბენდუქიძემ დაგვიძახა, რათა ჩვენი წინადადებები განგვეხილა „ჭიათურმანგანუმის“პრივატიზაციასთა დაკავშირებით. იქ კი აღმოჩნდა, რომ პინჩუკის „ინტერპაიპისთვის“ უნდა მიგვეყიდა ფერო 14 მილიონ 800 ათასად, სრულად 96 პროცენტი. ეს ის თანხაა, რაც მისი ყიდვის დროს გადავიხადეთ. იმ დროისთვის კი ამ კომპანიის საბაზრო ღირებულება 60 მილიონი დოლარი იყო. ჩემი პარტნიორის, კოკაიას დამსახურებით ეს საუბარი გადატყდა ჩვენს სასარგებლოდ. ილიამ იკითხა, რას იხდიდა პინჩუკის კომპანია ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გადავიხდიდით. გვითხრეს, რომ ამ თანხას ჩვენ ვერ შეწვდებოდით. 50 მილიონზე იყო საუბარი. კოკაიამ თქვა, შევძლებთ, პარტნიორი მყავს და მაქვს საშუალება, ეს თანხები მოვიძიოო. ამიტომ, თუ შანსს მოგვცემთ, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ტენდერშიო. ბენდუქიძე დაგვთანხმდა, თუმცა ამაზე ოქრუაშვილი გადაირია. მართლაც მივიღეთ მონაწილეობა ტენდერში, უზარმაზარ კომპანია „ევრაზჰოლდინგთან“ ერთად. უფრო მეტი თანხები რომ მიეღოთ, აუქციონზე გამოიტანეს „ვარციხეჰესიც“. საბოლოოდ 132 მილიონად შევიძინეთ ეს ორი ობიექტი. თუმცა, ამის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ამიტომ „ევრაზჰოლდინგმა“ თავი შეიკავა, ვინაიდან 132 მილიონი იმ პერიოდისთვის არარეალური ღირებულება იყო.
– ფაქტია, რომ ტენდერი მოუგეთ კუჩმას სიძის კომპანიას, რომელსაც სააკაშვილის ფრთა ლობირებდა. თუ კანცელარიაში ცნობილ შეხვედრას გავითვალისწინებთ, თქვენს წინადადებას ჟვანიას ფრთა დასთანხმდა. ამ შეხვედრაზე სააკაშვილის ყური, როგორც ჩანს, ოქრუაშვილი იყო. ზოგადად, ცნობილია, რომ ჟვანიასა და სააკაშვილის ინტერესები ხშირად უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ 2004 წლის დეკემბერში ჟვანიამ ამ ომში კიდევ ერთი ბრძოლა მოუგო სააკაშვილს. ასეა?
– დიახ. თანაც ეს ხდება ჟვანიას გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე. უცნაური დამთხვევაა... ფაქტია, რომ ეს უზარმაზარი წვეთი იყო სააკაშვილის მოთმინების ფიალაში... რაკი „ევრაზჰოლდინგი“ უკვე თავს იკავებდა ფულის გადახდაზე, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ბენდუქიძე და ვთხოვეთ, რომ 3 თვით გადაევადებინა ფულის გადახდის ვალდებულება. 20 მილიონი უკვე გადახდილი გვქონდა ტენდერში მონაწილეობისთვის და კიდევ 20 მილიონის შეტანას ვგეგმავდით, თუმცა საქართველოს უკვე ახალი პრემიერი ჰყავდა, რომელსაც, ალბათ, თავისი ინტერესები გაუჩნდა და ხელისუფლება ჩვენი გვერდის ავლით დაუკავშირდა ამ რუსულ კომპანიას. დაუკონკრეტეს, რომ ან გადაიხდებოდა დარჩენილი 112 მილიონი, ან მყისიერად დატოვებდნენ საქართველოს. მათ წასვლა არჩიეს.
– ანუ თქვენ ისევ კანცელარიაში შემოთავაზებული წინადადების წინაშე დარჩით – თუ სახელმწიფო მოძებნიდა ინვესტორს, მისთვის ფეროს აქციები 14 მილიონად უნდა მიგეყიდათ?
– ასე იყო, თუმცა, მათ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ მყარი პოზიციები გვქონდა საწარმოში. ჩვენ არ ვიყავით ის მენეჯმენტი, რომელიც კურორტებზე სიარულით მართავს კომპანიას. ჩვენ ჩვენი ოჯახებით ამ საწარმოში ვხვდებოდით ახალ წელს, მუშებთან ერთად. ამიტომ მათ იქ ცხვირის შემოყოფა გაუჭირდებოდათ. ეს იცოდა ყველა ინვესტორმაც. ბოლოს ბენდუქიძემ დაგვიძახა და გვითხრა, სასწრაფოდ იპოვეთ ინვესტორები, ნუ ხართ პასიურ პოზიციაში, თორემ ისევ პრობლემები შეგექმნებათო. არადა ფასები ისევ დაბალი იყო და 132 მილიონი აბსოლუტურად არარეალური ღირებულება იყო კვლავაც. ამასობაში შევიტყვეთ, რომ მათ მოძებნეს მყიდველი, გაურკვეველი პირობებით. ეს იყო ჩვენი ძველი პარტნიორი, რომლისგანაც თავის დროზე 5 მილიონად ვიყიდეთ მათ სარგებლობაში არსებული ფეროს აქციები. ეს იყო „პრამიშლენნიე ინვესტორი“.
– ეს ის ხალხი არ არის, ვინც თავის დროზე გაგაფრთხილათ, რომ დაჭერას გიპირებდნენ?
– დიახ. ამ წინადადებას ისინი დასთანხმდნენ. ამან ძალიან გაგვაკვირვა. ჩვენ მაშინვე ჩავედით მოსკოვში და უშუალოდ შევხვდით მათ ხელმძღვანელს, ვინმე გენერალოვს. ავუხსენით, რას ჰგავდა მისი საქციელი. ეს იგივე იყო, რომ ჩავსულიყავით მოსკოვში, ლუჟკოვს ჩვენთვის შემოეთავაზებინა გენერალოვის სპირტის ქარხანა და ჩვენ ამაზე დავთანხმებულიყავით. თანაც, ჩვენი ყოფილი პარტნიორი მართავდა მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან ჩვენი გვერდის ავლით იმაზეც, რომ კუთვნილი აქციები მისთვის 14 მილიონ 800 ათასად გადაგვეცა, იმ დროს, როცა მანაც ძალიან კარგად იცოდა, რა იყო საწარმოს რეალური ფასი. გენერალოვი დაეთანხმა ჩვენს ყველა პრეტენზიას და გვითხრა, – პირობას გაძლევთ, 1 დოლარად რომ მაჩუქონ ჰოლდინგის 100 პროცენტი, ჩემს ფეხს იქ ვეღარ დაინახავთო. ამასობაში კი პრეზიდენტს ხვდება ეკონომიკის ახალი მინისტრი ჩოგოვაძე. ამ შეხვედრას ესწრება ბენდუქიძეც, რომელიც მაშინ მრჩეველი იყო. ამ შეხვედრაზე სააკაშვილს მოახსენეს, რომ ქართველმა აქციონერებმა შეაშინეს ინვესტორები და გააქციესო. მანაც გადმოყარა დორბლები და დაქუხა – არ დავინახო მათი კავშირის ხსენება ფეროშენადნობ ქარხანასთანო. რა თქმა უნდა, ამ ბრძანების შესასრულებლად ისევ ჩაერთო სახელმწიფო მანქანა და ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა შემატყობინა, რომ ჩვენს საწარმოს თავს უნდა დასხმოდა ფინანსური პოლიცია, ჩვენ კი უნდა დავეჭირეთ. იმ დღეს მე და კოკაია საჯირითოდ უნდა გავსულიყავით. დავურეკე და ვუთხარი, რომ შორ გზაზე მოგვიწევდა ჯირითი. ინფორმაცია კოკაიამ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, კახა დამენიასთან გადაამოწმა. მან ცოტა ხანში დაგვირეკა და გვითხრა, – თქვენს ახალ ქარხანას გახევენო. შევთავაზე ჩემს პარტნიორებს, საქართველოდან წავსულიყავით. მეგობრებმა საზღვარზე სამივე ტომრებით გადაგვიყვანეს. მივაღწიეთ ლონდონამდე, სადაც შევხვდით ჩვენს პარტნიორებს, კომპანია „სტემკორს“, რომელთა მიმართ 3 მილიონი გვქონდა დავალიანება. ცხადია, ისინი შეშფოთდნენ. ამასობაში კი ფინანსურმა პოლიციამ ერთ კვირაში 40 მილიონი ჯარიმა დაგვარიცხა. ამ თანხის გადასახდელად კანონმდებლობით 40 დღე გვეძლეოდა. მალევე, 2006 წლის იანვარშივე, დამირეკა ჩემი და კეზერაშვილის საერთო ნაცნობმა და მითხრა, რომ კეზერაშვილს, რომელიც იმ დროს ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ჩემთან უნდოდა შეხვედრა. ეს შეხვედრა შედგა ისრაელში, სასტუმრო „ჰილტონში“. მან განმიცხადა, რომ ის ჩამოსული იყო პრეზიდენტის დავალებით, რათა ჩვენი აქციები კომპანია „dcm“-ისთვის გადაგვეფორმებინა.
– ამ კომპანიას გივი თარგამაძე ლობირებდა, არა?
– დიახ. ამ კომპანიას თავის დროზე თარგამაძის უახლოესი მეგობარი, გიგა ბედინეიშვილი შეეკრა. ეს იყო ადამიანი, რომელიც პრივატიზაციის პროცესის დროს ხელისუფლებამ ფინანსური დოკუმენტაციის მოსაგვარებლად ჩაგვისვა და მან ხელფასის სახით 660 ათასი დოლარი გამოგვძალა. ანუ თვეში 60 ათასს ვუხდიდით. რეალურად მან ყველა ინფორმაცია მიიღო და შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენა. ჩვენი საქართველოდან წასვლის შემდეგ „სპეცნაზით“ შევიდა საწარმოში და თანამშრომლებს განუცხადა, რომ ამიერიდან ქარხანას „dcm“ მართავდა.
– ეს ხომ თქვენი პარტნიორი ავსტრიული კომპანია იყო, რომელთან ერთადაც თავის დროზე ფეროს სახელმწიფო წილი იყიდეთ?
– დიახ, მაგრამ ჩვენი საქართველოდან წასვლის შემდეგ ბედინეიშვილმა ავსტრიელები დაარწმუნა, რომ ჩვენ დედა აღარ გვყავდა და მათ მისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, რათა ქარხნის მართვას ჩასდგომოდა სათავეში. ის კი მოახდენდა მათი წილის ლობირებას. თავის მხრივ კი ხელისუფლება დაარწმუნა, რომ შეძლებდა სიტუაციის მართვას.
– ახლა უკვე გასაგებია „ფეისბუკში“ გივი თარგამაძის საკმაოდ უხამსი პოსტის შინაარსი თქვენთან დაკავშირებით... გამოდის, მას ძველი ანგარიშები ჰქონია თქვენთან დაკავშირებით...
– რა თქმა უნდა, მასაც ჩაუვარდა თავისი წილი მცირე ზომის, მარილის კოვზი ნაცარში... ბედინეიშვილს თანამშრომლებმა მართვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, მან ეს ვერ წარმოადგინა და სააკაშვილის მოლოდინი კიდევ ერთხელ გაცრუვდა.
– თქვენი და კეზერაშვილის შეხვედრა რამე შეთანხმებით დასრულდა?
– კეზერაშვილმა მითხრა, რომ, თუ ფეროში დარჩენას შევეცდებოდით და რამე გზით ამ ჯარიმას გადავიხდიდით, მერე კიდევ დაგვარიცხავდნენ ას მილიონს ზემოდან და ასე გაგრძელდებოდა დაუსრულებლად, სანამ რესურსები არ ამოგვეწურებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ გავფრინდით ავსტრიაში და „დისიემს“ ჩვენი აქციები 40 მილიონად შევთავაზეთ. „dcm“-ში გაიკვირვეს, რადგან ჩვენგან ისინი თურმე სახელმწიფოსგან დაპირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდნენ და არა ფასზე მოლაპარაკებას. ვინაიდან ვერ შევთანხმდით, ისევ ჩვენს ინგლისელ პარტნიორებს, „სტემკორს“ შევთავაზეთ წინადადება – მათ მივცემდით ჩვენს აქციებს ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ისინი შემოვიდოდნენ საქართველოში და დაიცავდნენ ჩვენს ინტერესებს პრივატიზების პროცესამდე. ამ მომსახურებისთვის ყოველთვიურად 100 ათასს გადავუხდიდით. ამასობაში კი მოვძებნიდით ინვესტორს „ჭიათურმანგანუმის“ პრივატიზებისთვის და შემდეგ უკვე მოვილაპარაკებდით, ვის რა ინტერესები ექნებოდა ახალ ჰოლდინგში, იმის მიხედვით, ვინ რას გააკეთებდა.
– ანუ, აქ იგივე სქემა გათამაშდა, რაც თავის დროზე პატარკაციშვილმა გააკეთა მერდოკთან?
– დიახ. „სტემკორი“ ჩამოვიდა საქართველოში და თავისი ინტერესები და სიტუაციები დაალაგა... იქ დაინიშნა ნომინალი, მათი კომპანიის წარმომადგენელი, რადგან, საწარმოში რომ ჩაიხედეს, მითხრეს, ამაში დიდხანს ვერ გაერკვეოდნენ. ამდენად, ოპერირებას ისევ ჩვენ ვაგრძელებდით... 2006 წლის ზამთრისკენ გამოჩნდა უკრაინული კომპანია, „პრივატგრუპი“. ეს იყო ცნობილი მილიარდერის, კალამოისკის კომპანია. ის დაინტერესდა ჩვენი შეთავაზებით იგივე პირობებით, რაც თავის დროზე გვქონდა „ევრაზჰოლდინგთან“. ოღონდ, რაკი არსებობდა გაურკვეველი დავები, კვიპროსში დაფუძნდა სრულიად ახალი კომპანია, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოში დააფუძნა შვილობილი კომპანია. გადაწყდა, რომ თანხებს ჩავურიცხავდით ამ შვილობილ კომპანიას, ის კი შეიძენდა ფეროშენადნობი ქარხნისა და „ჭიათურმანგანუმის“ გაკოტრების მმართველებიდან ამ საწარმოების აქტივებს, ხოლო „ვარციხჰესიდან“ – აქციებს.
– კვიპროსში დაფუძნებულ ჰოლდინგში დამფუძნებლებად შეხვედით?
– დიახ. 50-პროცენტიან წილში. პრივატიზაციის პროცესსაც ჩვენ ვმართავდით. თუმცა სახელმწიფო ტერორისგან ჩვენი, ჩვენი ოჯახებისა და მეგობრების გადასარჩენად დროდადრო ვყიდდით ამ წილს. დღეს მე და ილია კოკაია იმ ჰოლდინგში მხოლოდ 10 პროცენტს ვფლობთ. იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახების წევრებს რამე პრობლემა არ შეჰქმნოდათ, დროდადრო გვიწევდა საქართველოში რაღაც-რაღაცების დაფინანსება.
– საქართველოში ისევ დაბრუნდით?
– პრივატიზების პროცესი დავასრულეთ, კალამოისკიმ ის 112 მილიონი გადაიხადა და იმ პირობით, რომ ჩვენ არ გამოვჩნდებოდით ზესტაფონსა და ჭიათურაში, საქართველოში დავბრუნდით. ხელისუფლებასთან დამაკავშირებელი პირი პალიკო კუბლაშვილი იყო. ის ისევ გამოვიდა კონტაქტზე და გვითხრა, რომ შენდებოდა სიღნაღი და არ გირჩევდით ნეიტრალურ პოზიციაზე დგომასო. დავთანხმდით, რომ 800 ათას დოლარს გადავიხდიდით დანგრეული პოლიციის შენობაში და იქ სასტუმროს აშენებაში. გადავიხადეთ ეს ფული. ოღონდ თავშივე ვთქვით, რომ არ ვინტერესდებოდით არაფრით. შეეძლოთ სასტუმროს პროექტიც თვითონ წარედგინათ, ინტერიერიც და დიზაინიც.
– უარი რომ გეთქვათ, რა მოხდებოდა?
– რაც სხვებს მოსდიოდათ უარეს შემთხვევაში. რა მოუვიდა ილია კოკაიას, შვილი რომ დაუჭირეს? შემთხვევითი ავარია მოხდა და დაიღუპა ხანშიშესული ქალბატონი. იქვე იყო პატრული. ჩატარდა ყველა პროცედურა, ილიას ქალიშვილს დააწერინეს ხელწერილი და გაუშვეს სახლში. თუმცა, როცა გაირკვა, რომ ილია კოკაიას შვილი იყო, მაშინვე წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამასთან კი შუამავალი გამოგზავნეს, დანაშაული 5 წელს ითვალისწინებს და წელი მილიონი დოლარი ღირსო.
_ ვინ იყო შუამავალი?
_ შუამავალი იყო, ადეიშვილის მიერ გამოგზავნილი, „ ბოთლების სკანდალით“ ცნობილი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გია გეწაძე... ილიამ ეს თანხა გადაიხადა და თანაც ძალიან საინტერესოდ: თავისუფლების სანაცვლოდ გადაახდევინეს ნომინალური თანხა, დანარჩენი ფულით კი ახალციხეში რაღაც მიგდებული ფერმა აყიდვინეს, 200 კვადრატული შენობა და კახეთში – რაღაც მიწის ნაგლეჯი.
– სიღნაღში სასტუმრო არ აშენებულა...
– თურმე ფული არ ეყოთ. პალიკომ გვითხრა, ზურაბ ადეიშვილმა შემოგითვალათ, რომ კიდევ 3 მილიონია საჭიროო. მაშინვე გავახსენე, რომ პროექტიც, დიზაინიც, ინტერიერიც მათ უნდა წარედგინათ. მე მხოლოდ მათი შემოთავაზებული თანხა გავიღე და აქ მთავრდებოდა ჩემი ვალდებულებები. ამიტომაც ისევ პალიკომ გვითხრა, რომ მერაბიშვილს ჰქონდა საინტერესო წინადადებები და ეს შეხვედრაც შედგა მერაბიშვილის კაბინეტში. შემოთავაზებულ თემებს შორის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო მანქანების ბაზრობა იყო. მაშინვე წაგვიყვანა ტერიტორიის სანახავად თავისი მანქანით. თვითონ დაჯდა საჭესთან. მიწა უნდა გვეყიდა 5 მილიონ დოლარად – მერე კი შეუბერავთ, რა უნდა, ერთ ფილას დააგებთ, გზას დააგებთ და უკვე ბაზრობა იქნებაო. ამ პროექტით „პრივატბანკიც“ დავაინტერესე, რომლის აქციონერიც ვიყავი მაშინ. ვანო დამპირდა, რომ ამ ბანკს ექსკლუზივს მისცემდა სააგენტოში. მოგვიანებით კი მადა უფრო გაეზარდათ და გვითხრა, რომ მთელ 20 ჰექტარზე ბეტონი უნდა დაგვესხა. ჯამურად თანხები უკვე 20 მილიონამდე ადიოდა. მშენებლობა დროში გაიწელა. უკრაინელი მშენებლები დაიჭირეს. მე კი სასწრაფო წესით ჩამომიყვანეს ბათუმიდან პროკურატურაში და სამსაათიანი დაკითხვა მომიწყვეს. თემას ასე ალაგებდნენ, რომ ვითომ მე კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით ვწელავდი მშენებლობას და ამით ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში საბოტაჟს ვუწყობდი სახელმწიფოს. ეს მესიჯი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, რომ, თუ დროულად არ მოვრჩებოდით მშენებლობას, რა სახის საქმეს წამოიწყებდნენ ჩემს წინააღმდეგ. პროკურატურიდან გამოსვლისთანავე დამიკავშირდა სააგენტოს დირექტორი და მითხრა, რომ, თუ ფინანსური პრობლემები არ გვქონდა, სამშენებლო კომპანიას ისინი მომიყვანდნენ. ამაზე შეთანხმება ისევ ვანოსთან კაბინეტში უნდა მომხდარიყო. ამჯერად სამინისტროს ახალ, შუშებიან შენობაში. ამ შეხვედრას „პრივატბანკის“ პრეზიდენტი და მისი მოადგილეც ესწრებოდნენ. ვანოსგან შემოთავაზებული კომპანია იყო „ნიუ ენერჯი“, სადაც მისი ინტერესები იკვეთებოდა და პირადად მერაბიშვილს იქ ვინმე ლუხუმ კაპანაძე წარმოადგენდა, რომელიც ამავდროულად ჩოჩელის პარტნიორიც იყო. იმ პერიოდში ხელისუფლების კონკრეტული ჩინოვნიკები გარკვეულ ბიზნესჯგუფებად დაიყვნენ. მერაბიშვილისა და ადეიშვილის ბიზნესჯუფში ასოცირდებოდა სამშენებლო კომპანია „ნიუ ენერჯი“, ცეზარ ჩოჩელი და ა.შ. ჩვენი საუბარი წავიდა იქით, რომ ჩვენც ამ ჯგუფში მოვეაზრებინეთ... ერთი სიტყვით, მანქანის ბაზრობის მშენებლობაც დასრულდა და 2008 წელიც გადაგორდა. მე და კოკაია იარაღით დაგვაჯილდოვეს. „ბარაკი“ გვაჩუქეს და იმავე საღამოს ვანოსთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან ერთად დაგვპატიჟეს ვახშამზე რესტორან „ვოგში“. ამ ვახშამზევე გაირკვა, რომ კიდევ ყოფილა სხვა საინტერესო თემები და ამის შემდეგ ჩვენთან საკონტაქტო პირი იქნებოდა გიორგი ქადაგიძე. ურთიერთობა ქადაგიძესთან გაგრძელდა, რომელმაც ჩამოთვლილ ობიექტებს შორის გუდაურის სასტუმრო „მარკოპოლოს“ და საბაგირო გზების ყიდვა შემოგვთავაზა. ამაში 10 მილიონი ევრო უნდა გადაგვეხადა. ამაზე ხელშეკრულება 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა. თუმცა, ერთ წელიწადში წაგვართვეს საბაგირო გზები. გვითხრეს, ერთ დოლარად უნდა დაუთმოთ სახელმწიფოსო. ამ შემთხვევაში ჩვენს არეალში ახალი ფიგურანტი, გიგი უგულავა შემოვიდა. ამაზე განგაში ავტეხეთ და სანაცვლოდ 20 ჰექტარი მიწა მოგვცეს 1 დოლარად თბილისი ზღვაზე, სადაც 5-მილიონიანი ინვესტიცია უნდა გაგვეხორციელებინა. ეს ინვესტიცია არ განვახორციელეთ, ვინაიდან ამ დრომდე ჩვენი თავი და ოჯახები გადავირჩინეთ ჩვენი კუთვნილი აქციების გაყიდვით. უკვე ახლოვდებოდა არჩევნები და თუ ნაციონალები ისევ გაიმარჯვებდნენ, ჩვენ საქართველოს დატოვებას ვგეგმავდით, ვინაიდან კიდევ 4 წელი ამ პირობებში ყოფნისთვის ფინანსური რესურსები აღარ გვეყოფოდა. მათ უნდოდათ, რომ ბიზნესმენისთვის რაც შეიძლება მეტ ობიექტში გადაეხდევინებინათ ფული, რომ მერე მას ეს ფული რომც გამოლეოდა, მის ნაყიდ ობიექტებს მისდგომოდნენ და ხელახლა გაეყიდათ. რაკი ზღვაზე ინვესტიცია არ განვახორციელეთ, 200-ათასიანი ჯარიმა დაგვაკისრეს, რომლის ჩამოწერისთვის უგულავამ, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი მოითხოვა. მე ეს ფული გადავიხადე და რაკი ამ ქრთამის თემამ მშვიდობიანად ჩაიარა, უკვე მერე წამოვიდნენ ჩემთან ცნობილი თემით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.
– და თქვენც შანსი ხელიდან არ გაუშვით, შური გეძიათ მათზე...
– ეს ასე არ არის. მე მაქვს იმის საშუალება, რომ დარჩენილი ცხოვრება ლაღად და უზრუნველად გავატარო და ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო. ასე მოვიქცეოდი კიდეც, რომ ვიცოდე, რომ რაც მათ დანაშაულები ჩაიდინეს, დაუმტკიცდათ. ეს ყველაფერი მათმა უცხოელმა პატრონებმა აღიარეს, არიან დისკრედიტებული და არასდროს ხელისუფლებაში არ დაბრუნდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსები, სასამართლოსა და საჯარო უწყებებში... არადა ეს ის ხალხია, ვინც ადამიანებს თვითნებურად ხვრეტდნენ, ფეხზე ლოდს აბამდა და ზღვაში აგდებდა. ჩემი თემა რა არის ასეთ ფაქტებთან შედარებით? ცოტა ხანში ნახავთ, რომ მათ პრობლემები დაეწყებათ და ერთმანეთზე დაგვიდებენ ძალიან საინტერესო მასალებს. ამის განცხადების რეალური საფუძველი მაქვს. კეზერაშვილი ფლობს მათ სასიცოცხლო „საერთოს“ და ჩემი დახმარებით ამ „საერთოს“ მიადგა გამოძიება. თუმცა ბევრ რამეს, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ვერ გავშიფრავ. ესენი სისტემური დამნაშავეები არიან და მათი დანაშაულები უსათუოდ გაიშიფრება. რაც უფრო გავა დრო, მით უფრო მწირი გახდება მათი რესურსი და თვითონვე გამოააშკარავებენ ერთმანეთს.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ მდიდარ ბიზნესმენებს ატერორებდა...
– მაშინ რატომ ატერორებდნენ ღარიბ მეტყევეებს? ან რატომ იჭერდნენ ძიძებს პარკებში? რატომ ატერორებდნენ ქალებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ოჯახის სარჩენად თურქეთიდან ტანსაცმელი ჩამოეტანათ გასაყიდად? და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხოცავდნენ ხალხს... ამავდროულად კი თავიანთი საყვარლებისთვის ხიდებს აშენებდნენ და ნარკოტიკებით ერთობოდნენ. როგორც დაცვა ყვება, ნარკოტიკებით გაბრუებული სააკაშვილი იბიცაზე დისკოთეკიდან ძლივს გამოუთრევიათ.
– თქვენი აზრით, გამოძიება მივა სააკაშვილამდე?
– ასეთი სისტემური დანაშაული რომ არ დადასტურდეს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. საინტერესოა, რით ცხოვრობს დღეს სააკაშვილი და მისი ნათესაობა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესში იყო ჩართული. ბაბუასაც კი ჰქონდა ინტერესი თუნდაც ზოოპარკში. უკვე აღარ ვსაუბრობ დედამისზე, ბიძამისსა და მის ყველა ძმაზე, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიებში ამოჰყვეს თავი. სააკაშვილი ამ ყველაფრიდან სარგებელს არ ნახულობდა? ცოტა ხანში ამ ყველაფერზე მასალები დაიდება.
(PrimeTimeNews. თამარ გორთამაშვილი)