reportiori.ge - ზურაბ ხონელიძე: დღეს დუმილი დანაშაულის ტოლფასია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:09
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ ხონელიძე: დღეს დუმილი დანაშაულის ტოლფასია!
ავტორი:
26 ივნისი, 2014. 23:54

ევრაზიის გასაღების ფუნქცია საქართველოში დევს?!



დღეს საქართველო, შეიძლება თამამად ითქვას, კლასიკური არშემდგარი სახელმწიფოა. როგორ ჩამოვყალიბდეთ სრულფასოვან სახელმწიფოდ, ამაზე მსჯელობა ამ დრომდე არ ყოფილა. ზურაბ ხონელიძე მიიჩნევს, რომ ამისათვის საჭიროა ქვეყანა საკუთარი განვითარების შეწყვეტილ ტრაექტორიას მიუბრუნდეს. „დროა ისტორიულ ფესვებს დავუბრუნდეთ, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის ეპოქა, როცა სხვის ინტერესებს ქვეყნისას ვანაცვლებდით, დროა, „პატრონი" პარტნიორმა შეცვალოს და ორიენტირის განსაზღვრისას ახალი მიდგომით ვიმოქმედოთ" - აცხადებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხონელიძე. პროექტი - სამხრეთ-კავკასია - გეოპოლიტიკური სივრცე თანამედროვე რეგიონული მოდელია, რომელიც ცივილიზაციათა და რელიგიათა შორის დამაკავშირებელ, ინტეგრაციული მიმზიდველობის მქონე მსოფლიოს ახალი „მშვიდობის ზონის" შექმნას გულისხმობს, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვეყანათა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ჯგუფი, ქრისტიანული და ისლამური რელიგიის მატარებელი ხალხებით. ასეთი მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი რეგიონული სივრცეა და ეს სამხრეთ-კავკასიაა.


აღსანიშნავია, რომ პროექტი წარმოადგენს მცდელობას პასუხი გაეცეს კითხვას - არა ვინ, არამედ რა გადაგვარჩენს?


როგორ ჩავეწეროთ ახალი მსოფლიოს არქიტექტურაში? როგორ მიუახლოვდეთ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის პრობლემის გადაჭრის გზას, რასაც წლების მანძილზე უფრო და უფრო დავშორდით? რას მოუტანს ქვეყანას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობა? უნდა დავანებოთ თუ არა თავი „პრო"-ს ძახილს და რას გვპირდება შემოთავაზებული „მესამე გზა"? - ამ თემების ირგვლივ თავად პროექტის ავტორი ზურაბ ხონელიძე გვესაუბრება:


- ბატონო ზურაბ, ახლახან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში თქვენი წიგნის - „საქართველოს არჩევანის" პრეზენტაცია შედგა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს განპირობებული, პროექტის - სამხრეთ კავკასია - გეოპოლიტიკური სივრცე, განხორციელების ნიადაგი მომწიფებულია?

 

- სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ თქვენ, როგორც ქართველ ჟურნალისტს, „საერთო გაზეთს", მის რედაქტორს ბატონ ვახტანგ ხარჩილავას - საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ, გამოჩენილ პუბლიცისტს, მოაზროვნეს, პოეტს და ქვეყნის შვილს. მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე ვიაზრებ თუ რაოდენ დიდი პატივი მერგო 17 ივნისს, რათა სრულიად საქართველოს მაღალი აკადემიური წრეების, საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების, დიპლომატების, ქართული საზოგადოების წინაშე წარვმსდგარიყავი. პრეზენტაციის დღე, ჩემთვის, როგორც ქვეყანაზე მოფიქრალი ერთი რიგითი ქართველისთვის, უდიდესი სტიმულია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღემ და იმ ინტერესმა, რომელიც საზოგადოებისგან დავინახე, მთლიანად განსაზღვრა ჩემი შემდგომი საქმიანობა, ცხოვრების მიმართულება და არჩეული გზის სისწორეში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. რაც შეეხება პროექტის შექმნის მიზანს: იგი, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, ჯერ კიდევ 20 წლის წინ შეიქმნა, მაგრამ სრულყოფილი სახე რამდენიმე წელია რაც მიიღო. მერწმუნეთ, არც პროექტის ავტორი და არც თანამოაზრეთა ჯგუფი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს არ წარმოვადგენთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ის იყო, რა განწყობაც მეცნეიერთა აკადემიაში დავინახე - ქვეყანაზე ფიქრი, ზრუნვა, არსებული რეალობის ახსნა, სწორი დიაგნოზი და გამოსავლის პოვნა. ძირითადი მიზანი უცვლელია, ესაა: ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ ელიტას დავეხმაროთ და გაიაზრონ არამხოლოდ ცნება „სამშობლო", არამედ „თანამედროვე სახელმწიფოს" მნიშვნელობა, რომელიც სამშობლოსათვის გაცნობიერებულად, შეუწირავად სამსახურის შესაძლებლობას იძლევა.


- რა ფაქტორებმა გადაგაწყვეტინათ პროექტის შექმნა და როგორ შევცვალოთ ჩვენი ბედი?

 

- არსებული რეალობა სწორად უნდა შევაფასოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ემოციების ტყვეობაში დავრჩებით. დღეს, დუმილი დანაშაულის ტოლფასია. აუცილებელია, სწორი დიაგნოზის დასმა, ქვეყნის რეალისტური მიზანის განსაზღვრა. დღეს ქვეყანას არა რეფორმა - ფორმის შეცვლა, არამედ არსობრივი ცვლილება - თვისობრივი გარდაქმნა ესაჭიროება, რომელიც სრულიად განსხვავებული ამოცანაა, მას სხვა ტექნოლოგია და გააზრების ფორმები გააჩნია. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ვერცერთმა ხელისუფალმა ადეკვატური ნაბიჯი ვერ გადადგა და სივრცისა და დროის ერთმანეთთან თანხვედრა ვერ მოახერხა. ამიტომ, შექმნილი მდგომარეობის საზოგადოებაზე გადაბრალება, გაუგებარია. გეტყვით რას ვგულისხმობ, ქართული საზოგადოება, უარყოფით კონტექსტში, ევროპულისგან არაფრით განსხვავდება. დადებითი კი ბევრია. საერთოდ, საზოგადოებად ყოფნა, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. აქ საზოგადოების ბრალეულობის საკითხი კი არ უნდა დავაყენოთ, არამედ პოლიტიკური ელიტის, რომელსაც ქვეყნის დღევანდელობაზე, წარსულსა და მომავალზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია. ყველა პრობლემის ძირითადი მიზეზი, საფუძველი და სათავე, ჩემი აზრით, ადამიანის გონებაშია. ანუ, ქართველი, ბოლო რამდენიმე საუკუნეა, ყოფით ცხოვრებასა და სახელმწიფო პოლიტიკაში „მომხმარებლურ" მოაზროვნედ ჩამოყალიბდა. ქართველი ცდილობს უმოკლესი, უმარტივესი გზა მოძებნოს, რათა სხვის ხარჯზე საკუთარი პრობლემები მოაგვაროს. საუბედუროდ, სახელმწიფოებრივი აზროვნება შესუსტდა, მოხდა საზოგადოების გათითოკაცება და ყოფით პრობლემებზე მიჯაჭვულობა. ბუნებრივია, ყველა ქართველს აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანა გვეშლება, თავზე გვექცევა, მაგრამ ყოფით პრობლემებზე იმდენადაა მიჯაჭვული, რომ საერთო ეროვნული, ნაციონალური პრობლემის მიმართ გაუცხოებულია. ამ ფსიქოტიპს ილია ჭავჭავაძე საშოვარზე გადაგებულ ქართველს უწოდებს. დღეს, ეს რეალობა გვაქვს. რა ხდება, ამ დროს, სახელმწიფო პოლიტიკაში? ისტორიულად საქართველოს ყოველთვის გარკვეულ ძალებს შორის (თურქეთი, ირანი რუსეთი, აშშ და ევროპა) უხდებოდა არჩევანის გაკეთება. რატომღაც გამუდმებით მხოლოდ ან პრო-დასავლურობაზე, ან პროამერიკულობაზე ვსაუბრობთ. ჩვენი პოლიტიკური ელიტის აზროვნება ვერ წავიდა უფრო შორს, მან სხვა - მესამე - წონასწორობის, თანაფარდობის, ოქროს შუალედის პოვნის გზა, ვერ დაინახა. უფრო მეტიც, რეალურად, ვერ მოხერხდა იმ ინტერესების ობიექტური შეფასება, რაც საქართველოში როგორც ერთი, ისე მეორე ძალას აქვს. არ მოხდა ამის ქართულ სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრა, შესაბამისობაში მოყვანა. ვთვლით, რომ - თანაფარდობის და წონასწორობის დაცვა შესაძლებელია, მაგრამ ამის საშუალებას - ინტერესების შესაბამისობაში თანხვედრის მიღწევას მხოლოდ ქართველი ვერ შეძლებს. მაგრამ არსებობს გამოსავალი - ძალა ხომ ერთობაშია. ქართველისთვის, ეს ერთობა, მრავალფეროვნებით მიიღწევა. ფაქტია, როგორც ადამიანებს, ისე ქვეყანას აქვს ბედი - ბედისწერა. ღვთის საიდუმლო განგებულებით, ჩვენს ერს, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ბრძანებს - „ჩვენს ერს დაეკისრა ვალდებულება უპატრონოს იმ სივრცეს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს და რომელსაც საქართველო ეწოდება". ქვეყნის ბედი მის გეოპოლიტიკაში მდგომარეობს. განგებამ საქართველოს ევრაზიის კარიბჭის  ადგილი მიუჩინა. ევრაზიისა, რომელიც დღეს მსოფლიოს გეო-პოლიტიკური ღერძია. ფაქტია, ის, ვინც მას ფლობს, მისი პრეტენზია მსოფლიოს დაეუფლოს, ობიექტურია. ევრაზიის გასაღების ფუნქციამ, რომელიც რეალურად საქართველოში დევს, ძირეულად განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედი. გეოპოლიტიკა - დრო და სივრცეა, რომელთა თანხვედრა, სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, ვერ შევძელით. ჩვენი ეფექტიანობა კი სივრცის გაფართოებაში მდგომარეობს. ამოცანა, რომლის წინაშეც დღეს ქართული სახელმწიფო დგას, საქართველოსგან დამოუკიდებლად უკვე ამოხსნილია, რაც დომინანტმა სახელმწიფოებმა გააკეთეს, რომლებიც თავიანთი ინტერესების რეალიზაციას ახდენენ. საქართველოსთვის მიუღებელია ამოცანის პასუხი. მაგრამ ხომ შეგვიძლია პასუხზე გავლენა ვიქონიოთ? ამოცანის პასუხზე გავლენის მოხდენა ნიშნავს შემდეგს: პასუხი შეიძლება ერადერთი გზით შევცვალოთ - როცა ამოცანის მოცემულობა იცვლება, ჩნდება ახალი ამოცანა, რომელსაც ახალი ამოხსნა აქვს.


- საქართველოსთვის რას ნიშნავს მოცემულობის შეცვლა?

 

- ესაა სივრცის გაფართოება. ამაში ტერიტორიების შემოერთებას როდი ვგულისხმობ, არამედ ქართული სამოქმედო არეალის გაფართოებას და მასში სხვა ჩვენი მოძმე მეზობელი ქვეყნების შემოყვანას. ანუ, თანაზიარობის პრინციპზეა საუბარი. რეალურად, დღეს ჩვენ - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ბედის თანაზიარნი ვართ, ერთად ყოფნისთვის ვართ განწირულნი, მაგრამ სივრცე სწორად უნდა განვსაზღვროთ.


- ბატონო ზურაბ, რატომ მოხაზეთ სივრცის გაფართოების არეალად მხოლოდ სამხრეთ-კავკასია და არა კავკასია?

 

- მოგახსენებთ. აქ მხოლოდ რეგიონალურ მოწყობაზე არაა ლაპარაკი. ის რომ კავკასია ერთიანი რეგიონია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის იდეა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, ახალი არაა. სამხრეთ-კავკასიის ერთობის, კონფედერაციის, ფედერაციის და ა.შ. ბევრი პროექტი არსებობდა თავის ფორმულებით, მაგრამ ჩვენი მიდგომა პირდაპირი კალკი და წარსულის გადმოტანა როდია. ესაა, უბრალოდ, თანამედროვე გამოწვევებზე და იმ გლობალურ პროცესებზე მორგება, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს მცდელობაა, ახალი მსოფლიოს არქიტექტურაში ჩავეწეროთ.


რაც შეეხება სივრცის საგარეო ორიენტირის განსაზღვრას, ამ გარემოებებს ისევ დომინანტი ძალები განაპირობებენ. ორიენტირი - ისტორიული აუცილებლობაა. ჩვენთვის, მთავარი, ერთიანი სივრცის ქვეშ ყოფნა და სწორი გეო-პოლიტიკური სისტემის შექმნაა. მაგრამ საქართველოს მორგებული ნებისმიერი სისტემა, თუ მისი მონაწილენი ძირითადი გეოპოლიტიკური ცენტრები - აშშ და რუსეთი ერთად (ასევე ევროპა) არ იქნებიან, ანუ ქვეყნები, ვისაც ვჭირდებით, „არ იმუშავებს". ვფიქრობ, დროა ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის ეპოქა, როცა სხვის ინტერესებს საკუთარი ქვეყნისას ვანაცვალებდით, იქნებ გასაჭირმა სიბრძნეს გვაზიაროს და ორიენტირის განსაზღვრისას, ახალი მიდგომით ვიმოქმედოთ. კერძოდ, იგი, აშშ-სთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებით, ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის სივრცეში სრული ინტეგრაციისკენ მივმართოთ და ერთიანი გავხადოთ. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ამბიციები გვაქვს, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ერთი რამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ქვეყანას გარკვეული ისტორიული ფუნქცია აქვს. შემთხვევითი არაა, რომ ქართველი ამ მიწაზე დასახლდა. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა შენს მიწას უპატრონო, რამაც ნაყოფი უნდა გამოიღოს, რასაც მარტო შენთვის კი არ მოიხმარ, არამედ საერთო სარგებლობის და მოხმარების საგნად აქცევ. რა ხდება დღეს? - ჩვენ, საკუთარ მიწას, სივრცეს ვერ ვპატრონობთ, რისი შედეგიც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის სახით სახეზე გვაქვს. სივრცე არსად დაიკარგება, მაგრამ თუ პროცესი გააგრძელა, სივრცეს სხვა პატრონი გამოუჩნდება და მისი გადანაწილება საქართველოს ინტერესის ხარჯზე მოხდება, რითაც დაკმაყოფილდებიან პერსპექტივაში, ხვალინდელი ჩვენი მოკავშირეები, უახლოესი პარტნიორები.


- თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის დაშლის, დაქუცმაცების პროცესი დაწყებულია. თუმცა პროექტის განხორციელების შემთხვევაში, როგორ შეჩერდება ეს პროცესი?

 

- პროექტში, რაც არ უნდა ობიექტური და სწორი ხედვა იყოს ჩამოყალიბებული, იგი უნაკლო ვერ იქნება. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ახალი ხედვა, ახალი მიდგომა წარმოვადგინოთ, რომელიც მისი სრულყოფის შემდეგ შეიძლება იმ პროექტის ალტერნატივად იქცეს, რომლიც საშუალებას მოგვცემს საქართველო სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ამ პროექტმა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს. პირველ რიგში, მსჯელობა ქართულ სახელმწიფოში, შემდეგ ჩვენს მეზობლებში და მერე დომინანტ ძალებთან და ქვეყნებთან უნდა დაიწყოს. აი, ესაა პირველი ნაბიჯი. არავის აქვს ილუზია, რომ ამ იდეის ხორცშესხმა დღესვე განხორციელდება და მოკლე პერიოდს მოიცავს. ეს, მსოფლიოს გლობალურ გეო-პოლიტიკურ, გეო-ეკონომიკურ პროცესებში ეკონომიკური ინტეგრირების, როგორც ერთიანი სივრცის, ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების მუდმივი პროცესია, იმ სახით, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება, რაც მთლიანობაში საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას აღუდგენს. ქვეყანამ, რომელსაც დღეს ხელოვნური ფუნქცია აქვს მიჩენილი, საერთაშორისო ფუნქცია უნდა შეიძინოს. ქვეყნის სიძლიერე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად გეო-პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობისა, დღეს, იმდენად პატარა და უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, რომ საქართველოს პირდაპირი საერთაშორისო ფუნქცია არასდროს ექნება. ჩვენი საერთაშორისო ფუნქცია ჩვენს რეგიონულ ფუნქციაზე გადის. ამაში არ ვგულისხმობ, საქართველო სივრცის დომინანტი გახდეს. დღეს, ლიდერობა, იგივე სამხრე-კავკასიურ სივრცეში, უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რისთვისაც საქართველო მზად არი არის. ცალ-ცალკე აღებული არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. ჯერ ვალდებულებების აღება და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილება უნდა მოხდეს.


- რა რისკებთან შეიძლება იყოს ყოველივე დაკავშირებული?

 

- რისკი, რაც დღეს ქვეყანას რეალურად, აქვს და რა მიმართულებითაც სვლას ვაპირებთ, იმდენად განსხვავებულია, თანაფარდობა იმდენად შეუსაბამოა, რომ ამ რისკის ფასად ღირს ნაბიჯის წინ გადადგმა. ხომ გაგიგიათ, „გაუბედავებს გაურბით ბედი". ჩვენ უნდა გავბედოთ. აქვე, ერთ ცნობილ გამონათქვამსაც დავამატებ: „იქცეოდეს შეესიე, შენდებოდეს შეეწიე".


- პროექტი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ როგორ აპირებთ მის განხორციელებას, ამის რა ბერკეტები არსებობს?

 

- სადაც კი ინტერესი გაჩნდება, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ეს იქნება ხელისუფლება თუ საზოგადოების ფართო წრეები. ამითაც არ შემოვიფარგლებით, თავად მივალთ აუდიტორიებში, ახალგაზრდობასთან, სამეცნიერო წრეებთან, ეკონომისტებთან, ფინანსისტებთან, ისტორიკოსებთან, ექსპერტებთან, სამხედრო გენერალთა კლუბში და ა.შ. მიზანი მხოლოდ თემის მიტანა კი არ არის, არამედ თემის გამდიდრება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჩნდება, რამაც შეიძლება გარკვეულ საკითხებზე, რაც უკვე პროექტში მოცემულია, კითხვის ნიშნები დასვას, ან გაამდიდროს და ახალი სიცოცხლისუნარიანობა შეჰმატოს. რატომღაც, ამას ხონელიძის პროექტს უწოდებენ. ეს ასე არაა, ეს არც მხოლოდ ქართული პროექტია. დღეს, რა სახის ქართული პროექტიც არ უნდა შევთავაზოთ გარესამყაროს, თუნდაც საქართველოს ისტორიულ სამართლიანობას მორგებული და მისი გადაწყვეტა მოვითხოვოთ, ეს მაინც არ იმუშავებს. გლობალიზებულ სამყაროში იმუშავებს მხოლოდ გლობალური პროექტი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ამოქმედების აუცილებლობას დავანახებთ და მის რეალიზაციაში საქართველოს საჭიროებას გააჩენს.


- რას მოუტანს ეს პროექტი საქართველოს, რა დამატებით ფუნქციას შესძენს მას და რა სარგებელს ნახავს აზერბაიჯანი, სომხეთი?

 

- პროექტის რეალიზაცია საშუალებას მოგვცემს, პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ-კავკასიის ბუნებრივი მედროშის უნიკალური ფუნქცია დაიბრუნოს, პასიურიდან აქტიურ მოთამაშედ იქცეს, შეცვალოს ქვეყნისადმი განწყობა, შეაჩეროს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკური ელიტებისა და არა ერების დაკვეთა. მათ შორის, რეგიონში „ცენტრში" გადაწევის, ე.წ. სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს, საქართველოს კი სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად კავკასიის კონტექტსიდან ამოვარდნის დინამიკა. ეს დააჩქარებს პროცესის უკან, წარსულის მიმართულებით (ორიენტაციადაკარგული საქართველოს - სამხრეთ კავკასიასა და კავკასიაში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - საქართველოში) მობრუნებას და საერთო რეგიონული კონფლიქტების (აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ-ოსეთის და მთიანი ყარაბაღის) ერთიანი ძალისხმევით მოგვარებას. მეორე რიგში, განვსაზღვროთ სამხრეთ კავკასის ქვეყნების მთლიანობაში არსებული და დღემდე გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსი საშუალებას მოგვცემს, ეკონომიკური პოტენციალიდან, საზიარო ინტერესებიდან გამომდინარე შევქმნათ მათი სამხედრო-პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკური დაახლოების მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ახალი ურთიერთდამოკიდებულების რეგიონული მოდელი. ასევე, ვუზრუნველყოთ მისი, როგორც ერთიანი სივრცის მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირება. უახლოეს პერსპექტივაში საერთო ბაზრის გათვალისწინების, სავაჭრო სატრანზიტო ცენტრის აღდგენისა და კონკრეტული ტრანსნაციონალური პროექტების რეალიზაციის შედეგად სამხრეთ კავკასია შესაძლებელია საერთაშორისო კაპიტალის ფორმირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეო-ეკონომიკურ სივრცედ იქცეს. და მესამე, ახალი სამეზობლო პოლიტიკის სამშვიდობო პლატფორმით სამხრეთ-კავკასიის ქვეყნების შიდა - ეროვნულ და გარე - კოლექტიური უსაფრთხოების, თავდაცვის ერთიან რეგიონულ სისტემას ჩამოვაყალიბებთ. ერთი მხრივ, მსოფლიოს დომინანტ სახელმწიფოს - აშშ-ს, რეგიონული ლიდერის - რუსეთის, ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, ირანისა და შუა აზიის ფაქტორის გათვალისწინებით, სამხრეთ-კავკასიური რეგიონული სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთო ინტერესის საგნად ვაქციოთ. მეორე მხრივ, მათაც, სრულად დავანახოთ საქართველოს ახალი ფუნქციის აუცილებლობა და რეგიონის, როგორც ერთიანი სივრცის ინტეგრირების საჭიროება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, რაც მთლიანობაში საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას შესძენს.


ყველამ ვიცით ძველი რომაული ტერმინი - დაყავი და იბატონე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ძალებს დავანახოთ, რომ სივრცის ერთიანობით შეიძლება გაცილებით უფრო მეტი სარგებელი შეიძინონ. ერთიანობით, ეს სარგებელი, გარანტირებული იქნება. გარანტორი, ერთი ქვეყანა - საქართველო და ორი ქვეყნის ფორმატში გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულება, არ იქნება, არამედ ახალი სამშვიდობო კომუნიკე, მრავალმხრივ ფორმატში გაფორმებული ვალდებულებებით და უფლებებით.


- როგორ გაზრდის პროექტი რუსულ-ამერიკული ინტერესების მოგებას?

 

- რუსეთი, როგორც საქართველოს მტერი ისე აღიქმება იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. დღეს, საქართველოსა და რუსეთს პირდაპირი კომუნიკაცია, ერთიანი სასაუბრო ენა არ აქვთ. თუ არ ჩავთვლით აბაშიძე-კარასინის ფორმატს. ჩვენ გვჭირდება გავაჩინოთ თემა და ვისაუბროთ არა ერთმანეთზე, არამედ ერთმანეთთან... მაგრამ თემა ერთმანეთთან საუბრის არ არსებობს. ის, რაც დღეს წინა პლანზე იწევს, მისი რეალიზაცია გამორიცხულია, ანუ რუსეთს დავუსვათ საკითხი ბოდიში მოიხადოს და ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს. არავინ არ დაობს, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ეს პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არაა. ამ კუთხით დანახაული პრობლემის მოგვარება, არასწორია. უფრო მაღლა უნდა დავდგეთ, ვიდრე ეს პრობლემაა და ახალი მოტივაცია გავაჩინოთ. კერძოდ, შევქმნათ რეგიონის „გახსნილობის" წინაპირობა, საქართველოს რუსეთისგან იზოლირების მცდელობით გამოწვეული კონფრონტაციის ნაცვლად, რუსეთთან ურთიერთობების კორექცია, ევროპასთან ინტეგრირების ბუნებრივი პროცესის დაჩქარება, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება. ან რეგიონის, აშშ-სა და რუსეთს შორის არა დაპირისპირების პლაცდარმად, არამედ ურთიერთობების დამაკავშირებელ თვისობრივად ახალ საკონტაქტო სივრცედ ჩამოყალიბება.


- რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, როგორ განხორციელდება პროექტი კონფლიქტების დარეგულირების გარეშე, ვგულისხმობ, როგორც შიდა ეთნოპოლიტიკურს, ისე ქართულ-რუსულს და ბუნებივია, ყარაბაღის პრობლემას?

 

- აფხაზეთის კონფლიქტი გუშინ რომ დამთავრებულიყო, ძირითადად, ჩვენთვის, ყველაზე რთულად გადასაწყვეტი ეს საკითხია, დღეს შეიძლება მისი დარეგულირების მიზნით უკეთესი სასტარტო მდგომარეობა ყოფილიყო. გეტყვით, რატომ - ვამბობთ, რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო. დრო მკურნალია მაშინ, როცა იგი შენს სასარგებლოდ მუშაობს და მას შენი სარგებლიანობისთვის, ინტერესის რეალიზაციისთვის იყენებ. მაგრამ ჩვენ პრობლემების გადაწყვეტას კი არ ვუახლოვდებით, პირიქით, დავცილდით პრობლემას და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავედით. რა მოხდა რეალურად? - მოვახდინეთ საქართველოს საშინაო პრობლემის, კონფლიქტის ფორმალური ინტერნაციონალიზაცია, რამაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ-ოსეთი საქართველოს კონტექსტიდან ამოაგდო. ამან საქართველო სამხრეთ-კავკასიის, ანუ ერთიანი კავკასიის კონტექსტიდანაც ამოაგდო. მაგრამ დღეს, სად არის საქართველო, სადმე საყრდენი აქვს? - საქართველო ჰაერში გამოკიდებულ ბუშტს ჰგავს, ვისაც როგორ გაუხარდება, საიდანაც დაგვიბერავენ იქეთ მივდივართ. ამიტომ, წინ კი არ უნდა ვიაროთ, არამედ უკან. ჩვენს ისტორიულ ფესვებს უნდა მოვუბრუნდეთ. ეს ისტორიაში ჩარჩენას როდი ნიშნავს, ნებისმიერი პროექტი ისტორიულ ფესვებზე - ისტორიზმზე უნდა იყოს დაფუძნებული, ასევე, პრაგმატული და თანამედროვეობას მორგებული. როგორც დიდი ილია ამბობს: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა". მოდით, მოვბრუნდეთ რეგიონში, ჩვენს სამოქმედო სივრცეში - სამხრეთ-კავკასიაში და ასე საქართველოში მოვაბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს. მაგრამ ეს თეორიის დონეზე. ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი კვლავ გახდეს, ამისთვის ეს საკმარისი არაა. მაგრამ კარგი სასტარტო მდგომარეობა მათთან დიალოგის და საუბრის საშუალებას მოგვცემს, მოგვიხსნის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რაც ქვეყნის გარედან მომდინარეობს. ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რეალიზებადი, შესაძლებელია, მაგრამ ჯანსაღი პოზიცია უნდა დავიკავოთ და ისტორიის გაყალბებას თავი დავანებოთ. მათ, სიმართლის ენაზე ვესაუბროთ. ამაში მხოლოდ ბოდიშის მოხდას არ ვგულისხმობ, არც ეს ბოდიში უნდა იყოს ყალბი. აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის საკითხი მოგვარებადია, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.


- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ მონის უღელი უნდა მოვიშოროთ. როგორ ვაქციოთ „პატრონი" პარტნიორად. ხომ არ უკავშირდება იგი ქვეყნის საგარეო ორიენტირის არჩევას?  აქვე, კიდევ ერთ ტენდენციაზე მინდა გკითხოთ, ბოლო დროს სულ გავიძახით ევროპის გზას არ უნდა გადავუხვიოთო. რამდენად თანხვედრაშია თქვენი პროექტი ევროკავშირის გზასთან?

 

- ორიენტირის თემა იმდენად საპასუხისმგებლო და ფაქიზია, რომ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, საგარეო ორიენტირს მხოლოდ ქვეყანა და მისი სურვილი არ განსაზღვრავს, არამედ მას ისტორიული აუცილებლობა ჰქმნის. დღეს საქართველოსთვის არანაირი ისტორიული აუცილებლობა არ არსებობს, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირი დომინანტ ძალებს შორის კომპრომისის საგანი იყოს. ჩვენი ძირითადი მიზანი არა საგარეო ორიენტირის განსაზღვრა, არამედ ჩვენი მიზნების განსაზღვრაა. ორიენტირი კი მხოლოდ საშუალებაა მიზნების მიღწევისთვის. პირველი ამოცანა, ქვეყნის გარშემო, სწორი გეოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაა. ეს სისტემა კი არ შეიქმნება, თუ რუსეთი და აშშ, ასევე ევროპა არ იქნება მისი მონაწილე. საქართველოს სივრცე საკმარისი არ არის, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე, გეოპოლიტიკური კომპრომისი შედგეს. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, ვაფართოებთ სივრცეს და ვსაუბრობთ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ერთიან სამხრეთ-კავკასიურ სივრცეზე, რომელიც შესაძლებელია გეოპოლიტიკური კომპრომისის საგნად იქცეს.


რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თქვენ, ალბათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის, წინგადადგმული ნაბიჯია, ეს შანსია, რომლის გამოყენებასაც გარკვეული დრო დასჭირდება. ორიენტირის განსაზღვრის ახალი მიდგომით, ევროკავშირს, დამატებით მოტივაციას ვუჩენთ - არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ერთიანი სივრცის ინტეგრირებისა.


- რამდენად იცნობს პროექტს ფართო საზოგადოება?


- ვერ ვიტყვი, რომ ფართო საზოგადოება მას იცნობს. პროექტი იხილა აკადემიურმა წრემ, დიპ. კორპუსმა, შემოქმედებითმა ინტელიგენციამ და სასულიერო პირებმა. ანუ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელთა ხმასაც ქვეყნისთვის სერიოზული წონა აქვს. რაც უკვე საშუალებას მაძლევს საქართველოს რეგიონებში წავიდე და ხალხს ვესაუბრო. მზად ვარ, სოფელ-სოფელ ვიარო და მათ ამ პროექტის მნიშვნელობაზე და მასში ჩართულობაზე ვესაუბრო.


- როგორ ფიქრობთ, როგორ შეხვდება პროექტს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობა, სადაც კომუნიკაცია თითქმის ვერ აღწევს?

 

 რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს ცალკეულ კუთხეებში, მათ შორის სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხის რაიონში, ჯვარში, სადაც რეაქცია, რომელიც ამ ხალხიდან დავინახე, კიდევ ერთი დადებითი მუხტი იყო ჩემთვის, რათა დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. პროექტი გაითავისეს და ისე მიიღეს, როგორც საკუთარი. ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ, ყველა ადამიანმა, ამ პროექტის რეალიზაციაში, თავისი ფუნქცია უნდა იპოვოს. რაც შეეხება ფუნქციებს. არსებული მდგომარეობა ვიცით, მოსახლეობის დიდი ოდენობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. აქ, ინტელექტუალურ ნაწილს არ ვგულისხმობ, რომელიც დიდ ქართულ საქმეს ემსახურება. ჩემი გულისტკივილი ერთადერთია, რომ მათთვისაც კი, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ ქართული იდეა ვერ გავაჩინეთ და ამ იდეის გარშემო ძალების კონსოლიდაცია ვერ მოვახდინეთ. გაკვირვებული ვარ, როცა მათი დაბრუნების შესახებ ცალსახა განხადებები კეთდება. რა თქმა უნდა, მეც მაქვს სურვილი ყველა ქართველმა საქართველოში თავის მიწა-წყალზე გაიხაროს. ჩვენ, უპირველესად, მიზეზი უნდა ავხსნათ, რატომ მოხდა მათი ქვეყნიდან გადინება და რა ნაწილია გასული. ეს ხომ ყველაზე აქტიური ნაწილია. რატომ წავიდა ეს ხალხი? - იმიტომ, რომ მათ სამშობლოში თავისი ფუნქციის რეალიზება ვერ მოახერხეს, ქვეყანაში ფუნქცია ვერ შეიძინეს და ქვეყნის გარეთ რაღაც ხელოვნური ფუნქციის შესაძენად წავიდნენ, რათა ოჯახებს დახმარებოდნენ. რა გვინდა დღეს? - ის, რომ ეს ადამიანები ქვეყნის ბედის თანაზიარნი გავხადოთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი და ქვეყანა ბედის თანაზიარა. ჯერ ქვეყანას უნდა შესძინო ფუნქცია და მერე, ადამიანს შეიძენს.


- სამეგრელოს მაგალითიდან რა შეგიძლიათ თქვათ, ხალხი მზადაა ამ ფუნქციის შესაძენად?

 

- სამეგრელოში საზოგადოების ყველა ფენა მიესალმა ამ კუთხით დანახულ პრობლემას. ვგულისხმობ, მშრომელ კაცს, რომელიც არანაკლებ დიდი ქართველია ვიდრე მე. ის მიწასთან უფრო ახლოსაა, უფრო გრძნობს იმ სიკეთეს და სურნელს და არანაკლებ ტკივა თავის ქვეყანა.


- თუ გააცანით პროექტი სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლობას, რას ფიქრობენ და რამდენად რეალურად მიაჩნიათ ამის განხორციელება?

 

- რამდენად რეალურად მიაჩნიათ, ეს მათი სათქმელია, მაგრამ ის, რომ პროექტს იცნობენ და აზერბაიჯანში და სომხეთში საზოგადოების რაღაც ნაწილთან სისტემატიური კავშირები და კონტაქტები არსებობს, ეს ფაქტია. ამის დადასტურება იყო ის, რომ პრეზენტაციას აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, მათივე ინიციატივით, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ვგეგმავთ პრეზენტაციებს, შეხვედრებს. ინტერესი გაჩნდა, და არა მხოლოდ სომხეთში და აზერბაიჯანში, რისი შედეგებიც ახლო მომავალში უფრო გამომჟღავნდება.


- წეღან ახსენეთ,  ქვეყნებმა  პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გაინაწილონო, მაგრამ სად იქნება ცენტრი?

 

- დიახ, ტვირთის და პასუხისმგებლობის გადანაწილება უნდა მოხდეს. ერთიანი ცენტრი, როგორც ადრე იყო, რომელიც ბატონისაა, დღეს, ასეთი რამ არ შეიძლება არსებობდეს. მიმართულებების მიხედვით, ქვეყნებს შორის, პასუხისმგებლობების გადანაწილება მოხდება. ჩვენ, ამ რეგიონში, თანაბარსუბიექტიანი მოთამაშეები ვართ. მაგრამ შენ რომ მოთამაშე გახდე ჯერ თამაშის წესები უნდა იცოდე. თუ ვერ ჩაჯექი ერთიანი თამაშის წესებში, სათამაშოდ არავინ შეგიშვებს. ჯერ თამაშის წესებს უნდა მოვერგოთ, სხვაზე უკეთესად თამაში, არავისთვის საზიანო არ იქნება. ახლა, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიდის, ვუყურებთ მატჩებს, რომელი თამაშის ყურება უფრო გვსიამოვნებს? - სადაც პროფესიონალები, უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. მეორეცაა, თუ ვის გულშემატკივრობთ. ბუნებრივია, ჩვენ საკუთარ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ ამავდროულად, გვინდა, მან პროფესიონალურად და ლამაზად ითამაშოს.


- ბატონო ზურაბ, ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, ალბათ, მიზნის მიღწევა გაჭირდება. საქართველო მუდმივად ვიღაცის პროექტია, როგორ შევძლებთ საკუთარის განხორციელებას თუ ხელისუფლებიდან მხარდაჭერა არ წამოვიდა?

 

- პროექტის რეალიზაციის დაწყებას აუცილებქლად სჭირდება სახელისუფლებო რესურსი. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ პროექტით დაინტერესდება, მე მზად ვარ. არ მივილტვი არც პოლიტიკური საქმიანობისკენ, არც ხელისუფლებაში მოსვლისკენ, მაგრამ მზად ვარ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც დადგება. ეს პასუხისმგებლობა იქნება და არა ფუფუნება, როგორც ზოგიერთს ხელისუფლებაში ყოფნა წარმოუდგენია.


- ბატონო ზურაბ, ბევრი საუბრებია იმაზე, რომ საქართველო ისლამური სამყაროს სამიზნე შეიძლება გახდეს, ჩვენი ქვეყანა მუსულმანურ რკალშია მოქცეული.  რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ისლამის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის?

 

- კონფესიური სხვადასხვაობა არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ თავად იდეა იმდენად კეთილშობილურია, იმდენად ღრმადაა დაკავშირებული ერების სასიცოცხლო ინტერესებთან, რომ კონფესიური სხვადასხვაობა ხელისშემშლელ ფაქტორად არაფრით არ შეიძლება გავიაზროთ. ჩვენ, საქართველოს ისტორიაში, გვაქვს კლასიკური მაგალითები, როდესაც სახელმწიფოებრივმა ინტერესმა მთლიანად განსაზღვრა სრულიად განსხვავებული რელიგიური მრწამსის ქვეყნებთან ურთიერთობა. მხედველობაში მაქვს, მეგობრობის ხელშეკრულების დადება თამარ მეფესა და სალადინს შორის, ეს იმ დროს, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო მაჰმადიანურ სამყაროსთან გააფთრებულ ჯვაროსნულ ომში იყო ჩაბმული. სწორედ ამ დროს, სახელმწიფო ინტერესებზე დაყრდნობით, სალადინის ხელისუფლებასთან ანუ მაჰმადიანურ სამყაროსთან პირობის წიგნის დადება გადაწყდა. ასე, რომ ქართველი საზოგადოება ცივილიზებული საზოგადოებაა, ეს იქნება მაჰმადიანური თუ ქრისტიანული, ერთმანეთთან მიმართებაში ტოლერანტულნი ვართ. ამ პროექტის მინი პროექტი საქართველოში უკვე რეალიზებულია. საქართველო მრავალეთნიკურია. თუ კი ასეთ შემთხვევაში, ვინმეს ექსტრემიზმის შიში გაუჩნდება, შეგვიძლია საზოგადოების ეს ფენა დავამშვიდოთ - იმდენად მაღალია საერთო ინტერესი, ისეთი თვალშისაცემია მოსალოდნელი სასიკეთო შედეგები, რომ ვერავითარი ექსტრემიზმი და რადიკალიზმი ამას წინ ვერ გადაეღობება.


- ვინ უნდა განახორციელოს პროექტი?

 

- ინტელექტუალებმა, პოლიტიკურმა ელიტამ, ხელისუფლებამ და ეკლესიის ერთობლიობამ, ერთი მიზნისკენ სვლამ.


თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016