საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, დღეს დილით, თუშეთში გაემგზავრა. 30 აგვისტო -1 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ახმეტის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ალვანსა და თუშეთს - ომალოს, შენაქოს, დართლოს, ჭეშოს, ფარსმას და სოფელ დირევს ესტუმრებიან. კულტურის მინისტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური მასპინძლობს.
30 აგვისტოს, ქვემო ალვანის კულტურის სახლში სამინისტროს დელეგაცია კულტურის მუშაკებს, ახმეტის მხარეთმცოდნეობისა და ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახელობის მუზეუმების წარმომადგენლებს, ძეგლთა დაცვის თანამშრომლებს, ასევე ხალხური რეწვის ოსტატებს ხვდება.
31 აგვისტოს, მინისტრი მოადგილეებთან ერთად სოფელ ომალოში კესელოს ციხეს, ასევე მის კომპლექსში არსებულ მუზეუმს მოინახულებს და თანამშრომლებს მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქვედა ომალოში, შენაქოში და დართლოში სტუმრობა; შენაქოს ახლადრესტავრირებული სამების ეკლესიის, სოფელ დართლოს მონახულება; ასევე, შეხვედრა თუშეთის სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლებთან, რომლებსაც მინისტრი საჩუქრად წიგნებს გადასცემს.