დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უცნობი ნივთიერების გაჟონვის გამო, იქ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
სააგენტო „გურია ნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ჯართს აგროვებს, რამდენიმე დღის წინ კონტეინერი იპოვა და მისი გახსნის მცდელობის დროს თეთრი კვამლი წარმოიშვა:
„დიდი ხანია ჯართს ვაგროვებთ. რაღაც "ბალონები" იპოვა ჩემმა შვილმა ერთი თვის წინ. გუშინწინ დაჭრა მოინდომა და დაჭრის დროს თეთრი კვამლი გამოვიდა. ყურადღება არ მიგვიქცევია. მეორე დილით კი ვნახეთ, რომ ეზოში ყველაფერი გამხმარი იყო", - აცხადებს ადგილობრივი მ.რ.
თეთრი კვამლი მ-რ-ს მეზობლებმაც დაინახეს, თუმცა, საგანგაშოდ არ მიუჩნევიათ. ხელისუფლებას კი მას შემდეგ შეატყობინეს, რაც მიმდიბარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეზოებში მცენარეები გახმა.
„უცნაური სუნი ტრიალებდა. თავბრუს ხვევა, ღებინების შეგრძნება რამდენიმე ადამიანს ახლაც აქვს, _ აცხადებენ აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები.
ერთ-ერთის თქმით, შემთხვევის მეორე დღეს მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და გადასხმაც დასჭირდა.
ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძეც მივიდა:
„თბილისიდან გამოძახებულია სპეციალური ბრიგადა, რომელიც დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე", _ განაცხადა გუბერნატორმა.
(მასალა მომზადებულია სააგენტო „გურია ნიუსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით)