„ოცნების" დეპუტატი საკუთარ გუნდს უპირისპირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი „ალიასთან" საუბარში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ის ასახელებს „ქართული ოცნების" იმ დიდ დანაშაულს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70-მა პროცენტმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და ამით საკუთარ გუნდსაც უპირისპირდება:
- თავის დროზე, როცა მიშა მოვიდა, თავისი გუნდიც გააერთიანა, ჩაასვრევინა ყველას, ყველა ჩასვრილი იყო და ხალხი ტელეფონზეც ვეღარ ლაპარაკობდა. აღარაფერს ვამბობ დაწიოკებაზე, ქონების წართმევაზე, წამებასა და მკვლელობებზე. კარგი, ამას დავანებოთ თავი, მოვედით ჩვენ... ახლა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მგონია, როგორც ვიქცევით, ხან სჯობია ასე, ხან - არა. „ნაციონალების" მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული დევს ხელისგულზე, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება.
- სოსო, დრო მიდის, 2 წელი გავიდა, რა ვეღარ დაუსაბუთეთ ამ „ნაციონალებს", რომლებიც ლამის აქეთ გიპირებენ დაჭერას?
- დიახ, მესმის... ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა, ბევრმა შვილი დაკარგა, ბევრმა - ქმარი, ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. იყო გაუპატიურებები, მკვლელობები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დრო სჭირდება, ასეთი ლოიალობისა უკვე აღარ მჯერა. არ მინდა, ასეთი ლოიალობითა და სულის შებერვით კეთდებოდეს საქმე. ჩვენი მოსახლეობა სწორედ ამაზე ღიზიანდება.
- როგორ ფიქრობ, არჩევნებში დაბალი აქტივობა სწორედ ამაზე მიანიშნებს?
- მე გეტყვი, რა რაზე მიანიშნებს: იყო საპარლამენტო არჩევნები, ხალხის ძალას ვერავინ ვერ დაუდგა წინ. აღარ მოვყვები დეტალურად, რა მოხდა, როგორ მოხდა, ეს ყველამ იცის. ჩვენი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა, ამაზე მიდიოდა ლაპარაკი და უკვე ვთქვი, ყველაფერს დასაბუთება სჭირდება-მეთქი, მაგრამ ვერ გამიგია, იმას რა უშლის ხელს, რომ გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო, სამშობლო და გარკვევით თქვას: ვინც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში დაზარალდა, ყველას დაუბრუნდება ქონება, ყველა დამნაშავე დაისჯება, იმედი გქონდეთ, ცოტა ხანს კიდევ გვაცალეთო. ძალიან ბევრია ფაქტი, როცა წინა ხელისუფლებამ ადამიანებს წაართვა სახლები და დღეს არის სახელმწიფო ბალანსზე, ყველამ იცის, რომ ეს მავანის საკუთრებაა. თუ მე ჩამომართვეს რაღაცა და ამჟამად არ არის გაყიდული, რა გვიშლის ხელს, რომ ეს დაუბრუნდეს მფლობელს?
- ამას მე იქით უნდა გეკითხებოდე და აქეთ მეკითხები?
- მაგაზეც გიპასუხებ... ასეთი ქონება არის ათასობით. თუ ამას დავაბრუნებთ, სახელმწიფო საერთოდ არ ზარალდება, ხალხს ხომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამოისუნთქოს? ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ კეთილსინდისიერ მყიდველებზე, რა ვქნათ, კაცი მეხუთე პირია, ქონება იყიდა, როგორ ჩამოვართვათო? მე ამათ კეთილსინდისიერ მყიდველებს ვერ დავარქმევ, მაგათ ვეძახი კეთილმოტ...ნულ მყიდველებს. როცა ადამიანმა იცის, რა ქვეყანაში ცხოვრობდა, რა ქვეყანაში ცხოვრობს, საქართველო რომ პატარაა, ვიღაცამ ვიღაცას რომ წაართვა, ამით თავს ვერავინ გაიმართლებს. საქართველოში მოქმედებს მეგობრობის კანონი, ნათესავების კანონი, შეიძლება შენ იურიდიულად კეთილმოტ...ნული იყო, მაგრამ მაინც უნდა დაფიქრდე: ბიჭო, ეს ქონება ხომ მავანისა იყო, მე რომ ვყიდულობ იაფად და ლამის მუქთად ვიგდებ ხელში, შემერგება? ახლა ვთქვათ პირდაპირ, რა მოხდა, ამან გამოიწვია ნიჰილიზმი, ადამიანები არჩევნებზე რომ არ მოვიდნენ. ამ ადამიანებს ერთი მხრივ ვამართლებ, მეორე მხრივ - ვაკრიტიკებ, მე მათი მესმის, მაგრამ თუ არჩევნებზე არ მოხვალ, „ნაციონალებისგან" როგორ გავწმინდო ეს ქვეყანა? ვინც მე დამდევდა, ვინც მე „დუბინკას" მირტყამდა, ამ ხალხის ნაწილი ისევ თანამდებობაზე მუშაობს.
- ალბათ, შენ ნახე ის ჩანაწერი, რომელიც ჩერგოლეიშვილის „ტაბულამ" გაავრცელა, პოლიციის მთვრალი მაღალჩინოსნები რომ ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს სანაპიროზე, იმას ვგულისხმობ. ჯერ საკითხავია, საიდან გაჩნდა „ტაბულას" გადამღები ჯგუფი იმ ადგილას, მაგრამ არის თუ არა ეს დადგმული ღალატი? არის თუ არა ეს პირდაპირ თქვენზე დარტყმა? პოლიციის მაიორი იძახის: ყ...ზე მკიდია თქვენი ჭიკაიძეო და იცი, სოსო, ხალხი რას ამბობს? ასეთ რამეს სააკაშვილის დროს ვერც ერთი პოლიციელი ვერ გაბედავდაო.
- როგორც მე ვიცი, მაგ პოლიციელებს წყალი ჰქონდათ შეყენებული და ჯავრი ამ ფორმით იყარეს. ეს არის ჩერგოლეიშვილის ტელევიზიის მიერ დადგმული ახალი სპექტაკლი. მაგათ იცოდნენ, რომ უკვე ტრაკში იყვნენ და ამიტომაც მოიქცნენ ასე. მოდი, ახლა გულახდილად გეტყვი ერთ რაღაცას, ამაზე რამდენიმე მაღალჩინოსანს უკვე ველაპარაკე და არსად არ მითქვამს: რა არის „ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა? ამათ უნდათ, თუ ვინმე რაღაცას წარმოადგენს, თუ ვინმე ცოტა ჭკვიანურს იტყვის, თუ არ აწყობთ, ყველაფერს ისე შეგიტრიალებენ, ან გიჟად გამოგიყვანენ, ან კიდევ დებილად. მე ახლა ვიტყვი სრულ სიმართლეს, ვიტყვი, რაც არის „ქართული ოცნების" დანაშაული და ყველა მიხვდება, რაშიც არის საქმე. როდესაც თენგიზ აბულაძე „ნატვრის ხეში" მიღებდა, მე და ლიკას მოგვიტრიალდებოდა ხოლმე და გვეუბნებოდა: სოსო, აბა, გააკეთე ესა და ეს სცენა ისე, როგორც ამას გააკეთებდა ნამდვილი სოსო. ლიკა, აბა, გააკეთე ესა და ეს სცენა ისე, როგორც ამას გააკეთებდა რეალურ ცხოვრებაში ლიკა. ამ ყველაფერს უყურებდნენ ქართული კინოს კორიფეები - სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი და სხვები. როცა რომელიმე ეპიზოდს ჩემებურად ვითამაშებდი, მიტრიალდებოდა თენგიზ აბულაძე მათკენ და ეტყოდა: ხომ გეუბნებოდით, სოსო გენიოსია-მეთქი? მე ამ დროს ისეთი გახარებული ვიყავი, ისე მიყვარდა ყველა, ისე კარგად ვგრძნობდი თავს გუნდში, ენით ვერ აღვწერ. ამ დროს აბულაძე იწყებდა, - სოსო, მოდი ასე კი არა, ისე გავაკეთოთ, მე მგონი, სხვანაირად ჯობიაო, ბოლოს აღარაფერი რჩებოდა ჩვენი, მაგრამ გენიოსები ხომ ვიყავით? გუნდში ხომ გვათამაშებდა და გვაძლევდა ჩვენს ადგილს? ის გვეუბნებოდა, ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად გავაკეთოთ გენიალური „ნატვრის ხეო". ახლა აქ, ჩვენთან, ჩვენს გუნდში რა ხდება?
- ვხვდები, საითაც მიგყავს საუბარი.
- რასაც თენგიზ აბულაძე აკეთებდა, ეს არის ნიჭი, ეს არის ინტელექტი და მე ვეუბნები „ოცნებას": რანაირი პოლიტტექნოლოგიებიც არ უნდა ისწავლოთ, 70 ათასი წიგნიც რომ გადაიკითხოთ, ამას თქვენ ვერასოდეს ვერ ისწავლით. ამას ნიჭი უნდა, ინტელექტი უნდა, ამას ადამიანობა უნდა, ამას ქვეყნის სიყვარული უნდა, ამას ადამიანის სიყვარული უნდა, ამას ბოროტება არ უნდა! ჩვენ გვჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც ღვარცოფივით გადაანგრევს ყველაფერს და აღადგენს სამართლიანობას!
- სოსო, შენ ახლა უპირისპირდები „ქართულ ოცნებას", სადაც, შენივე თქმით, არ არის ერთიანობა და არ მიდის თამაში გუნდური პრინციპით.
- მე ყველაფერი გითხარი... ამას ვერ ვუწოდებ გუნდს. ნება იბოძონ და წესიერად შეარჩიონ კადრები, წესიერად მოექცნენ ერთმანეთს, ხალხს მიაქციე ყურადღება და 100 კაციდან მხოლოდ 20 არ მოგივა არჩევნებზე. ჩვენთან ცალ-ცალკე ყველა მაგარია, მაგრამ ის, რაც მე გითხარი და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს, ამის ნაკლებობაა. ორად ორი ადამიანია, ვისიც მე მჯერა.
- ვისი გჯერა?
- ესენი არიან ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. მხოლოდ ესენი გელაპარაკებიან თავისუფლად, გისმენენ და იზიარებენ შენს ნათქვამს, მაგრამ ირგვლივ იმდენი ვიღაცები ტრიალებენ და ფუთფუთებენ, ყველაფერს ძალიან მაგარი დაფიქრება უნდა. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხალხს უნდა მივცეთ ძალიან დიდი მუხტი, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მოვა სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს მაინც არის ინერციული გამარჯვება. ინერცია ოდესღაც ჩერდება და როცა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ მყარად, ის არ ჩერდება. ყველას უნდა ვუთხრათ სიმართლე, ნებისმიერ ადამიანს... როდესაც მე, სოსო ჯაჭვლიანი ვსვამ კითხვას, უნდა მიპასუხონ. მეც ისეთივე ვარ, როგორიც თითოეული თქვენგანი. თუნდაც იმაზე ვიტყვი, ერთი ამბავი რომ ატეხეს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ამ კანონის მიღებამდე, ორი დღით ადრე, საბურთალოზე 15 წლის ბიჭი სამმა ერაყელმა რომ იხმარა და ჩვენმა ტელევიზიებმა გადასცეს, სად იყო მაშინ ჩვენი საზოგადოება? სამ დღეში ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიგვეღო... აბა, გამოსულიყო 200 ათასი კაცი და პასუხი მოეთხოვა იმ 3 ერაყელისთვის. მერე აღმოჩნდა, თურმე ესენი აგენტებიც ყოფილან. გელა, გეკითხები, სად იყო საზოგადოება? მე თავს არ ვიმართლებ, სად იყო საზოგადოება მაშინ, როცა ზურაბ ქარუმიძემ სიზმარში ნახა, როგორ ჩინჩლავდნენ კაცები ერთმანეთს ღვთისმშობლის ეკლესიაში და ამაზე რომანი დაწერა. როცა ეს ადამიანი სიზმრიდან გამოვიდა, მაინც თავს იმართლებდა, ეს შედევრია და ელჩობაც მინდაო. მაშინ მე ავტეხე ამბავი, მაგრამ ძალიან ბევრი ტალახი დამასხეს თავზე. გეგონება, მარტო სოსო ჯაჭვლიანისა იყო ის ღვთისმშობლის ეკლესია. მაშინ სად იყო საზოგადოება? ან მაშინ სად იყო საზოგადოება, როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, დილიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა სამღვდელოება, დაწვეს სააკაშვილის სურათი, შევარდნაძის სურათი, ბიძინა ივანიშვილის სურათი, შემოვიყვანეთ მღვდლები, ვისაუბრეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი გავარკვიეთ, როგორც საჭირო იყო. გავიდნენ გარეთ და გეგონება, ატომური ბომბი ესროლესო, ისე დაიშალა ყველა. თუ ასე ძალიან განიცდიდნენ, ერთი საათიც მოეთმინათ!
- ერთი საათიც რომ მოეთმინათ, რა მოხდებოდა, აღარ მიიღებდით?
- ერთი საათი მოეთმინათ, 104 ადამიანი იყო მომხრე, ერთი მე აღმოვჩნდი წინააღმდეგი.
- შენ წინააღმდეგ მიეცი ხმა? მე მახსოვს, რომ მერე გამოხვედი და თქვი, ეს ტექნიკური შეცდომა იყოო.
- საბუთში წერია, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი. ერთმა მეუფემ მითხრა, თუ ქვეყანას ასე სჭირდება, მაშინ ხმა მიეციო. მე თავს არ ვიმართლებ, მე ყველაზე საზიზღარი ვარ, მაგრამ დოკუმენტში წერია, რომ წინააღმდეგი გამოვედი, რაც ზეპირსიტყვიერად ვთქვი, დარჩა ჰაერში.
- სოსო, სინამდვილეში რა მოხდა, ხმა მიეცი თუ არა?
- ფაქტობრივად, არ მიმიცია. ვინც ხმა მისცა, ისინი ჩემი მეგობრები არიან, პატივს ვცემ, მათ საყურადღებოდ ვთქვი, თუ ქვეყანას ასე სჭირდება, მაშინ ტექნიკა გაფუჭდა და ხმას ზეპირსიტყვიერად გაძლევთ-მეთქი.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"