ვესაუბრებით სახელოვან ქართველ პუბლიცისტსა და კრიტიკოსს, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარ რედაქტორს, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს თამაზ წივწივაძეს.
- ბატონო თამაზ, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ და „ასავალ-დასავალის" მკითხველს თავი მოანატრეთ. როგორ გრძნობთ თავს „ოცნების" საქართველოში?
- ვერც კი წარმოიდგენ, ჯაბა, თქვენი ამ სიტყვებით როგორ გამახარეთ - „ასავალ-დასავალის" მკითხველს თავი მოანატრეო!..
ამაზე რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ მე ყოველთვის ვცდილობ, თავი არავის მოვაბეზრო და ამას ზოგჯერ ვახერხებ და ზოგჯერ ვერა!
იცით თქვენ, მკითხველი ჩემთვის ყველაფერია, განსაკუთრებით კარგი გაზეთის მკითხველი! მე ასეთებს, თუ ჩემგან არ ითაკილებენ, შეიძლება, ფეხიც კი დავბანო!..
დასამალიც არაფერია - ივანიშვილის „ოცნების" საქართველოდან მე ცოტა მეტს მოველოდი! მეგონა, თუ ცივ ქვაზე არავინ დამასახლებდა, ზურგიდან ქვას მაინც არავინ მესროდა!
თუმცა სააკაშვილის დროინდელ რეჟიმში ცხოვრებას მაინც ეს მირჩევნია, ახლა როგორშიც ვარ!.. ცოტ-ცოტა რომ არ მშიოდეს, პატივსა და ღირსებას არავინ მილახავს!
ეს კი ცოტა არ გახლავთ! მით უმეტეს, თავმოყვარე კაცისთვის!..
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც დამთავრდა და, როგორ ფიქრობთ, ამ მესამე ცდაზე მაინც დასრულდება ნაციონალების პარპაში საქართველოში თუ ისევ იბოგინებენ „მთავარი ოპოზიციური ძალის" სტატუსით?
- ამ მესამე ცდაზე თუ მაინც ვერ გავთავისუფლდით საქართველოში ნაცების პარპაშისგან, ეს იგივე იქნება, რასაც თავის დროზე დიდი გალაკტიონი ნატრობდა - „როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!.."
- ბატონო თამაზ, პირდაპირ გკითხავთ, უნდა დაბრუნდეს თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი?
- ზუსტად არ ვიცი! მე მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ივანიშვილის გარეშე ამ გუნდს მომავალში ძალიან გაუჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ უსუფაშვილისა და მარგველაშვილის დარი პოლიტიკოსები გუშინ დეზერტირების ბაზარში „კონა ათი შაური ღირდა!.."
თქვენ წარმოიდგინეთ, რეალურ ფასადს დღეს აღარც ღარიბაშვილი იშოვება - ისიც გაცილეით ძვირი ღირს, ვიდრე სინამდვილეში აფასებენ!...
თუმცა მისი მყიდველი ყოველთვის მოგებული დარჩება - ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსის ფასი დღითი დღე იზრდება!...
- როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლებას აქვს იმის თავი, რომ სააკაშვილი დაიჭიროს და პასუხი აგებინოს?
- სააკაშვილი ისე წაიტეხს კისერს, არავის დახმარება არ დასჭირდება!
მთავარია, დღევანდელი ხელისუფლება იყოს მარჯვედ, რომ, ვინც დაჭერილები ჰყავთ (ვანო და ბაჩო), ისინიც არ გამოაშვებინონ გარეთ!..
- სამართლიანობის აღდგენის იმედი კიდევ თუ გაქვთ?
- სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ხელში -არა! ხოლო თუ სააკაშვილის რეჟიმი კიდევ მოახერხებს უკან მობრუნებას, სამართალი მაშინ კი აღდგება, მაგრამ, როგორც აქამდე იყო, სასამართლოს გარეშე!..
- ბატონო თამაზ, თქვენისთანა ლიტერატორთან და კრიტიკოსთან ინტერვიუში ვერაფრით ავუვლი გვერდს მამუკა ხაზარაძის ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატებსა და ნომინანტებზე საუბარს, რომელთაგან უმეტესი ნაწილის წიგნები არნახული გარყვნილებითა და მკრეხელობით არის გაჯერებული. როგორ ფიქრობთ, რატომ არიან მიდრეკილნი ეს ე.წ. პოეტები და პროზაიკოსები იმისკენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ქართველი დედის კულტს, ჩვენს ეროვნულ და ქრისტიანულ სიწმინდეებს და, რაც მთავარია, რატომ აფინანსებს და აჯილდოებს მათ პრემიებით ხაზარაძის „თიბისი ბანკი"?
- ჯაბა, იმის მიუხედავად, რომ ამ პოლემიკაში თქვენ ათასჯერ მართალი ხართ, თვითონ ეს კამათი გასცდა დასაშვებ ფარგლებს და თავის გარშემო საზოგადოებრივი ველი დააბინძურა!
თქვენს სოლიდურ გაზეთს არ ეკადრება „უბორნიის მწერლებთან" ამდენი კამათი!
„უბორნიაში" კი არ კამათობენ - მოისაქმებენ და მიდიან!..
ამიტომ „ასავალ-დასაველის" ავტორთა „დიდმა სამეულმა" - რეზო ამაშუკელმა, ელიზბარ ჯავებიძემ და მე, თქვენმა მონა-მორჩილმა - გადავწყვიტეთ, ბატონებს - ლაშა ნადარეიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს საზავო ხელშეკრულება დავადებინოთ, ხოლო „უბორნიის მწერლები" თავიანთ შემოქმედებას უბორნიის კედლებზე კვლავაც გააგრძელებენ!
პრემია „საბას" დახურვიდან გამოთავისუფლებული თანხები საბავშვო მწერლობას და მის აკადემიურ გამოცემას, 110 წლის ჟურნალ „დილას" მოხმარდება, როგორც ამას თავის დროზე ქართული კულტურის მეცენატი ზუბალაშვილი და მისი დარი ქველმოქმედნი აკეთებდნენ!...
- მახსოვს, წლების წინათ თქვენ „ლიტერატურული საქართველოს" ფურცლებზე პირველმა ამხილეთ გარყვნილი მწერალ-პოეტები და მკითხველს მათი „ნაწარმოებები" წარუდგინეთ. იფიქრებდით მაშინ, რომ ასეთი „მწერლობა" საქართველოში დიდ მასშტაბებს შეიძენდა და ლიტერატურულ პრემიას დაიმსახურებდა?
- მე კი ვებრძოდი, მაგრამ რა!..
ვიდრე ადამიანი ჯერ ჭამს და მერე ჯ...ამს (პირიქით არ უნდა გააკეთო!), „უბორნიის მწერლებიც" ყოველთვის იარსებებენ, მიუხედავად იმისა, პრემირებული იქნება თუ არა მათი „ნაწარმოებები!"
- „საბას" პრემიის სამგზის ლაურეატი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ტუალეტში შესაძლებელია კარგი განათლების მიღება, ხოლო ასევე „საბას" პრემიის ლაურეატი და ჟიურის წევრი რატი ამაღლობელი აცხადებს დიდი პოეზია ტუალეტში იქმნებაო და დასძენს, რომ ყველა თავისი ლექსის წერა ტუალეტში აქვს დაწყებული. როგორც მწერალი და კრიტიკოსი, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- არა, ჯაბა, არა მგონია, ეს მართალი იყოს!
ყოველ შემთხვევაში, ჩემს მაგალითზე ამის მსგავსი არაფერი დასტურდება, იმის მიუხედავად, რომ სოფელში კარგი ჩეჩმა გვქონდა, მამაჩემმა განათლების მისაღებად მაინც თბილისში ჩამომიყვანა!
აქაც ჩემს მიერ დაქირავებულ ბინას ტუალეტიც ნორმალური ჰონდა, მაგრამ განათლების მიღება მე მაინც უნივერსიტეტში ვამჯობინე და, როგორც ლუბა ბიცოლამ მითხრა, სწორადაც მოვქცეულვარ - უბორნიაში, თურმე, უწესო ბიჭები იკეტებიან!..
მე თვითონ ნამყოფი არა ვარ, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს „საჭირო ოთახები" კარგი ექნებათ, ამის მიუხედავად, მე ჯერ არც ერთი აბიტურიენტის განცხადება არ წამიკითხავს - სწავლის გაგრძელებას ზემოთ დასახელებული უმაღლესი სასწავლებლების ტუალეტებში ვაპირებთო!..
სხვათა შორის, არც ის გამიგია, რომელიმე დიდ პოეტს თავისი დიდი პოეზია ტუალეტში რომ შეექმნა!
არადა, ტუალეტში შექმნილ ლექსებს, შეიძლება, რაღაც მძაფრი სუნი კიდეც დაჰკრავდეს, მაგრამ, არა მგონია, იქიდან პოეზიის სურნელი გამოსჭვიოდეს!...
- ბატონო თამაზ, აქვე მაინტერესებს თქვენი შეფასება პარლამენტის მიერ „ანტიდისკრიმინაციული კანონის" მიღებაზე.
- ადრე თუ გვიან, ეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი" მარტო პედერასტობით აღარ შემოიფარგლება - ერთსქესიანთა ქორწინებასაც შემოიერთებს!
ასეთ უფულოებს - მე და შენ - ვინ გვითხოვს, ჯაბა! თორემ ჩვენ რომ ერთი-ორი მილიარდერი ვიცით, იმათ საქართველოში ხელის მთხოვნელები არ მოაკლდებათ!
მაგალითად, ბენდუქიძე! - საწოლსაც მსუყედ შეავსებს და შემოსავლების დეკლარაციასაც!..
- ბევრი საუბარი მიდის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. როგორ ფიქრობთ, ვისი აჯობებს - მარგველაშვილის თუ ღარიბაშვილის?
- აქ, მართლაც, უცნაური შემთხვევაა!
პრემიერი პრეზიდენტს არ ელაპარაკება! მარგველაშვილი ივანიშვილს კი ელაპარაკება, მაგრამ ივანიშვილი არ პასუხობს!
პირველი ლედის საქმეც გასარკვევია ისევე, როგორც ქვეყნის პირველი პირის!
ივანიშვილი ქვეყნის პირველი პირების პირველი პირი კი არის, მაგრამ თავად მესამე პირში ლაპარაკობს!
ვანო საერთოდ არ ლაპარაკობს და ციხეში ზის!
- დაბოლოს, გვითხარით, ბატონო თამაზ, ვართ თუ არა დეპოში?
- შენ თვითონ როგორ გგონია, ჯაბა?!
დეპოში ყოფნა კია უბედურება, მაგრამ ცოტათი ხომ მაინც ჯობს სააკაშვილის ნაცში ყოფნას?!
ესაურა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"