reportiori.ge - გიგი უგულავას და კობა სუბელიანს ახალ ბრალს წაუყენებენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:54
პრეს-დაიჯესტი
გიგი უგულავას და კობა სუბელიანს ახალ ბრალს წაუყენებენ?
ავტორი:
28 ივნისი, 2014. 17:57

„ალიას" მთავარი პროკურატურიდან კულუარულად აცნობეს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის, კობა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა და სავარაუდოდ, ახლო მომავალში მათ ბრალს წაუყენებენ. შესაძლოა, ბრალი სუბელიანის ყოფილ მოადგილეს, ტარიელ ხიზანეიშვილსაც წაუყენონ, რადგან, როგორც წყარო ამბობს, გამოძიების მასალებში მისი გვარიც ფიგურირებს. საქმე ეხება კონტროლის პალატის მიერ, 2005-2006 წლებში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმების აქტს. როდესაც ეს შემოწმება დასრულდა, კონტროლის პალატამ უამრავი კანონდარღვევა აღმოაჩინა და ეს დასკვნაშიც დააფიქსირა. იმ დროს კონტროლის პალატის შემოწმების მასალებს, ცხადია, „ნაციონალურმა" ხელისუფლებამ გრიფი „საიდუმლო" დაედო. თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მასალების ერთი ნაწილი კონტროლის პალატამ პროკურატურაში გადაგზავნა. იმ დროს უგულავა თბილისის დანიშნული მერი იყო და არა - არჩეული. ამ პოსტზე „თავისუფლების ინსტიტუტის", უშუალოდ კი გიგა ბოკერიას რეკომენდაციით მოხვდა. უგულავას მაშინ მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური წონა არ ჰქონდა და მისი დაჭერაც არ იქნებოდა ქვეყნის დაქცევა. თუმცა, ვანო მერაბიშვილმა და გიგა ბოკერიამ ბოლომდე უპატრონეს უგულავას. მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი დაარწმუნეს, რომ უგულავას დაჭერა „ნაცმოძრაობის" იმიჯს დაარტყამდა და ამიტომაც ხელი არ არ ახლეს. შესაბამისად, კობა სუბელიანიც გადარჩა, რადგან ის უგულავას მითითებით მოქმედებდა. წყაროს თქმით, ადეიშვილისდროინდელი მასალები პროკურატურაში დარჩა და სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით აღძრულა სისხლის სამართლის საქმე.

 


ამ ეტაპზე გამოძიება გიგი უგულავასა და კობა სუბელიანს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას შეედავება. თუმცა, არ არის გამორიცხული, საქმე კიდევ ერთი - თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც აღიძრას. "ალიასთვის" ცნობილი გახდა საქმის მასალების რამდენიმე დეტალი.

 

 

საქმის ერთი ეპიზოდის თანახმად, 2005-2006 წლებში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეასრულა ათეულობით მილიონი ლარის ისეთი სამუშაო რომელიც კანონით არ ევალებოდა და მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა. კერძოდ, ზუგდიდში შადრევანის აგებაში თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 292 ათასი ლარი დაიხარჯა, ამავე ზუგდიდში, დადიანების სასახლის ჭიშკარი 46 000 ლარი დაჯდა. გარდა ამისა, კობა სუბელიანის სამსახურმა, რეგიონების 20 სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში 380 ათასი ლარის სამუშაოები შეასრულა. მათ შორის, ბათუმში, მესტიაში, სიღნაღში, თელავში, ქუთაისში, გორში, რუსთავში, მცხეთაში და ა.შ. მერია აფინანსებდა სკოლების სარემონტო სამუშაოებს, რაც განათლების სამინისტროს კომპეტენციაში უხეში ჩარევა იყო. ეს კიდევ არაფერი. კეთილმოწყობის სამსახურმა დააფინანსა თბილისის ფოლკლორის ფესტივალი და ამ საქმეში 120 000 ლარი დახარჯა. რა შუაშია ფოლკლორი და კეთილმოწყობის სამსახური ერთმანეთთან, ამ კურიოზის განმარტება უგულავასა და სუბელიანს გამოძიებისთვის მოუწევთ.

 

 

თბილისის სხვადასხვა უბნებში გზის საფარის დაგებისა და აღდგენით სამუშაოების შესწავლისას, კონტროლის პალატამ სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა. მთელ რიგ შემთხვევებში, დასაგები საფარის რეალური მაჩვენებელი გაყალბებული იყო - ტერიტორიების მოცულობა ხელოვნურად იყო გაზრდილი. შესაბამისად, ასფალტის დასაგებად იმაზე მეტი თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ვიდრე რეალურად უნდა დახარჯულიყო. სარევიზიო ჯგუფმა 53 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, საქმე რამდენიმე მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. აქვე ფიგურირებს თბილისის ავტობანის ასაშენებლად და ასფალტის საფარის დასაგები ხარჯები. ამ შემთხვევაშიც, ტერიტორიის მოცულობა ხელოვნურად არის გაზრდილი და ბიუჯეტიდან რეალურზე მეტი თანხაა დახარჯული. აქაც რამდენიმე მილიონი ლარის გაფლანგვაზეა ლაპარაკი.


სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიების განაშენებიანებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოსაწყობად დაიხარჯა 2 მილიონი ლარი. კონტროლის პალატის დასკვნაში კი სწერია, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარის ღირებულების არ არის. დანარჩენს კი პროკურატურა გაარკვევს.


გარდა ამისა, კონტროლის პალატამ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებსა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც აღმოაჩინა დარღვევები. 2005 წელს ამ სამსახურმა 29 ტენდერი ჩაატარა, ხოლო 350 კონტრაქტი გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ამ 29 ტენდერიდან კონტროლის პალატამ კანონდარღვევით ჩატარებულად 12 მიიჩნია, ხოლო 350 ხელშეკრულებიდან - 60. შესაბამისად, მათი კანონიერების შესწავლა სამართალდამცავების საქმეაო, - წერია დასკვნაში. ჰოდა, შეისწავლეს კიდეც. 2006 წელს უფრო მეტი დარღვევაა აღმოჩენილი. ამ წელს კეთილმოწყობის სამსახურმა 123 ტენდერი ჩაატარა და 218 კერძო და იურიდიულ პირთან გააფორმა ხელშეკრულება. ამ 123 ტენდერიდან კონტროლის პალატამ უკანონობა 97 მათგანში აღმოაჩინა, ხოლო 218 ხელშეკრულებიდან 120, ასევე, კანონდარღვევით არის გაფორმებული. ცხადია, ყველა ამ შემთხვევის შესწავლა კონტროლის პალატამ სამართალდამცავებს სთხოვა.


ამ ეტაპზე „ალიასთვის" მხოლოდ ეს ეპიზოდები გახდა ცნობილი. საბოლოო ჯამში, მერიის ბიუჯეტიდან  139 მილიონი ლარის გაფლანგვაზეა ლაპარაკი. სავარაუდოდ, ეს თანხა „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერმა და მათთან დაახლოებულმა კომპანიებმა მიითვისეს ბიუჯეტიდან. ისინი აწარმოებდნენ იმ სამუშაოებს, რაც ჩამოვთვალე და რაც კიდევ მრავლად არის მითითებული კონტროლის პალატის დასკვნაში. „ალიასთვის" ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, გამოძიებამ დასაქმების ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილის მეგობარი პაატა ტრაპაიძეც იმსხვერპლოს. პაატა ტრაპაიძის კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი", წლების მანძილზე მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო, ეს კომპანია თბილისში და არა მარტო თბილისში, გზების დაგება-რეაბილიტაციასა და სხვა სამუშაოებს ასრულებდა. იმ მასალებში, რომლებზე დაყრდნობითაც საქმე აღიძრა, „კავკასუს როუდ პროჯექტი" ოცზე მეტ შემთხვევაში ფიგურირებს, მათ შორის, თბილისის ავტობანის მშენებლობისა და მოასფალტების საქმეში. შეგახსენებთ, რომ 139 მილიონი ლარი, რომლის გაფლანგვასაც გამოძიება ედავება უგულავასა და სუბელიანს, კონტროლის პალატის დასკვნის მხოლოდ ერთი ნაწილია, მასალების უდიდეს ნაწილს გრიფი „საიდუმლო" ადევს. ღმერთმა უწყის, იმ მასალების მიხედვით კიდევ რამდენი მილიონია გაფლანგული თბილისის ბიუჯეტიდან.


„ალია" მთავარ პროკურატურაში შეეცადა იმის გადამოწმებას, ნამდვილად არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის ახალი საქმეები გიგი უგულავასა და კობა სუბელიანის წინააღმდეგ. პრესცენტრის თანამშრომელი, ნათია სუხიაშვილი შეგვპირდა, რომ დააზუსტებდა ინფორმაციას და დაგვიკავშირდებოდა, თუმცა, გუშინ საღამოს პროკურატურაში თათბირი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, გვიან დასრულდა და აღარ შეგვხმიანებია. თუ მთავარი პროკურატურა მოისურვებს ამ საკითხის შესახებ „ალიას" საშუალებით კომენტარის გაკეთებას, ჩვენ მათაც მივცემთ ამის საშუალებას. „ალია" გიგი უგულავასთან და კობა სუბელიანთან დაკავშირებასაც შეეცადა, გვაინტერესებდა, თავად თუ იცოდნენ საქმის აღძვრაზე რამე. უგულავასა და სუბელიანს „მესიჯები" მივწერეთ, რის შესახებ გვსურდა მათი კომენტარი, მაგრამ მათ არც ამის შემდეგ უპასუხეს ჩვენს ზარებს. 


ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016