reportiori.ge - რევაზ ძოძუაშვილი: წარმოუდგენელია, ძლიერი პოლიტიკოსი იყო, თუ ფეხბურთი არ გესმის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:59
პრეს-დაიჯესტი
რევაზ ძოძუაშვილი: წარმოუდგენელია, ძლიერი პოლიტიკოსი იყო, თუ ფეხბურთი არ გესმის!
ავტორი:
28 ივნისი, 2014. 18:16


ამჯერად მეგობრებსა და მეგობრობის შესახებ თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი წევრი, ქუთაისის „ტორპედოს" მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვლი საუბრობს:


- ქუთაისში გავიზარდე და მეგობრობის დიდი სკოლა მაქვს გავლილი. ცხოვრების მანძილზე არაერთ ადამიანთან მქონია ახლო ურთიერთობა. მყავდა ქუჩის მეგობრებიც და ვიცი ნაღდი მეგობრის ფასიც, თუმცა, საუბარს მაინც ფეხბურთის მეგობრებით დავიწყებ, რომელთან ერთადაც არაერთხელ განმიცდია გამარჯვება და, პირველ რიგში, რეკორდი სწორედ მეგობრობაში დაგვიმყარებია. მეგობრობის ძალა და ამ ურთიერთობის მთელი ხიბლი ყველაზე უკეთ მოედანზე იგრძნობა. იცით, რამხელა განცდაა, როდესაც საგოლე პასს მეგობარი გაწვდის?! მე, ჯემალ ხერხაძე, ავთანდილ წვერავა, სერგო კუტივაძე, ლევან ნოდია ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როდესაც დუბლებში ვთამაშობდით. იმ დროიდან მოყოლებული არაერთი საუკეთესო წუთები განგვიცდია ერთად, თანამონაწილენი ვართ ერთმანეთის ჭირისა თუ ლხინის. დღესაც კი ერთად ვართ და ამ კრიზისულ პერიოდში ქუთაისის „ტორპედოს" ვხელმძღვანელობთ...


- 80-იანი წლების „დინამოსა" და იმ გუნდის მეგობრულ ურთიერთობაზეც ვისაუბროთ, რომლის წარმატების საიდუმლოც, როგორც უკვე ახსენეთ, სწორედ მეგობრული ურთიერთობები იყო...

 

- წლების წინათ იუგოსლავიას ვეთამაშებოდით და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ჯაიჩის დაცვა მევალებოდა. პირველ ტაიმში ძალიან ცუდად დავიწყე თამაში. ამ ბიჭმა ოსტატურად მოგვატყუა სამი კაცი და გოლი გაგვიტანა. ვაგებდით თამაშს, მთელი აგრესია კი ჩემზე მოდიოდა. უცბად მოწინააღმდეგეს ბურთი წავართვი, კახი ასათიანს მივაწოდე, რომელმაც ხუთი კაცი მოატყუა და ჯაიჩის თვალწინ გოლი გაიტანა. ოცი წუთის შემდეგ იგივე კომბინაცია გავითამაშეთ მე, მურთაზ ხურცილავამ, კახი ასათიანმა და ამჯერად მოწინააღმდეგის კარში ბურთი გივი ნოდიამ შეაგდო. იუგოსლავიას მაშინ სამით ერთი მოვუგეთ. ჩემი შეცდომები მეგობრებმა ისე გამოასწორეს, რომ თამაშის დასრულების შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირი ზეიმობდა. აი, ასეთი მეგობრობა ვიცოდით „დინამოში". ამ გრძნობაზე დიდი განცდა რა უნდა იყოს?!


რასაკვირველია, თბილისის დინამოს ყველა ფეხბურთელი ჩემი მეგობარი იყო. ძირითად შემადგენლობაში ამ ნიშნითაც მოვხვდით. მეგობრობისთვის რომ გვეღალატა, თამაშს ვერ მოვიგებდით, თუმცა, განსაკუთრებული სიახლოვე მაინც მურთაზ ხურცილავასთან და გივი ნოდიასთან მქონდა, რომლებთან ერთადაც წლების მანძილზე ვთამაშობდი თბილისის „დინამოს" ძირითად შემადგენლობასა და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ჩვენ მეგობრებზე მეტი ვიყავით ერთმანეთისთვის! კიდევ ერთხელ ვამბობ, მეგობრობამ გააძლიერა მაშინდელი თბილისის „დინამო"! არაერთი საუკეთესო უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი მეგობარი შევიძინე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშის დროსაც. ჩათვალეთ, რომ საბჭოთა კავშირის სახელით უაიარაღო ომში მივდიოდით. ბრძოლის ველზე კი, მოგახსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანიც არის ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა...


- საინტერესოა, საბჭოთა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელებს როგორი ურთიერთობები გქონდათ ერთმანეთთან?!

 

- მეგობრობის ინიციატივა უფრო მეტად მათგან მოდიოდა, რადგან იცოდნენ, რომ კომუნისტური რეჟიმი ბევრი რაღაცის უფლებას არ გვაძლევდა. ძალიან ფრთხილნი და მოზომილნი ვიყავით ურთიერთობებში. და მაინც, საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა იაშინთან, პელესთან, ბეკენბაუერთან, ბესტთან, ჯაიჩთან... მართალია, ჩვენს შორის დისტანციური მეგობრობა იყო, ხშირი მისვლა-მოსვლა არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთისადმი პატივისცემასა და ყურადღების გამოხატვას მაინც ვახერხებდით. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს სპორტულ მოედნებზე და ბანკეტებზე. ახლა, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები ვართ, ეს ურთიერთობები უფრო მეტად გახსნილია.


- როგორ აღნიშნავდით ხოლმე გამარჯვებას?

 

- რომ გითხრათ, სამ-ოთხ ლიტრს ვსვამდით-მეთქი, არა, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ჭიქას თუ დავლევდით. ახლა, უფრო მოვუხშირეთ სუფრაზე ღვინის სმას - მოედნის ნაცვლად, სუფრასთან ვუმტკიცებთ ერთმანეთს მეგობრობას.


- მთავრობის ლოჟიდან ბევრი პარტიული მოღვაწე ადევნებდა თქვენს თამაშს თვალს. საინტერესოა, გადაიზარდა თუ არა ეს გულშემატკივრობა მეგობრულ ურთიერთობებში?

 

- ჩვენი წარმატების პიკი შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდს დაემთხვა. მახსოვს, შევარდნაძე ხშირად მთელ გუნდს სუფრასთან გვეპატიჟებოდა და მეგობრულად გვეუბნებოდა - ხომ იცით, ქართველები ხართ და ყველა ნაბიჯზე პასუხს აგებთო. როდესაც მე, დათო ყიფიანი და ვოვა გუცაევი საქართველოს ნაკრებში  ვიყავით, ყველა დიდი თამაშის წინ გვირეკავდა - აბა, როგორ ემზადებით, ხომ არაფერი გიჭირთო. მართლაც, მეგობრულად გვედგა გვერდით. პოლიტიკური მხარდაჭერა - მარტოები არ ხართო, დიდი სტიმული იყო ჩვენთვის.


- დღეს თქვენი კოლეგა, კახი კალაძე ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა ხელისუფლებაში...

 

- კახი და არაერთი საუკეთესო ფეხბურთელი - არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ერთი სიტყვით, თითქმის ყველა, ჩემი მოწაფეები იყვნენ და უმცროსი მეგობრები არიან. წარმოუდგენელია, ძლიერი პოლიტიკოსი იყო, თუ ფეხბურთი არ გესმის. დააკვირდით, როგორ გულშემატკივრობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავისი ქვეყნის გუნდს. გნებავთ, ბერლუსკონი გავიხსენოთ, რომელმაც თავისი კარიერა საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობიდან დაიწყო... კახიმ იმდენად კარგად იცის სტრატეგია, სად, როდის და როგორ მოიქცეს, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაშიც წარმატებული იქნება.


სამწუხაროდ, იმ ქართული ფეხბურთისგან,რომელიც 70-80-იან წლებში ჰყვაოდა, აღარაფერია დარჩენილი და იცით, რა არის ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? მეგობრობის პირამიდა დაინგრა, რომელიც ასე სათუთად ავაშენეთ და ვუფრთხილდებოდით. დიახ, დღეს ჩვენს ფეხბურთს სწორედ ეს აკლია.


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016