reportiori.ge - ხმები „ნაცმოძრაობის“ გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებული არ ყოფილა!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ხმები „ნაცმოძრაობის“ გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებული არ ყოფილა!!!
ავტორი:
28 ივნისი, 2014. 18:20


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა ლიდერები „ნაცმოძრაობას" პოლიტიკური რადარებიდან გაქრობასა და მოუსავლეთში გამგზავრებას უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დადასტურებული ფაქტები ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის" ცალკეული ლიდერების საეჭვო თანამშრომლობის შესახებ, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც სჯეროდა, რომ ამ არჩევნებში ყოფილი მმართველი პარტია სასტიკად დამარცხდებოდა. მინიმუმ, მეორე ადგილს ვერ დაიკავებდა და ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსსაც დაკარგავდა. თუმცა, „ნაცმოძრაობამ" პროპორციულ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 22, 41 % აიღო. მეტი რაღა უნდოდათ? თავი წაგვჭამეს ტრაბახით, - აი, ხომ ხედავთ, ისევ მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ, საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ და ხალხი ისევ მხარს გვიჭერსო. ამათ ერთი 10 პროცენტით მეტი რომ აეღოთ, იმასაც იტყოდნენ, ხალხს ისევ ჩვენ მოვენატრეთო. ჰო, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა, დავით ნარმანიამ რომ ვერ მოუგო მათ ნიკა მელიას, ამაზეც აღფრთოვანდნენ. არჩევნების დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების გამოცხადებისას ისე ხარობდნენ, გეგონება, მელია 2-3 პროცენტით ჩამორჩა ნარმანიას. არადა, ნარმანიამ თბილისელთა ხმების 46, 09 % მიიღო, მელიამ - 27, 97 %. სხვაობა ძალიან დიდია - მთელი 22 %. აქ ისიც გავიხსენოთ, რომ „ნაცმოძრაობამ" საკუთარი ამომრჩეველთა სრული მობილიზაცია მოახდინა, ერთი მხარდამჭერი არ დატოვა სახლში - ყველა მიიყვანა მელიასთვის ხმის მისაცემად, ანუ ნიკა მელიას სარეზერვო მომხრეები აღარ ჰყავს. დავით ნარმანიას კი საკმაო რეზერვი აქვს. „ქართული ოცნების" ათასობით მხარდამჭერი არჩევნებზე არ მივიდა. თუ ამ რესურსის გამოყენებას მოახერხებს ნარმანიას გუნდი, მაშინ მისი გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი იქნება, თუმცა, არც უამისოდ გაუჭირდება მოგება. მოკლედ, უეჭველია, რომ მეორე ტურში დავით ნარმანია გაიმარჯვებს და თანაც დამაჯერებლად.

 


ახლა „ნაცოინალების" 22 პროცენტს მივხედოთ. კი, აიღეს ამ არჩევნებში „ნაცებმა" ეს 22 , მაგრამ  მართლა სასტიკად დამარცხდნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული პროცენტები არ წყვეტს ყველაფერს, საქართველოში მაჟორიტარული არჩევნებიც ჩატარდა და ეს არჩევნები პირწმინდად წააგეს. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლებასთან თანაცხოვრების რეჟიმში მყოფი პარტია ასეთ კატასტროფაში მოყვებოდა. ისე, ამ არჩევნების შემდეგ  ისიც საკითხავია, რეალობა იყო ეს კოჰაბიტაცია თუ „ქართული ოცნების" ტაქტიკური ფანდი, „ნაცმოძრაობის" ლიდერის მოსადუნებლად და მერე მათ სრულად გასანადგურებლად? „ნაციონალებმა" სასტიკი მარცხი იგემეს მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისშიც და მთელი საქართველოს მასშტაბითაც და ადგილობრივ თვითმმართველობებში მთელ ძალაუფლებას, პრაქტიკულად, „ქართული ოცნება" დაეუფლა. შეიძლება ითქვას, ეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პარტიის კრახი იყო. ამ კრახსა და იმ ფაქტს, რომ „ნაცმოძრაობა" უკან-უკან მიექანება, უფრო და უფრო ნაკლები ამომრჩეველი უჭერს მხარს, მისი ლიდერები ხალხს უმალავენ. ამ 22 პროცენტით მანიპულირებენ. თუმცა, ხალხი ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებს. მოდით, განვმარტოთ, კონკრეტულად რაში გამოიხატება „ნაცმოძრაობის" კრახი.

 

 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გავიხსენოთ და ყველაფერი ნათელი გახდება. 4 წლის წინათ, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში, „ნაციონალებმა" ხმების 65 % მიიღეს. მათ მხარს 1 მილიონ 119 ათას 641 ამომრჩეველი უჭერდა. წლევანდელ არჩევნებში, ის საამაყო 22 პროცენტი მხოლოდ 317 ათას 525 ამომრჩეველი გამოდგა. მოკლედ, ამ 4 წელში „ნაციონალებმა" 802 ათას 116 მხარდამჭერი დაკარგეს. გესმით? 802 ათასზე მეტი მხარდამჭერი აღარ ჰყავთ და ესენი იძახიან, მთავარი ოპოზიციური ძალა ვართო და უნამუსოდ ლაპარაკობენ „ქართული ოცნების" კრახზე. არა, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას" რომ კარგად ვერ აქვს საქმე, ეს სადავო არ არის, ეს სხვა მასალის თემაა, მაგრამ „ნაცების" დასაცინი მართლა არაფერი სჭირს. კი, ამ 802 ათასიდან მაშინ ნახევარზე მეტი იძულებით უჭერდა „ნაცებს" მხარს, გარდა ამისა, არჩევნები გააყალბეს და კაცმა არ იცის, რამდენი ათასი ხმა მიიწერეს, მაგრამ უფრო შორს აღარ წავალ. თავად აცხადებენ, ჩვენი რეიტინგი ციფრებში გამოიხატებაო და ეს 22 % აქვთ ამოჩემებული და აჰა, ციფრები - 802 ათასი დაკარგული ამომრჩეველი, თითქმის სამჯერ ნაკლები წლევანდელთან შედარებით. მითხარი ახლა, არ არის ეს კრახი? კრახია, აბა, რა ჯანდაბაა?!

 

 

2010 წლის არჩევნებში ეს 65 % რომ მიიღეს „ნაციონალებმა", ამ შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულო, მათ შორის თბილისისაც. თბილისშიც და საქართველოს 72 ქალაქში და რაიონში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს, ოპოზიციონერები კანტიკუნტად მოხვდნენ საკრებულოებში და მთელ ძალაუფლებას „ნაცები" ფლობდნენ. 4 წლის წინათ მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა არ მომხდარა (გამონაკლისი თბილისი იყო). შესაბამისად, ყველა, 72 ქალაქსა და რაიონში „ნაციონალურმა" საკრებულოებმა საკუთარი პარტიის წევრები დანიშნეს მერებად და გამგებლებად. ერთი სიტყვით, საქართველოში ყველა ქალაქსა და რაიონს ისინი აკონტროლებდნენ.


მოდით, ვნახოთ, რა შეიცვალა 4 წლის შემდეგ. პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული ეს 22 % „ნაცებს" დიდად არ გამოადგათ, რადგან წელს, ყველა ქალაქსა და რაიონში ჩატარდა მაჟორიტარული არჩევნები, ყველა საკრებულო შემდეგი წესით დაკომპლექტდა - მანდატების ნახევარი პროპორციულ არჩევნებში გამარჯვებული პარტიების კანდიდატებმა მიიღეს, ნახევარი კი - მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულებმა. 1049 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა" ოცნებამ 811 მანდატი მოიპოვა, „ნაცმოძრაობამ კი - მხოლოდ 64. 21-ე ოლქში მეორე ტურია დანიშნული. თუ დარჩენილ 4 სადავო მეორე ტურს არ ჩავთვლით „ოცნებასა" და „ნაცებს" შორის, რომლის შედეგებიც არაფერს შეცვლის, საბოლოო ჯამში, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების მიხედვით, მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 1391, „ნაცმოძრაობა" - 281, ანუ ამ არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ „ნაცებზე" 1110 მანდატით მეტი მოიპოვა, მთავარ ოპონენტზე ოთხჯერ მეტი. კონკრეტულად ამ თემაზე გელა ზედელაშვილის მიერ მომზადებულ სტატიას წაიკითხავთ. მე კი განვაგრძობ, რომ „ქართული ოცნების" მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა, მანდატების საერთო რაოდენობის 67 პროცენტია, „ნაციონალებისა" კი - 13, 7 %. რა არის ეს, თუ არა სრული კატასტროფა „ნაციონალებისა"? აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მერებისა და გამგებლების არჩევნებში, 8 თვითმმართველი ქალაქის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიგეს არჩევნები. უკვე ცნობილია, რომ 4 თვითმმართველ ქალაქსა და 59 გამგეობას „მეოცნებე" მმართველი ეყოლება. ერთი რაა, ერთი მერი ან გამგებელი აღარ ჰყავთ „ნაციონალებს". ეს იმ დროს, როცა 4 წლის წინათ 72 გამგებელი და თბილისის არჩეული მერი მათი იყო. ეს სრული ფიასკოა. კი, 8 თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა, მაგრამ  აქედან ამ მეორე ტურში მხოლოდ 6 „ნაციონალი" გავიდა და არც ერთს არ აქვს გამარჯვების რეალური შანსი. მოკლედ, პარტიას, რომელიც ყველა თვითმმართველ ერთეულს უპირობოდ აკონტროლებდა, არც ერთ საკრებულოში არ ჰყავს უმრავლესობა, არც ერთი მერი არ ჰყავს და არც ერთი გამგებელი. მეტიც, ბევრ საკრებულოში იმდენად მცირე მანდატები მოიპოვეს, რომ ფრაქციების შესაქმნელადაც კი არ ეყოფათ. აი, ეგ არის „ნაცების" გაპიარებული 22 %.

 

 

ახლა თბილისში ვნახოთ, რა ხდება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ „ნაციონალთა" უბადრუკობაში. 2010 წელს, პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალებმა" 234 ათას 150 ხმა მიიღეს. წელს კი - 85 ათას 737. სხვაობა აქაც უზარმაზარია - 4 წელიწადში „ნაცებმა" თბილისში 148 ათას 413 ამომრჩეველი დაკარგეს, თითქმის სამჯერ ნაკლები ხმა მიიღეს, ვიდრე 2010 წელს. როგორც თავად აცხადებენ, თბილისში წარმატებას მივაღწიეთო და ეს თუ წარმატებაა, სულ ეგეთი წარმატებებით ევლოთ!


2010 წელს „ნაციონალებმა" თბილისის 25 მაჟორიტარული ოლქიდან 24 მოიგეს. ამას დავუმატოთ პროპორციული წესით მოპოვებული მანდატები და, საბოლოო ჯამში, „ნაციონალებმა" 39 დეპუტატტი შეიყვანეს თბილისის საკრებულოში, ოპოზიციას კი მხოლოდ 11 ადგილი ერგო. იმ არჩევნებში გიგი უგულავა გახდა თბილისის მერი და საკრებულოს უმრავლესობითა და საკუთარი მერით „ნაციონალები" თბილისს სრულად აკონტროლებდნენ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ისინი იღებდნენ და ოპოზიციას არაფრის შეცვლა არ შეეძლო.

 


მოდით, ვნახოთ, რა ხდება თბილისში ამ არჩევნების შემდეგ. „ნაცმოძრაობის" კანდიდატებმა წააგეს ყველა მაჟორიტარული ოლქი, „ქართულმა ოცნებამ" კი ოცდახუთიდან 24 ოლქი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას" კიდევ 13 მანდატი ერგო და საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა - 37 მანდატი. „ნაცმოძრაობას" მხოლოდ 7 მანდატი შეხვდა იმ 22 პროცენტის წყალობით, მეტი არა. დარანჩენი 8 მანდატი სხვა ოპოზიციურ პარტიებს ერგოთ, ანუ, საერთო ჯამში, იმაზე მეტი, ვიდრე „ნაცებს". მოკლედ, „ნაცები" ერთ პატარა, 7-კაციან ფრაქციას შექმნიან თბილისის საკრებულოში და იმაზე მეტ საფრთხეს ვერ შეუქმნიან „ქართული ოცნების" უმრავლესობას, როგორსაც მათ თავის დროზე 11-კაციანი ოპოზიცია უქმნიდა.

 

 

ამას ისიც დავუმატოთ, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს დავით ნარმანია უეჭველად მოიგებს, რადგან დიდი რესურსი დარჩა ასათვისებლელი და გარდა ამისა, ნიკა მელიას სოლიდური უპირატესობით გაასწრო პირველ ტურში. ამის შემდეგ თბილისს მთლიანად „ქართული ოცნება" დაეპატრონება. არჩევნები რომ დასრულდა, ამ პოლიტიკურმა მაწანწალამ, მიხეილ სააკაშვილმა ომახიანი განცხადება გააკეთა, - „ნაცმოძრაობა" საქართველოს დაბრუნებას თბილისიდან დაიწყებსო. რაც ახლა წაიკითხეთ, სადმე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას" პოზიციები აქვს მომაგრებული და დედაქალაქიდან დაიწყებენ საქართველოს დაბრუნებას? ცხადია, არა. პირიქით, „ნაცმოძრაობამ" თუ დაკარგა, თბილისი დაკარგა და თანაც, სამუდამოდ. სააკაშვილისა და სხვა „ნაცლიდერთა" ომახიანი, იმედიანი განცხადებები მათი შედარებით გაუთვითცნობიერებელი და კიდევ, მერყევი მხარდამჭერებისთვის კეთდება, იმ ხალხისთვის, ამ არჩევნებში მათ რომ მისცა ხმა და მომავალში რას იზამს, საით გადაიხრება, კაცმა არ იცის. ასეთი კი ათეულ ათასობითაა. მიშას რატომღაც ჰგონია, რომ ხალხი „ნაცმოძრაობის" ამ მარცხს, ამ კატასტროფას ვერ გაიგებს და ისევ ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა ეგონება, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ იყო, ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნების იმედი ექნება. თუმცა, ეს სრულიად უსაფუძვლო პიარი „ნაცებს" აღარ გაუვათ. თბილისშიც და რეგიონებშიც, ხალხი ხომ ნახავს, რომ საკრებულოები და მერ-გამგებლები „ქართული ოცნების" წარმომადგენლები იქნებიან, „ნაცებს" ყველგან უმცირესობა ეყოლებათ და ანგარიშგასაწევი ძალა აღარ იქნებიან? როდემდე დაუმალავს სიმართლეს ხალხს „რუსთავი 2"? ჰა, კიდევ რამდენიმე თვე გაქაჩონ და როცა ხალხი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, მერე მათ ვეღარ მოატყუებ. მოლა ნასრედინის ერთი იგავი გამახსენდა. ბრმას ცოლი მოუკვდა. მეზობლები ბჭობენ,როგორ შეაპარონ ამ კაცს ეს უბედურება. ერთმა მეზობელმა თქვა, მოდი, საერთოდ ნუ ვეტყვით, ბრმა არის და რას მიხვდებაო? მეორემ უთხრა, ბრმა კი არის, მაგრამ ღამე დასაძინებლად  რომ დაწვება და ცოლი გვერდით არ მიუწვება, მერე ხომ მიხვდებაო? აი, ეგრეა „ნაციონალებო", თქვენი საქმე. ტყუილებით დიდხანს ვერ დააპურებთ თქვენს მხარდამჭერებს, ხალხს დიდხანს ვერ დააბრმავებთ და ძალიან ბევრი ადამიანი უარს გეტყვით სამომავლო მხარდაჭერაზე. ეს ცხოვრების წესი და კანონია და პოლიტიკაშიც ბატონობს ეს კანონი - დამარცხებული გულზე არავის ეხატება, დამარცხებული მუდამ კარგავს ქომაგს და ეს პროცესი შეუქცევადია. შეუქცევადია, რადგან „ნაცმოძრაობას" არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ოდნავ გაკეთილშობილდეს და ხალხის მხარდაჭერა, თუნდაც დღევანდელზე ოდნავ მეტი, მოიპოვოს. პირიქით, ხალხს ერთი სული აქვს, პოლიტიკურ სასაფლაოზე გაგისტუმროთ და მიწაც მოგაყაროთ. ზემოთ რომ სტატისტიკაა, ის მოიშველიეთ და ამაში საბოლოოდ დარწმუნდებით.

 

 

მოკლედ, გავრცელებული ხმები „ნაცმოძრაობის" გარდაცვალების შესახებ, მაინცდამაინც გადაჭარბებული არ არის. ფაქტია, ეს პარტია უკანმოუხედავად მიიწევს პოლიტიკური სამარისკენ და ძალიან მალე მიაღწევს.

 

 

„ნაციონალებო", ეგ 22 % კი ყველამ სათითაოდ ამოისვირინგეთ, გულზე,რომ არსად დაგეკარგოთ.


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016