reportiori.ge - 30 წლის შემდეგ: „ახალი არგონავტები“ საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:00
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
30 წლის შემდეგ: „ახალი არგონავტები“ საქართველოში
28 ივნისი, 2014. 18:38


ზუსტად 30 წლის წინ, საქართველო დალაშქრეს „თანამედროვე არგონავტებმა", რომელთა მიზანი იყო იასონის მოგზაურობის მარშრუტის განმეორება და არგონავტთა მითის რეალური ისტორიული ფესვების ძიება.


ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ცნობილი ინგლისელი მოგზაური და მწერალი ტიმ სევერინი.


ამ მოვლენას საგანგებო ფილმები მიუძღვნა ბი-ბი-სიმ (2), ასევე, მაშინდელი სსრკ ტელევიზიამ და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტელევიზიამ (5). ეს მოგზაურობა ფართოდ გააშუქეს პრესამა და რადიომ.


„არგოს" სტუმრობა იმდროინდელი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მოვლენად გადაიქცა.


აკად. მარიკა ლორთქიფანიძის მაშინდელი შეფასებით ტიმ სევერინისა და ე.წ. „ახალი არგონავტების" მოსვლას ჩვენს ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისა და მისი ისტორიის ფართო პროპაგანდისთვის". დღევანდელ თაობას ეს სიტყვები, ეგებ, გადაჭარბებულადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ მაშინ („პერესტროიკამდე") ეს ფაქტი მართლაც ასე აღიქმებოდა და ექსპედიციის ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მოვლენას ეროვნული მასშტაბი და ელფერი შესძინეს.


ამას თვითრეკლამისთვის კი არ ვუსვამ ხაზს, რომ სევერინისა და მისი გუნდის მასპინძლობაზე „პერტენზიას" სსრკ ტელევიზიისა და „სხვა ძალების" ცალკეული წარმომადგენლები აცხადებდნენ! ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ისტორია-კულტურის პროპაგანდისთვის მინიმუმი გაკეთდებოდა. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ამიტომ აქტუალური,  ეროვნული პრესტიჟის საქმე გახდა ამ „აქციის" ქართულ რელსებზე გადაყვანა. ვიმეორებ, ეს არა მარტო დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ღირსეულად დააფასა კიდეც. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა „ერი და ბერი" ერთად იდგა და ეს 30 წლის წინ ხდებოდა.


სირთულე მარტო პოლიტიკურ ელფერში არ გამოიხატებოდა. თავად ექსპედიციის მასპინძლობის მიზანი და მასშტაბი ითხოვდა ურთულესი მატერიალური და ორგანიზაციული პრობლემების გადაწყვეტას, თანაც ისე, რომ საბჭოთა სახელმწიფო და იდეოლოგიური ინტერესები მკვეთრ წინააღმდეგობაში არ მოსულიყვნენ ქართულ, ეროვნულ-კულტურულ ფასეულობებთან.


ხაზგასმით უნდა გავიხსენო: საქტელერადიოკომიტეტს სრული კარტბლანში ჰქონდა მოცემული რესპუბლიკის ხელმძღვანელობიდან. არავინ არ ჩარეულა ჩვენს საქმეში, არავითარი ცენზურა, არავითარი კონტროლი. მხოლოდ ხელშეწყობა, მხოლოდ!!!


და ასეთი უნიკალური დამოკიდებულების შედეგად ყველაფერი გაკეთდა ფილიგრანულად, ფაქიზად, როგორც ზემოთ ვთქვი, დანის წვერზე სიარულით, ანუ ღირსეულად, ისე, რომ... 30 წლის შემდეგაც ამ „საქმის" მოთავეებს საამაყო ბევრი რამ აქვთ.


ამ დღეებში „არგოს" ექსპედიციის 30-წლოვანი იუბილეა.


ამ ღამით თბილისში 74 წელს მიტანებული ტიმ სევერინი და რამდენიმე მისი „არგონავტი" გვესტუმრება.


საინტერესო დღეები გველის. ამაღელვებელი. სიხარულის თუ ტკივილის ცრემლებით სავსე, მოსაგონარი, ხსოვნის სადღეგრძელოების წარმოთქმის წუთები...


სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით არ არის აკად. ოთარ ლორთქიფანიძე, ერთ-ერთი იმ სამეულიდან, ვინც ოფიციალურად მასპინძლობდა „ახალ არგონავტთა" ამ ლაშქრობას და, რომელიც ისე ღირსეულადლ წარმოადგენდა საქართველოს მეცნიერებას, რომ დღემდე ლეგენდად დარჩა...


ასევე, ცოცხალი არ არის ცნობილი რუსი საბჭოთა მოგზაური იური სენკევიჩი, ისიც ერთ-ერთი „ოფიციალური სამეულიდან", რომელთანაც ღია თუ ფარული „ჭიდილი" დამთავრდა ისე, რომ... ბოლოს და ბოლოს შეიგნო, არგონავტები „ოქროს საწმისს" ეძებდნენ კოლხეთში, რომელიც მაშინ არ შედიოდა... რუსეთის შემადგენლობაში და არც ის „ცხვრის ტყავი" იყო რუსული ისტორიისა და კულტურის ნაწილი...


ჩვენთან ერთად, სამწუხაროდ, არ არის ძალიან ბევრი იმ ადამიანებიდან, ვინც გული, სული, ენერგია ჩააქსოვა ამ ექსპედიციის წარმატებით დაგვირგვინებაში... თუნდაც, გოგი დოლიძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან ჩომახიძე...


სასიხარულოდ ბევრი დღეგრძელობს იმათგან, ვისაც მართლა სიამაყით აქვს მოსაგონარი ის დღეები...


გული მწყდება, რომ ამერიკიდან ვერ ჩამოვა ქართული და საბჭოთა ტელევიზიის  განუმეორებელი ვარსკვლავი თენგიზ სულხანიშვილი, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ წყლებში აიღო ტიმ სევერინისგან პირველი ინტერვიუ, შემდეგ კი დამაგვირგვინებელიც...


სულხან-საბას ნაკვალევს მიყვება ამ დღეებში, ასევე მუდამ მაძიებელი და განუმეორებელი,  პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც „არგოს" ეკიპაჟის მენიჩბედ ძალისძალად „ჩაეტენა" და ამის შედეგი გახლდათ მისი უნიკალური წიგნი-რეპორტაჟი „მოგზაურობა „არგოთი"...


საიუბილეო დღეებს პატრონობენ ასოციაცია „კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნე", ვალერი ასათიანის თავკაცობით და მაშინდელი ექსპედიციის თუ დღევანდელი „არგონავტების" უერთგულესი მოჭირნახულე, ამ დღეების კოორდინატორი,  ილო ფერაძე. განსაკუთრებული მადლობა ტურიზმის დეპარტამენტს და მის თავმჯდომარეს გიორგი სიგუას, რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება-მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ იუბილეს ორგანიზატორებს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქართულ საქმეში მემკვიდრეობითობა!!!!!


თქვენი მონა-მორჩილი კი თავისი არქივიდან გთავაზობთ ერთ უნიკალურ ისტორიულ ფოტოს, რომელიც გადაღებულია 1984 წლის 21 ივლისს, ნეიტრალურ წყლებში - საქართველოს საზღვაო საზღვრის გადმოკვეთის წინ... სურათზე, სამწუხაროდ, არ ჩანს  თენგო სულხანიშვილი...  და არც მეორე ნავში მოკალათებული ჩვენი გადამღები ჯგუფი. ეს სურათი იმაზეც მეტყველებს, რომ ამ ექსპედიციის მთავარი მასპინძელი იყო საქართველოს ტელერადიო კომიტეტი და არა იური სენკევიჩის „მოგზაურთა კლუბი", თავისი იალქნებიანი „ტოვარიშჩით". ტელერეპორტაჟებში ისიც მშვენივრად გამოჩნდება, როგორ გავაცანით ერთმანეთს სევერინ-სენკევიჩი... თუმც საინტერესო და კურიოზულ პერიპეტიებზე სხვა დროს.


 

მეორე ფოტო გადავიღე ლონდონში, 1985 წლის 23 მარტს, როცა ბი-ბი-სის ვსტუმრობდი „არგოს" ექსპედიციაზე ფილმის მისაღებად.


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016