ყველა ახალბედა და უკვე გამოცდილ დედიკოს და მამიკოს სურს, რომ მათი შვილი დამოუკიდებელი, ძლიერი და ჭკვიანი იყოს. ბავშვებს მშობლებისგან ხასიათისა და გარეგნობის გარკვეული შტრიხები რათქმაუნდა დაბადებიდან ერგებათ, თუმცა არსებობს აღზრდის პერიოდში მშობლების მიერ დაშვებული წვრილ-წვრილი შეცდომები, რომელიც თქვენს პატარას „დათვურ სამსახურს" უწევს.
„რეპორტიორი" ფსიქოლოგებისა და პედიატრების მიერ შედგენილ ნუსხას გთავაზობთ, სადაც აღწერილია მშობელთა ქცევის ნორმები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ე.წ. კრიზისულ სიტუაციებში იმისათვის, რომ თქვენი პატარა გაწონასწორებული და მშვიდი ბავშვობით დატკბეს.
1. ნუ გაანებივრებთ თქვენს შვილს ზედმეტად! ზღვარგადასული ტკბილეული და თითქმის ყველა სურვილის ასრულება თქვენს შვილს პატარა ტირანად აქცევს. თუ თავიდანვე არ ასწავლით ზომიერებას, ნელ-ნელა თქვენი შვილი თქვენით მანუპულირებას ისწავლის და ყველაფერში დაგიმორჩლებთ. მამიკოებო! ყველა სურვილის ასრულება სიყვარულს სულაც არ ნიშნავს, ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ სიყვარული შოკოლადი და დიდი სათამაშო სულაც არ არის.
2. საჭიროების შემთვევაში არ მოერიდოთ ზომიერი სიმკაცრის გამოჩენას. გახსოვდეთ! თქვენი აღზრდის მეთოდი თქვენი შვილის მთელ ცხოვრებას განსაზღრავს. გარკვეული შეზღუდვების დაწესება თქვენ შვილს დაეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში და სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მაგრამ, გახსოვდეთ პატარები ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები არიან, პატარას შეზღუდვები მხოლოდ მშვიდად, აღელვებისა და ყოველგვარი აგრესიის გარეშე გააცანით. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი იმისა, რომ აკრძალვა ჩვეულებრივი მოვლენაა.
3. ნუ გამოიყენებთ თქვენი შვილის დასამორჩლებლად ფიზიკურ ძალას! ამით თქვენს შვილს მხოლოდ რწმენას გაუმყარებთ, რომ ძალმომრეობით შეიძლება მიზანს მიაღწიო და არასრულფასოვნების კომპლექსს ჩამოუყალიბებთ. თუ გნებავთ, რომ პატარა ბიჭი ძლიერ მამკაცად ჩამოყალიბდეს სპორტისა და ორთაბრძოლების რომელიმე ნაირსახეობაზე ატარეთ.
4. ნუ იქნებით არათანმიმდევრულნი. ჩამოუყალიბებლი მსჯელობა და უაზრო სიმკაცრე, ან არადამაჯერებელი არგუმენტები თქვენს პატარას დააბნევს და აიძულებს იფიქროს, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.
5. ნუ შეპირდებით ბავშვს იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. ასეთი ქმედება მას თქვენს მიმართ ნდობას დააკარგვინებს.
6. ნუ გააკეთებთ პატარას ნაცვლად იმას, რისი გაკეთებაც თავად შეუძლია. მოთმინებით აიტანეთ მისი მოთხვრილი პირი, ცუდად დალაგებული სათამაშოები ან საპნის ბუშტებით მოფენილი ოთახი. ამით თქვენ ბავშვის დამოუკიდებლობის კოეფიციენტს გაზრდით, საკუთარი სივრცის აღქმას ასწავლით და ლიდერის თვისებებს განუვითარებთ.
7. არ შეადაროთ თქვენი პატარა სხვა ბავშვებს და სხვისი თანდასწრებით შენიშვნა არ მისცეთ. თუ რაიმე არ მოგწონთ შეგიძლიათ იგი ცალკე გაიყვანოთ და სახალისოდ, დამაჯერებლად აუხსნათ, თუ რატომ არის მისი საქციელი ან მსჯელობა არასწორი. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი განუმეორებელი ინდივიდია, რომელიც მხოლოდ დადებითი თვისებების პროვოცირებას საჭიროებს.
8. არ გაამართლოთ მისი შეცდომები, არამედ მიუთითეთ, რომ საკუთარ შეცდომაზე ისწავლოს.
9. არსებობს ისეთი ასაკი, როდესაც პატარა სამყაროს შეცნობის პროცესშია. სწორედ ამ დროს მას ყველაზე მეტი კითხვა უჩნდება, რაც ხშირად მშობლებისათვის დამღლელია. ის, რაც თქვენ უკვე დიდი ხანია იცით, მისთვის აღმოჩენაა, ამ აღმოჩენის შესწავლისთვის კი საჭიროა მშობელმა შვილს ყველაფერი დაწვრილებით და გულახდილად აუხსნას. ასეთი მიდგომა თქვენს პატარას ცალკეული საკითხების ძირფესვიანად შესწავლას ასწავლის და მომავალში ეს ქცევად გამოუმუშავდება, რაც ხარისხიანი განათლების საწინდარია.
10. იმისათვის, რომ თქვენი შვილი მშვიდი ხასიათის იყოს და პრობლემების გადაჭრა ცივი გონებით ისწავლოს, ეცადეთ პატარას წინაშე თქვენი სისუსტეები არ გამოამჟღავნოთ. ნურასოდეს აუწევთ ხმას და ნუ გამოხვალთ წყობიდან თქვენი აღსაზრდელის წინაშე.
11. თუ ბავშვი ჭირვეულობს და უმიზეზოდ ტირის, ნუ გაღიზიანდებით. ეცადეთ მიზეზი მშვიდად გამოკითხოთ. მის ყველა აგრესიულ მოქმედებას მშვიდად უპასუხეთ, ამით პატარას მაგალითს მისცემთ, რომ ყვირილი და აგრესია მიზნის მისაღწევად არ არის გამართლებული.
12. რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ ბავშვს ყველაზე მეტად მშობლების სიყვარული სჭირდება. ასწავლეთ მას სამყაროს, ცხოველებისა და ადამიანთა სიყვარული.