მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ, სადაც საზოგადოებას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილზე წარმოდგენილი იყო ბანერები, თუ როგორ სახეს მიიღებს დასრულებული მეტროპოლიტენის ახალი სადგური, რომლის მშენებლობა 20 წლის წინ შეჩერდა.
ხოკრიშვილის თქმით, სექტემბრის დასაწყისში გამოვლენილი იქნება ის კომპანია, რომელიც ახალი სადგურის მშენებლობას განახორციელებს. თავად მშენებლობის პროცესი ორი წელი გაგრძელდება და 2016 წლისათვის დასრულდება. ტენდერისათვის თანხას აზიის განვითარების ფონდი გამოყოფს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს წინასწარ ვერ დაასახელა, თუ რა თანხა იქნება გამოყოფილი. ეს დამოკიდებული იქნება ტენდერში წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებულ წინადადებებზე.