საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვანეთს ესტუმრა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც, უწმინდესი წმინდა ილარიონ ქართველის სკოლა-გიმნაზიას მოინახულებს და პედაგოგებს და ბავშვებს შეხვდება.
პატრიარქი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის დედათა მონასტერსაც ეწვევა.
31 აგვისტოს დაგეგმილია ლატალში ჩასვლა და მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მოლოცვა, იქ დაბრძანებული სიწმინდეების მონახულება, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახებში ინახებოდა და ამჟამად ტაძარშია დაბრძანებული. უწმინდესი ასევე ლატალში იონა წინასწარმეტყველის სახელობის მამათა სამონასტო კომპლექსს მოინახულებს, სადაც მცირე პარაკლისი აღევლინება.
პატრიარქი ლატალის საკვირაო სკოლასაც ეწვევა, სადაც თექას, მინანქარს, ქარგვას ასწავლიან და ხატწერის დამკვიდრება სურთ. დღის ბოლოს ახლად აღდგენილი მესტიის მუზეუმის მოლოცვა-მონახულება იგეგმება.
1-ელ სექტემბერს კი მესტიაში აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევა მოხდება, რომელიც 08.00 საათზე დაიწყება. შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და საკვირაო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ უწმინდესი უშგულში გაემგზავრება, სადაც ლამარიის, ანუ ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრს მოინახულებს.
პატრიარქის ვიზიტი სვანეთში სამი დღე გაგრძელდება.