საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ წარმოადგენს ახლო პერსპექტივას და ამავდროულად ეს ხელშეკრულება აშორებს მას მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისგან – პირველ რიგში კი რუსეთთან და აფხაზეთთან.
დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში, ასევე, აღინიშნულია, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის პარტნიორობის გაღრმავება ვერ მოახდენს არსებით ზეგავლენას აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, მაგრამ დასავლეთის გეოპოლიტიკური ყოფნის გაძლიერება ამიერკავკასიაში და აფხაზეთის სტრატეგიული მდებარეობა, როგორც რუსეთის მოკავშირისა, აფხაზეთისგან მოთხოვს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმაოს და გააძლიეროს.