დუშეთის რამდენიმე სოფელში წყალდიდობის შედეგად, ათობით ოჯახს სახლში წყალი შეუვარდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სადაც ასევე სახლებია დატბორილი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან.
სტიქიამ სოფელ ბულაჩაურში სამ ადგილას გზა ჩახერგა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.
წყლის მოვარდნა სოფელ ბულაჩაურში გუშინ ხევის დაგუბებამ გამოიწვია. წყალი მოსახლეობას სახლებშიც შეუვიდა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უმოკლეს ვადებში მოახდინა შესაბამისი მძიმე ტექნიკის მობილიზება და ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, დეპარტამენტის წარმომადგენლები, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ადგილზე გუშინვე გაემგზავნენ.
სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ბულაჩაურში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ წუთისათვის გზის ჩახერგილი მონაკვეთები გაწმენდილია და მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გასუფთავება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა მოსახლეობის ნაკვეთები და ქვიშით ამოავსო ეზოები. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან და გააკეთებენ ყველაფერს სტიქიით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად და მოსახლეობის დასახმარებლად.