ოკუპირებული აფხაზეთი მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლერებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ტექსტში წერია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აფახაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, კავშირი არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, დე ფაქტო სოხუმი ასოცირების შეთანხმებაში საფრთხეებს მაინც ხედავს და რუსთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს.
პარალელურად, სეპარატისტული რეჟიმი გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში ეთნიკური ქართველების პასპორტების ანულირებაზე მუშაობას განაგრძობს. მედიასაშუალებების ცნობით, სპეციალურმა კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და აღრიცხა იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც, მათი მტკიცებით, ეთნიკურ ქართველებზე ამ რაიონებში უკანონოდ გაიცა.
22 ათას 787-კაციანი სია უკვე გადაიგზავნა ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გაიცა განკარგულებაც იმის შესახებ, რომ დაგეგმილ დე ფაქტო არჩევნებში ამ ადამიანებს მონაწილეობის უფლება არ მიეცეთ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებას უკვე ეხმიანებიან თბილისში. პაატა ზაქარეიშვილის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სარგებელი აფხაზეთზეც ვრცელდება.