reportiori.ge - ანზორ მელია: მივმართავ სასამართლოს და პასუხს მოვითხოვ ცილისწამების გამო! ასეთი სიბინძურის დაწერას არავის შევარჩენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:44
ინტერვიუ
ანზორ მელია: მივმართავ სასამართლოს და პასუხს მოვითხოვ ცილისწამების გამო! ასეთი სიბინძურის დაწერას არავის შევარჩენ!
ავტორი:
01 ივლისი, 2014. 15:38


19 ივნისს საქართველოს პარლამენტის ორი წევრი ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი მაშინ დააკავეს, როცა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდნენ და არადეკლარირებული თანხა აღმოაჩნდათ.


აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, მებაჟეებმა და იქაურმა მედიამ დაადასტურეს, რომ პარლამენტარებს მილიონი დოლარი მოჰქონდათ და მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს. მომხდარის კვალდაკვალ ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ფული მოახლოებული არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის მოჰქონდათ. უფრო მეტიც, თითქოს აღნიშნული მილიონი დოლარი მას ფარმან ჯეირანლიმ აჩუქა, რომელიც ნიკა მელიას მამის ანზორ მელიას მეგობარი და პარტნიორია  ტრანსპლანტაციის ბიზნესში.


სიმართლის გასარკვევად და საზოგადოების ცხოველი ინტერესის დასაკმაყოფილებლად „ასავალ-დასავალი" მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის" დირექტორს, პროფესორ ფარმან ჯეირანლის და კარდიოლოგიურ კლინიკა „გულის" დამფუძნებელს, პროფესორ ანზორ მელიას ეწვია.


- ბატონო ფარმან, რა განცხადებას გააკეთებთ პრესაში გავრცელებული სტატიის საპასუხოდ?

 

- მე, ექიმი ფარმან ჯეირანლი, აღშფოთებული ვარ ბოლო პერიოდში სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებული დაუჯერებელი დეზინფორმაციით.


მინდა, საზოგადოებას ვამცნო, რომ საქართველოში გაიხსნა მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი", რომლის მსგავსიც არ არის მთელ კავკასიის რეგიონში. სამწუხაროა, რომ ამ კლინიკას ასეთი ბინძური ცილისწამებით დაესხნენ თავს და სცადეს ჩვენი ლაფში ამოსვრა. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ჩვენი მოშურნეები არ მოელოდნენ „ლანცეტის" ამგვარ წარმატებას ასეთ მოკლე პერიოდში. გადავდგი რა ეს ნაბიჯი, მამოძრავებდა ინტერესი, რომ ჩემი სამშობლოს, საქართველოსთვის გამეკეთებინა სასარგებლო საქმე. ერთი მხრივ, მიეღოთ  ჩვენს მოქალაქეებს ევროპული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის შემეწყო ხელი. მოგახსენებთ, რომ „ლანცეტში" დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. ბოლო პერიოდში გაურკვეველი ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ბინძური საინფორმაციო კამპანია როგორც ჩემი, ასევე მთელი გუნდის წინააღმდეგ.


რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს, ანზორ და ნიკა მელიას არასოდეს შევხვედრივარ და არც არანაირი ნაცნობობა მაკავშირებს მათთან. შესაბამისად, ანზორ მელია არ გახლავთ ჩემი მეგობარი და თანამშრომელი. მით უმეტეს, მას არაფერი აქვს საერთო სამედიცინო ცენტრ „ლანცეტთან".


რაც შეეხება ბაქოში მომხდარ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან დაკავშირებულ ინციდენტს, არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას. იმ პერიოდისთვის ვიმყოფებოდი თბილისში, ჩემს კლინიკაში. მინდა, იმედი გავუცრუო ჩვენს არაკეთილმოსურნეებს და განვაცხადო, რომ პოლიტიკაში არც ვყოფილვარ და არც ვაპირებ ჩართვას. თუმცა, იმას კი გეტყვით, რომ მე, როგორცმოქალაქე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას და ჩემს გუნდთან ერთად დავესწრები წინასაარჩევნო შეხვედრას 5 ივლისს.


- ბატონო ფარმან, რა სიახლეებია ამ ეტაპზე თქვენს კლინიკაში?

 

- 26 ივნისიდან დავიწყეთ ინ-ვიტრო და ხელოვნური განაყოფიერებით დაინტერესებული პაციენტების მიღება. ამ დარგში მუშაობენ „მედიკალ პარკიდან", თურქეთში არსებული უძლიერესი სამედიცინო ქსელიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ყოველდღიურად მიიღებენ პაციენტებს.


სულ ახლახან ჩვენს კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია აზერბაიჯანელმა ძალიან ცნობილმა სახალხო არტისტმა ფლორა ქერიმოვამ. ასეთი დონის უახლოესი კლინიკა მხოლოდ სტამბოლშია. ჩვენთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, რადგან „ლანცეტში" კეთდება ისეთი ტიპის ოპერაციები, რომელიც დღემდე არ ჩატარებულა. გვაქვს უახლესი აპარატურა, ჩვენთან მუშაობენ უმაღლესი რანგის პროფესიონალი ქართველი და უცხოელი ექიმები. ამ ბინძური კამპანიის მიზეზიც ჩვენი წინსვლა და წარმატება გახდა! კლინიკა უკვე ჩაერთო საყოველთაო დაზღვევის და სასწრაფო დახმარების პროგრამაში. ყველა სერვისი ჩვენთან ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისათვის.


ფარმან ჯეირანლისთან საუბრის შემდეგ „კარდიოლოგიურ კლინიკა „გულის" დამფუძნებელს, პროფესორ ანზორ მელიას ვეწვიეთ:


- ბატონო ანზორ, გავრცელდა ინფორმაცია,რომ მილიონი დოლარი ბაქოდან პარლამენტარებს ნიკა მელიასთვის აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ფარმან ჯეირანლიმ გამოატანა, რომელიც თქვენი მეგობარია... რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სინამდვილეს?

 

- საერთოდ არ ვიცნობ ფარმან ჯეირანლის. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ გახსნა მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი". ჩემი კლინიკა რომ წარმატებულია, ეს ბევრს მოსვენებას არ აძლევს. არც ის მოსწონთ, ჩემს შვილს რომ ქალაქის მერობის ამბიცია გაუჩნდა და ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ნიკა მელიას მიმართ ნდობა გამოხატა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს ჩვენი ოჯახისათვის ჩირქის მოცხობა. სტატიაში, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა და შემდეგ ინტერნეტში და რადიოში გადაამღერეს, არცერთი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს. მომიგონეს, თითქოს ადამიანის ორგანოებს ვყიდდი, არადა, ისიც კი ვერ გაურკვევიათ, რომ კარდიოთერაპევტი ვარ და არა კარდიოქირურგი. ავისმოსურნეთა ასეთი გააქტიურება პირდაპირ უკავშირდება ჩემი შვილის, ნიკა მელიას, პოლიტიკაში მოსვლას და მის სურვილს, გახდეს თბილისის მერი. წერენ, თითქოს ნიკა დაჭერილიც კი იყო, ვიღაც ქალის ცემისა და გაუპატიურების ბრალდებით... რაღაცა ზღაპრებს და აბსურდებს მიგონებენ. ის, რაც დაიწერა, შეურაცხყოფს ჩემს პროფესიულ ავტორიტეტს, ჩემი ოჯახის ღირსებას, რის გამოც მივმართავ სასამართლოს და პასუხს მოვითხოვ ცილისწამების გამო. მე არც ნადირაშვილს და არც ჯაფარიძეს არ ვიცნობ. ზურა ჯაფარიძე ერთხელ მყავს ნანახი. ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში გამაცნო ნიკამ. ჩვენი ნაცნობობა მისალმებით და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა. ირმა ნადირაშვილიც არ მყავს ნანახი. რაც ყველაზე სამარცხვინოა, სტატია გამოქვეყნდა ინტერვიუს სახით, ვიღაც ინკოგნიტო რესპონდენტთან და შემდეგ რადიოში მთლიანად წაიკითხეს ეს სიბინძურე, გადაბეჭდეს ინტერნეტსაიტებმა და სოციალურ ქსელებში დაიწერა კომენტარები. რაც შეეხება „ლანცეტის" გასვრას ჩვენთან ერთად, ეს ალბათ, კონკურენციის შიშის გამო გააკეთეს, ვინაიდან, როგორც ვიცი, „ლანცეტი" მთელს ამიერკავკასიაში, ყველაზე დიდი და ყველაზე მრავალპროფილური კლინიკაა. ვერ გეტყვით, ვარაუდის დონეზეც კი ვერ ვხვდები, რატომ დაგვაკავშირეს ერთმანეთთან. თითქმის ოცი წელიწადია, ჩემი კლინიკა მაქვს და იმასაც ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაეწერათ, ვითომ მე „ლანცეტში" ვმუშაობ. ერთი თვის შემომავალი და გამავალი ზარები ამოვაბეჭდინე „ჯეოსელის" კომპანიას და ნახონ, რამდენჯერ მაქვს დარეკილი ჯაფარიძესთან, ნადირაშვილთან ან ფარმან ჯეირანლისთან.


- ბატონო ანზორ, რამდენადაც მახსოვს, ეწინააღმდეგებოდით თქვენი შვილის გადაწყვეტილებას, გამხდარიყო თბილისის მერი...

 

- თავდაპირველად მართლაც ძალიან განვიცადეთ მშობლებმა ნიკას ასეთი გადაწყვეტილება. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგარმ ჩემს შვილს თუ მერობის ამბიცია გაუჩნდა - მივესალმები. ჩემი სახელით ნიკას ერთი წუთითაც არ უსარგებლია, ნიკამ ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, ერთადერთი, რაც მე გავუკეთე, მივეცი კარგი განათლება. სიმართლე გითხრათ, ქალაქის მერობისათვის ნიკა, როგორც შვილი, მეცოდება, მაგრამ თბილისს ჰაერივით სჭირდება სუფთა, პატიოსანი, მშრომელი და პრინციპული მერი. ახლა ვხვდები,რომ დამნაშავე ვარ, რადგან ნიკას აქტიურად არ ვედექი გვერდით. ჩემი ჩრდილში  დგომა მინდა გამოვასწორო და მოვუწოდებ, ჩემს პაციენტებს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. მოვუწოდებ თბილისელებს: თუ უნდათ იგრძნონ, რას ნიშნავს ქალაქის მერი კეთილი, საქმიანი, გულშემატკივარი, ყველა ოჯახის გვერდში მდგომი, ყველა თბილისელის ძმა, მეგობარი, შვილი და მამა, აირჩიონ ნიკა მელია! კარგი მერობა მარტო ის არ არის, დავით აღმაშენებლის ძეგლი რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანო და ველოსიპედის ძეგლი მოხსნა! ხალხს გულწრფელად უყვარს ჩემი შვილი. ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან ასეთი შვილის გაზრდისათვის. მოხარული ვიქნები, თუკი ნარმანიას მშობლებსაც იმავეს ეტყვიან. ამ გადასახედიდან სხვანაირად შევაფასე ნაციონალური მოძრაობა. მათ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ ბევრი ცუდიც გააკეთეს და ხალხს თავი შეაზიზღეს. ერთი კია, ნიკა მელია რომ შეარჩიეს, რაღაცა კარგს აპირებენ. ჩემი შვილი ადვილად სამართავი არ არის, არავის დაკრულზე არ იცეკვებს. დაუჯდეს დებატებში ნარმანია ნიკა მელიას. რა ნეიტრალურ ზონაზე ლაპარაკობს? ისე კი, ნიკა ყველგან მივა და ხალხი თავად დაინახავს ყველაფერს. სამწუხაროდ, ჩემს შვილთან ბრძოლა იმ ფაზაში შევიდა, რომ ათასი სიბინძურე დაგვაბრალეს და ჩვენი ოჯახის ლაფში ამოსვრა სცადეს, რასაც ნამდვილად არავის ვაპატიებ!


მოამზადა მეგი საჯაიამ

გაზეთი „ასავალ-დასაველი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016