ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია. თუმცა, ახლაც, როგორც ყოველთვის, „ნაციონალური მოძრაობის" და კონკრეტულად თქვენი რიტორიკა და შინაგანი აგრესია თვალშისაცემია. აღტაცებით აღნიშნეთ, რომ ამ შედეგამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიყვანა ქვეყანა. თითქოს თქვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და ღამეების თენების შედეგია ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. მადლობა, ბატონო გივი, რომ შეგვახსენეთ რეჟიმი, რომელშიც 9 წელი ვიცხოვრეთ! მართალი ბრძანდებით, ნამდვილად მიუძღვის წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას" ევროინტეგრაციის გზაზე დადგომაში. დიახ, არ ტყუით! მაგრამ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე ბევრად მეტი წელი დასჭირდა საქართველოს, ვიდრე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა იყო. დიახ, ბევრად მეტი დრო, ვიდრე თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ. მთავარი გავიწყდებათ: თქვენი წინამორბედები! დიახ, წინამორბედები: ჯერ ზვიად გამსახურდია, მერე სააკაშვილის მფარველი ტანდემის - შევარდნაძე-ჟვანიას ხელისუფლება, რომლის ეპოქიდანაც დაიწყო მზადება ევროინტეგრაციისთვის! დიახ, ბატონებო, თქვენი წინამორბედების მადლის აღნიშვნა არ უნდა გავიწყდებოდეთ და კვლავ არ უნდა იმეორებდეთ, რომ საქართველო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ღერძის ირგვლივ ბრუნავს!
ნუ დაგავიწყდებათ თქვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოკლული თქვენივე პრემიერი - ზურაბ ჟვანიაც, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახლდათ იმ ბრძოლაში, რასაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია! ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ზურაბ ჟვანია გახლავთ ავტორი სიტყვებისა - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე - ვარ ევროპელი!".
რა თქმა უნდა, ნებითა თუ გარემო პირობების გათვალისწინებით, „ნაციონალურმა მოძრობამაც" იღვაწა, და ამ შრომას მას წყალში არ ვუყრით, თუმცა, უკვე მეორე წელია არსებულმა ხელისუფლებამ თავდაუზოგავად იმუშავა, რომ ეს შედეგი მიგვეღო. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დაგვირგვინდა და მოეწერა ხელი შეთანხმებას და არა თქვენი ცხრაწლიანი „თავდაუზოგავი" შრომის პერიოდში!
დიახ, ბატონო გივი, ეს თქვენი, ჩვენი, ახალი ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გულმოდგინე შრომის შედეგია! დიახ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა დასაწყისია და არა გამარჯვება... წერილს კი თქვენივე სიტყვებით დავასრულებ, იმ ფრაზით, რომელიც თქვენს მოძალადე ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის: - „ეს უდრეკი ნების გამარჯვებაა, რომელიც მძვინვარე მტრის ვერანაირმა ველურობამ ვერ შეცვალა!"