საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებში მოსახლეობის დაბალ აქტივობას (43.31%) რამდენიმე მიზეზი აქვს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებას" საკუთარი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან ძალით არ მოუყვანია, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან". როგორც გუჯაბიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციამ ხმის მისაცემად საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყვანა.
ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ბიძინა გუჯაბიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:
- „ნაციონალებს" აწყობდათ კიდევაც დაბალი აქტივობა. „ნაციონალურ მოძრაობას" ამ მხრივ სამდურავი არ აქვს. მათ თავიანთი ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობა მიიყვანეს სააჩევნო ყუთებთან. ჩვენ ეს ვერ შევძელით, რაც არჩევნებში დაბალი აქტივობის შედეგია. თუ ამორჩეველს არ შეახსენე, არ მიაკითხე, ავიწყდება, ბევრს ეზარება კიდევაც. ასევე, ბევრი ადამიანი თვლის, რომ შედეგი მიღწეულია საპარლამენტო და საპრეზიდენტო დონეზე. როცა კაცს გული საგულეში აქვს, ის აღარ აქტიურობს. „ნაციონალები" იქნებიან უმცირესობაში და ვერავითარ ამინდს ვერ შექმნიან ქალაქის საკრებულოში; ეს განწყობა აისახა კიდეც მოსახლეობის პასიურობით არჩევნებზე და არა იმით, რომ ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას" ზურგი აქცია.
- დედაქალაქში მეორე ტურის გამართვას ელოდით?
- სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ დაბალი მაჩვენებლით დავით ნარმანია მოიგებდა, გადალახავდა 50%-იან ბარიერს. პასიურობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ამომრჩეველი მაქსიმალურად ვერ მივიყვანეთ საარჩევნო ყუთებთან, ასეთი შედეგი დადგა. ეს ნორმალურია დემოკრატიულ ქვეყანაში.
- არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზები? გამარჯვებას ელოდებით?
- მეორე ტურში დავით ნარმანია გაიმარჯვებს აუცილებლად. სადაც იმართება მეორე ტური, ყველგან გაიმარჯვებს „ქართული ოცნება".
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში დეპუტატები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ პარლამენტარების დაკავების მიზეზი საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობა გახდა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" კატეგორიულად უარყო. თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა აზერბაიჯანში, რასთან გვაქვს საქმე და ვინ ცრუობს ამ შემთხევაში?
- მე ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ ელჩი თეიმურაზ სარაშენიძე ცრუობდეს. რა მიზანი აქვს ასეთ ტყუილს? არავითარი. ის გამოცდილი დიპლომატია და დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობს. ფაქტი ერთია, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯაფარიძეს და ნადირაშვილს გადმოჰქონდათ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა. ეს თანხა დეკლარირებული რომ ყოფილიყო, ერთი ამბავი არ ატყდებოდა. ჩემი ინფორმაციით, იქ სხვების იყვნენ, მაგრამ მათ ვერ გარისკეს, მაჭავარიანზე და ბარამიძეზე მაქვს საუბარი.
- როგორ მოახერხეს თავის დაღწევა, თუ დიდი ოდენობით არადეკლალრებული თანხა აღმოაჩნდათ?
- ეს გაურკვეველი და ბუნდოვანია ჩემთვისაც. ამბობენ, რომ ვიღაც დაეხმარა, კონკრეტული ზარები განხორციელდა.
- ვისთან?
- აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. რა დონეზე, ეს არ ვიცი. პრეზიდენტი თუ სხვა მაღალჩინოსანი, ვერ გეტყვით. თუმცა ფაქტი საგანგაშოა, მოითხოვს მეტ სიღრმეს.
- კიდევ ერთი საკითხი, ახლოვდება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი. უკვე ცნობილია, რომ ბრიუსელში გასამგზავრებელ დელეგაციაში ვერ მოხდა პრეზიდენტი. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა აზრი, რომ მთავრობასა და ქვეყნის პირველ პირს შორის დისტანცირებული ურთიერთობაა და რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არ არის კარგი ურთიერთობა.
- ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი პრემიერ-მინისტრია. ვერ წარმომოდგენია, რატომ უნდა ახლდეს არაუფლებამოსილი პირი, პრეზიდენტი პრემიერს რაიმე ცერემონიალზე. პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებები გამიჯნული და ყველა თავის ფუნქციას ასრულებს.
- რაც შეეხება სამართალინობის აღდგენის თემას. რა ხდება გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით?
- ამ საკითხზე მთავრობაც მუშაობს და შესაბამისი სტრუქტურები ანალიზს აკეთებენ. სამართლიანობა უნდა აღდგეს, მეც ამის მომხრე ვარ. უბრალოდ ყველაფერი ერთად არ მოხდება. ათობით ათასი საქმეა. შეიძლება ერთ პორკურორს 100 საქმე შეხვდეს ერთდროულად. ეტაპობრივად მოხდება ყველაფერი. ამ არჩევნების შემდეგ უფრო ინტენსიურად დაიწყება გამოძიებები.
P.S. არჩევნების მეორე ტურის კონკრეტული თარიღი გადაწყვეტილი არაა. ის, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების ყველა შტო გადაიბარა.