reportiori.ge - თემურ ხაჩიშვილი: ამისათვის საჭიროა, ღარიბაშვილმა, უბრალოდ, აიღოს ყურმილი და პუტინს დაურეკოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:39
ინტერვიუ
თემურ ხაჩიშვილი: ამისათვის საჭიროა, ღარიბაშვილმა, უბრალოდ, აიღოს ყურმილი და პუტინს დაურეკოს!
ავტორი:
01 ივლისი, 2014. 15:45


„უკვე დიდი ხანია, მსოფლიოში ახალი რეალობა მწიფდება, რაც კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო მაგისტრალის გაყვანას გულისხმობს. ამ მაგისტრალმა ახლო აღმოსავლეთი ევროპასა და რუსეთთან უნდა დააკავშიროს. თუ საქართველო ამ პროცესს ალღოს აუღებს, არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას დაიბრუნებს, არამედ უზარმაზარ ეკონომიკურ დივიდენდებსაც მიიღებს!" - აცხადებს „ასავალ-დასავალთან" ექსკლუზიურ საუბარში ყოფილი შს მინისტრი თემურ ხაჩიშვილი.


- ბატონო თემურ, 17 ივნისს საქართველო ევროკავშირში ასოცირებული წევრი გახდა. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

 

- ეს ნიშნავს, რომ 27 ივნისის შემდეგ საქართველო იქცა ასო-ცირებულად! სამწუხაროდ, აღნიშნული ხელშეკრულება ირონიულად თავად დასავლეთმა წარმოაჩინა. იგი ჩვენი სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის დამამცირებელია, რადგან ხელში ფარატინა ქაღალდი დაგვაკავებინეს, თან ვართ ევროკავშირში, თან - არა. ეს ქაღალდი გეორგიევსკის ტრაქტატს მაგონებს, რომლის დადებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ჩვენი სამშობლო აღა-მაჰმად ხანმა ააოხრა. ის ტრაქტატიც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რუსეთის მაშინდელი იმპერიის ცინიკური დამოკიდებულების გამო ბუტაფორიად იქცა. აღა-მაჰმად ხანი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით, თანამედროვე საფრთხე - შეიძლება დაგვემუქროს თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თვითონ საქართველოდანაც!  შეიძლება, საფრთხე და აგრესია დაგვატყდეს ამჟამად ჩვენგან განზე მყოფი აფხაზებისა და ოსებისგან. ზუსტად ამას ვერავინ გეტყვით. მთავარი ის არის, რომ საფრთხის წინაპირობები აშკარად შეიქმნა და ეს, შეიძლება, თუნდაც ეკონომიკური, დემოგრაფიული აგრესიით გამოიხატოს.


- ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არაერთხელ დააფიქსირეთ დადებითი განწყობა. ხომ არ შეგეცვალათ თვალსაზრისი მას მერე, რაც მან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა?

 

- არა! ღარიბაშვილისგან ეს იყო პრაქტიკული ნაბიჯი, რომლის გადაუდგმელობის შემთხვევაში მას, ერთადერთი პატრიოტ პოლიტიკოსს - უბრალოდ, ხელისუფლებას ჩამოაცილებდნენ. ხომ ნახეთ, რაც მოხდა უკრაინაში, როცა იანუკოვიჩმა, მცირე პაუზა გააკეთა? მე სულაც არ ვარ ევროკავშირის მოწინააღმდეგე, მხოლოდ საქართველოსადმი მის დამოკიდებულებას ვაკრიტიკებ. ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში საკუთარ ხალხს ასე არ ეპყრობიან. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ქართველების მიმართ. ევროკავშირს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების გაწირვის ხარჯზე კი არ უნდა დავუახლოვდეთ, არამედ ამ სასიცოცხლო ინტერესების მოფრთხილების მიზნით... არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი ასოცირებული წევრები ევროკავშირს აფრიკაშიც ჰყავს, რომელთაც აქედან სარგებელი არაფერი აქვთ. ღარიბაშვილის მიმართ მე იმ შემთხვევაში განვიხიბლები, თუ მას აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების აუცილებლობა „დაავიწყდება". ხელისუფლების ყველაზე მთავარი საზრუნავი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა უნდა იყოს, რომლის გასაღებიც რუსეთში დევს.


- ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ეს გასაღები სამუდამოდ ხომ არ დავკარგეთ?

 

- პუტინმა კარგად იცის, რომ ასო-ცირებული წევრობა საქართველოს ვერანაირ შვებას ვერ აგრძნობინებს და ქართველი ლიდერებისგან შემხვედრ ნაბიჯებს მოთმინებით ელოდება. მე ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ, აიღოს ყურმილი და პუტინს თავად დაურეკოს. რუსეთი თავის მიზანს ყოველთვის ისედაც აღწევს. უკვე გითხარით,რ ომ, როდესაც საქართველომ ამერიკელთა კარნახით უარი უთხრა რუსეთს თურქეთამდე გაზსადენის გაყვანის შეთავაზებაზე, რუსეთმა ეს მაინც მოახერხა, მაგრამ საქართველოს გვერდი აუარა. რუსეთის გარდა, თურქეთმაც მიიღო დიდი დივიდენდი, ჩვენ კი არაფერი გვრგებია. ახლა ანალოგიური საკითხები წინა პლანზე კვლავ იწევს. საქართველოს შეუძლია, თავად შესთავაზოს ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც რუსეთი ჩვენს გარეშეც მოახერხებს... ანუ, მაინც რომ მოხდება და, თუ ჩვენ იქ არ ვიქნებით, არათუ სარგებელს ვერ მივიღებთ, დათრგუნულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდებით! თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ თუ დააკვირდებით, მისი ეკონომიკური ინტერესების დიდი ნაწილი რუსეთთან თანხვედრაშია. გაუგებარია, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამ პროცესიდან განზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელებს ასე სურთ?! ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ტერიტორიებს ვერ დაგვიბრუნებს. 90-იანი წლებიდან ქართული პოლიტიკა ლოზუნგებზე იყო დაფუძნებული, ჩვენ აქედან პრაგმატულ პოლიტიკაში უნდა გადავინაცვლოთ, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას გულისხმობს. ღარიბაშვილ-პუტინის დიალოგი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და განხილულ იქნას ყველა პრობლემა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს. მთავარია, ეს დიალოგი იყოს გულწრფელი. პუტინთან ტყუილები არ ჭრის. რასაც დაპირდები, უნდა შეუსრულო.


- ანუ ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, ღარიბაშვილმა რუსეთისთვის რაღაცის დაპირების სანაცვლოდ აღადგინოს?

 

- სრულიად შესაძლებელია, უფრო მეტიც - გარდაუვალია, რადგან რეგიონში მთლიანად იცვლება სურათი და საქართველოს მთლიანობით თვითონ რუსეთი ხდება დაინტერესებული! ლაპარაკია არა მხოლოდ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებაზე, არამედ რკინიგზის ტრანსკავკასიური დერეფნის გაჭრაზე, რომელიც, თავის მხრივ, ყარსი-ახალქალქის რკინიგზას ახალ პერსპექტივებს შეუქმნის, ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს საქართველოს, სომხეთის, ირანის, თურქეთის, რუსეთისა და არაბული სამყაროს ეკონომიკურ ინტერესებს. ეს რკინიგზა გახდება არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ევროპასთან დამაკავშირებელი უმოკლესი საშუალება და სუეცის არხის ღირსეული, თანაც ბევრად უფრო იაფი ალტერნატივა. ამ მიზანს რუსეთი ადრე თუ გვიან მაინც განახორციელებს, მითუმეტეს, როცა სხვა ქვეყნების ინტერესებიც მის წისქვილზე ასხამს წყალს. უკიდურეს შემთხვევაში, კასპიის ზღვით მოახერხებს დაკავშირებას სამხრეთთან და ამ სიტყუაციაში საქართველო ყველა იმ ფუნქციას დაკარგავს, რომელიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გააჩნია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანის ინიციატივა საქართველოდან უნდა წამოვიდეს. ამგვარად, საქართველო რუსეთის პარტნიორად იქცევა რეგიონში. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდა, ეს პროცესი უზარმაზარ დივიდენდებსაც მოგვიტანს! სხვათა შორის, ამ პროექტს შეიძლება ამერიკელმა პოლიტიკოსებმაც დაუჭირონ მხარი და მის განხორციელებაშიც მიიღონ მონაწილეობა, ხოლო ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიაში გავლენიან ლიდერად ჩამოყალიბდეს.


- ბატონო თემურ, ნუთუ ამერიკელები თავიანთ პირად ინტერესებს კავკასიაში ასე ადვილად დათმობენ?

 

- მსოფლიო ერთპოლუსიანი რა ხანია, აღარ არის. ამერიკელებმა ვერ მოახერხეს, NATO-სა და ევროკავშირზე დაყრდნობით მსოფლიოს ხალხებზე ცალმხრივი კონტროლის დამყარება. გამოიკვეთა ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები, რომლებმაც ამერიკის მისწრაფებები დააბალანსეს. ისინი ამ ინტერესებს კიდეც აღრმავებენ. საქართველო იმდენად მოიპოვებს წარმატებებს, რამდენადაც ამ ახალ რეალიებს ალღოს აუღებს. და თუ კვლავ საბედისწერო შეცდომებს დავუშვებთ, რეალურ პროცესებს წავუყრუებთ და თვალს დავიბრმავებთ, ეს პროცესები მაინც მოხდება, ოღონდ ჩვენ აგვივლის გვერდს, ან სულაც გადაგვივლის, რადგან ასაშენებელ ციხეში ზურაბივით ჩაგვაშენებენ!


ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016