27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, „საერთაშორისო მაწანწალა" მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2"-ის ეთერში ამჯერად უკვე ლონდონიდან ჩაერთო და ილაპარაკა ზუსტად ისე, როგორც უნდა ლაპარაკობდეს გაზულუქებული და გაყოყოჩებული კრიმინალი, რომელსაც ყველა დანაშაული ხახვივით შერჩა და პატიმრის ზოლიანი ტანსაცმლის ნაცვლად, დემოკრატი პოლიტიკოსის მანტია აქვს მორგებული!
ძვირფასო მკითხველო, ხანდახან ვფიქრობ და, ალბათ, თქვენც ასეთი აზრი გაქვთ, რომ ახია ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე ის თავხედური და უზრდელური შეფასებები, რომელსაც მათი მისამართით სააკაშვილი აფრქვევს!
დიახ, ახია ირაკლი ღარიბაშვილზე სააკაშვილის ყბაში ჩავარდნა!
დიახ, ახია, რადგან დღეს სააკაშვილი ევროპასა და ამერიკაში კი არ უნდა დანავარდობდეს, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების სტუდიებში კი არ უნდა იჯდეს, უკრაინის ხელისუფლებას რჩევებს კი არ უნდა აძლევდეს და საქართველოს ხელისუფლებას თითს კი არ უნდა უქნევდეს, არამედ თავის მიერვე აშენებულ რომელიმე ციხის საკანში ნარზე უნდა იყოს წამოპლაკული და ბალანდას თქვლეფდეს!
ბატონო ბიძინა და ბატონო ირაკლი!
სწორედ თქვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ სააკაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან გეკაიფებათ და გეჯღანებათ!
ასე რომ, კეთილი ინებეთ და აიტანეთ ის სისულელეები, რომლებსაც სააკაშვილი თქვენს შესახებ ბოდავს!
აი, მაგალითად, სააკაშვილმა „რუსთავი 2-"ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, საქართველოს დღეს „გაზპრომის" ოფიციალური აქციონერი ივანიშვილი მართავს და ყველამ იცის, ეს რასაც ნიშნავს, ყველამ იცის, რა კომპანიაა „გაზპრომი" და როგორ არის დაკავშირებული პუტინთანო!
ანუ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, იავნიშვილი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრორუსული ძალაა, ესენი პუტინის ყმები არიანო!
აბა, ჰე, ბიძინა ივანიშვილო და ირაკლი ღარიბაშვილო, ისმინეთ და იტანეთ სააკაშვილისაგან მსგავსი განცხადებები!
თავს ტყუილად ნუ დაიმშვიდებთ, გიჟია ეს უპატრონო და იბჟუტუროს რაც უნდა იყოს, ყურს მაინც არავინ დაუგდებსო!
არა, ბატონებო, უბედურება სწორედ ის არის, რომ ევროპასა და ამერიკაში სააკაშვილი სულაც არ მიაჩნიათ გიჟად და მის ლაპარაკს ყურსაც უგდებენ.
სააკაშვილი გიჟად რომ მიაჩნდეთ „სი-ენ-ენისა" და „ბი-ბი-სის" სტუდიებში არ დაპატიჟებდნენ და ძვირფას საეთერო დროს არ გაფლანგავდნენ!
სააკაშვილი გიჟი კი არა, კაი ტურაა და მშვენივრად იცის, ევროპელებისა და ამერიკელების გასაგონად რა უნდა ილაპარაკოს!
საქართველოს დღევანდელო ხელისუფალნო, ეს თქვენ ვერ გაიგეთ და თავი ვერ დაადგით, რა უნდა გაგეკეთებინათ იმისათვის, რომ ევროპისა და ამერიკისათვის სააკაშვილის დამნაშავეობა დაგემტკიცებინათ და მის გასასამართლებლად მწვანე შუქი მიგეღოთ!
დიახ, თქვენ აქამდე უნდა გამოგეძიებინათ აფრასიძეების ოჯახის დაბომბვისა და ამოწყვეტის საქმე, მერე ამ საქმის მასალებზე უნდა დაგერთოთ ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილი იქნებოდა სააკაშვილის გამოსვლა, როცა აღიარა, აფრასიძეების ოჯახის დაბომბვისა და ამოწყვეტის ბრძანება პირადად მე გავეციო!
ეს გამოძიებული საქმე, თანდართული დისკით, მრავალ პირად გამრავლებული, უნდა დაგეგზავნათ ვაშინგტონსა და ბრიუსელში;
აქამდე უნდა გამოგეძიებინათ სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობის საქმე, მერე ამ საქმის მასალებზე უნდა დაგერთოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მთელ ხელისუფლებასთან ერთად პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ჩართული გამოძიების გაყალბებაში!
ეს გამოძიებული საქმე, სტრასბურგის სასამართლოს თანდართული გადაწყვეტილებით, მრავალ პირად გამრავლებული, უნდა დაგეგზავნათ ვაშინგტონსა და ბრიუსელში;
ბოლომდე და საფუძვლიანად უნდა გამოგეძიებინათ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის საქმე, მერე ამ გამოძიებული საქმისათვის უნდა დაგერთოთ პოლიციელებისა და სპეცრაზმელების არაადამიანური ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრები, რომლებიც მრავლად არსებობს, ასევე დაგერთოთ ამონარიდები სააკაშვილის ინტერვიუებიდან, რომლებშიც იგი 7 ნოემბერსა და 26 მაისს პოლიციელების ქმედებებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ამაყობს ასეთი პოლიციით!
ეს მასალები, მრავალ პირად გამრავლებული, უნდა დაგეგზავნათ ვაშიგნტონსა და ბრიუსელში;
ასე უნდა მოქცეულიყავით ყველა გახმაურებულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლებშიც სააკაშვილის კვალი იკვეთება!
უნდა დაგექირავებინათ ლობისტური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებდნენ მხოლოდ ერთი მიმართულებით - ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს დაანახვებდნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ, კრიმინალურ, სისხლის შხეფებით დაწინწკლულ სახეს!
დიახ, ძალისხმევა, ფული, დრო, ენერგია არ უნდა დაგეშურებინათ ამისათვის და თეთრი სახლისა და ევროსტრუქტურების ტალანებიდან არ გამოსულიყავით მანამდე, სანამ ევროპელები და ამერიკელები ხელებს არ გაასავსავებდნენ, კი ბატონო, სააკაშვილი მართლა დამნაშავე ყოფილა და შეგიძლიათ, მართლმსაჯულებას გადასცეთ, ჩვენ აღარანაირი შეკითხვა აღარ გვაქვსო!..
დიახ, ცდა არ უნდა დაგეკლოთ და ეს საქმე გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა, ქართველი ხალხის წინაშე მართლები მაინც იქნებოდით, სათქმელი მაინც გექნებოდათ - ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არისო!..
ახლა კი, ქართველი ხალხისათვის აღარაფერი გაქვთ სათქმელი, იმიტომ, რომ მცდელობაც კი არ გქონიათ, სააკაშვილი განსასჯელის სკამზე დაგესვათ!
ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბატონო ირაკლი!
ეს კაცი ციხეში არ უნდა იჯდეს?
ეს კაცი დღეს თავისუფლად უნდა დადიოდეს?
ვაი, ასეთ ქვეყანას და ვაი, ასეთ სამართალს!
ვაი, ასეთ ევროინტეგრაციას, რომელიც ვერასოდეს შედგება, რადგან საქართველოში სამართალი ამ ჯაყჯაყა ურმიდანაც ჩამოგდებულია და კანონი იმ დონეზეც კი ვერ კანონობს, რომ სააკაშვილისნაირი პირწავარდნილი კრიმინალი ციხეში იჯდეს!
ასეთ ქვეყანას არანაირი მომავალი არა აქვს, არც ევროპული და რაც ყველაზე სავალალოა - არც ქართული!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"