ვაკის პანთეონი საქართველოს უახლესი ისტორიის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ - ქრონოლოგია სახეზეა - შესასვლელთან ახლოს განისვენებს ჟიული შარტავა - მოკლულია 1993 წლის 27 სექტემბერს, შემდეგ სოლიკო ხაბეიშვილი - მოკლულია 1995 წლის 20 ივნისს, მის გვერდით - ნუგზარ საჯაია - ოფიციალური ინფორმაციით, თავი მოიკლა 2002 წლის 25 თებერვალს. ყველა მათგანის უკან კონკრეტული პოლიტიკური ისტორიაა, რომელიც უკავშირდება ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნების მუშაობას. დაპირებისამებრ, ქვემოთ გთავაზობთ მოვლენებსა და ფაქტებს, რომელიც წინ უსწრებდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრებას 1985 წელს, ხოლო 10 წლის შემდეგ (19 წლის წინათ), 1995 წლის 20 ივნისს - იგივე სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობას.
სოლიკო ხაბეიშვილის მეუღლესთან, გიული ურუშაძესთან ინტერვიუმდე, გაგაცნობთ ამონარიდს ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიკომის ყოფილი მდივნის ოთარ თენეიშვილის ინტერვიუდან (გაზეთი „კავკასიონი", 1995 წელი), სადაც ის პირდაპირ ასახელებს, ვის ინტერესებში შედიოდა სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრება: „1985 წლის ბოლოს გამომიძახეს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან, ჯუმბერ პატიაშვილთან, მის სამუშაო კაბინეტში. ძალიან აღელვებული იყო, მითხრა: ვიცი, რომ შენ არავითარი ურთიერთობა არ გქონია სოლიკო ხაბეიშვილთან (ამ დროს ხაბეიშვილი სამი დღის დაკავებულია). მახარაძის რაიონი დიდი და მძლავრი რაიონია და მისი პირველი მდივანი რომ დამეხმარება, ეს ნიშნავს , რომ ყველაფერი სწორია და საზოგადოება ამას დაიჯერებს. შენ უნდა თქვა, რომ ხაბეიშვილმა დაგიბარა და თავისი ოჯახის რაღაც გაჭირვების გამო წელიწადში 3000-5000 მანეთი მოგთხოვა, რომელსაც შემდგომ შენ უხდიდიო. ამის გამო პატიაშვილი მე ერთი წლით დამაქვეითებდა აღმასკომის თავმჯდომარედ, რის შემდეგაც ისევ აღმადგენდა. გაოგნებულმა ვერაფერი გავიგე, პატიაშვილმა კვლავ გამიმეორა. ვუპასუხე, შენ თუ ამ მეთოდებით აპირებ ვინმესთან ანგარიშსწორებას, აფერუმ, შენს ვაჟკაცობას-მეთქი და კაბინეტიდან გამოვედი. ხუთი დღის შემდეგ სამსახურიდან გამათავისუფლეს, პარალელურად რაიონს შეესია მილიცია... პატიაშვილი ისე მთხოვდა კაცის დახვრეტაში დახმარებას, თითქოს ყანის სათოხნად მიწვევდა... მე თუ ვინმესთვის ქრთამი უნდა მიმეცა, უნდა მიმეცა ჯუმბერ პატიაშვილისთვის, რადგან სწორედ იგი იყო ცეკას მდივანი სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ხაბეიშვილი მრეწველობის სფეროს კურირებდა, ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მისთვის სიგარეტიც კი არ მიმიწოდებია... დღიდან დაპატიმრებისა, ვახტანგ რაზმაძეც, ალექსი ინაურიც, მამია ჯაფარიძეც ერთნაირ მოთხოვნას მიყენებდნენ - დავხმარებოდი ხაბეიშვილის დახვრეტაში. ამ შემთხვევაში, რა დანაშაულიც არ უნდა მქონოდა, სახლში გამიშვებდნენ, თუ წინააღმდეგობას გავუწევდი, დახვრეტა არ ამცდებოდა. ყველაზე მეტად ცდილობდნენ, ხაბეიშვილისთვის შემდეგი ბრალდება წამეყენებინა: თითქოს მას მივუტანე 10-15 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა: ოქრო და ბრილიანტი და თითქოს ეს განძი მან მე მომაბარა. ამ ოქროულობას თვითონ სამართალდამცავები მომცემდნენ, დაფლავდნენ სადმე, შემდეგ მე წამიყვანდნენ, ამომათხრევინებდნენ, როგორც ჩემს მიერ შენახულს. ხაბეიშვილს ნივთმტკიცება ვერ უპოვეს და თუ ამას დავადასტურებდი, მას დახვრეტა არ ასცდებოდა... პატიაშვილმა ანგარიშსწორებას შეგვწირა დაახლოებით ორასამდე კაცი, აქედან თხუთმეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა..."
ოთარ თენეიშვილი დაპატიმრებულ იქნა ჯუმბერ პატიაშვილის შემოთავაზებებსა და წინადადებებზე უარის თქმის შემდეგ.
გიული ურუშაძე: სოლიკო დააპატიმრეს მოსკოვში 1985 წლის 6 დეკემბერს (ბურაკოვსკის გულ-სისხლძარღვთა კლინიკაში იწვა, ჰიპერტონიას მკურნალობდა). ხელთ ჰქონდათ მხოლოდ ცრუმოწმეების გარკვეული გარიგების საფასურად მიღებული „აღიარებითი ჩვენებები". ცხრა თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამია ჯაფარიძე ისტერიულად გაჰკიოდა, ნივთმტკიცება მჭირდებაო. დაიჭირეს და აწამეს სოლიკოს ყაზბეგელი მეგობრის ვახტანგ ქირიკაშვილის შვილი შალიკო, მისგან ითხოვდნენ დადასტურებას, თითქოს სოლიკოს განძი მთაში ჰქონდა გადამალული. შალიკო ვერაფრით დაითანხმეს. ასევე უნდოდათ, ნივთმტკიცებად გამოეყენებინათ ცნობილი მომღერლის მაყვალა ქასრაშვილის მიერ ნაჩუქარი ტელეფონი - არც ეს გამოუვიდათ. ძიების ვადის დამთავრებამდე ორი დღით ადრე, 1986 წლის 3 აგვისტოს, სრულად გადათხარეს ჩვენი სარდაფი - მილიციის რაზმით პირადად მოვიდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ სიდამონიძე და განყოფილების გამგე მამია ჯაფარიძე. რაც არ გვქონდა, რა უნდა ენახათ, მეშინოდა, თვითონვე არ ჩაედოთ ეს განძი. ჩვენს სარდაფთან დაყენებული ბიჭები გავაფრთხილეთ, არაფერი ჩადოთ-მეთქი. გათავისუფლების შემდეგ სოლიკომ მიამბო, როგორ აიძულებდნენ, ეღიარებინა განძის ქონა. სოლიკო, თურმე, ეკითხებოდა, რომ არა მაქვს ეს განძი, საიდან გავაჩინოო. ისინი პასუხობდნენ: შენ ოღონდ დაგვთანხმდი, განძი ჩვენზე იყოსო...
- ამბობენ, რომ ციხეშივე უნდოდათ სოლიკო ხაბეიშვილის მოშორება.
- რადგან ნივთმტკიცება ვერ აღმოაჩინეს, სოლიკოს თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. დავაკონკრეტებ: ამავე პერიოდში სოლიკოს მსგავსი საქმის შექმნა დაიწყეს ქუთაისის ქალაქკომის მდივან მამუკა ასლანიკაშვილის წინააღმდეგ. მამუკამ თავი მოიკლა. სოლიკოსთან შევიდა გამომძიებელი ვაჟა შენგელია და უთხრა: ნახე, ასლანიკაშვილი როგორი ვაჟკაცია, როგორ ვაჟკაცურად გადაწყვიტა პრობლემა, შერცხვენას თავის მოკვლა არჩიაო და მაგიდაზე იარაღი დაუდო. უნდოდათ, წამლების საშუალებით გამოეწვიათ სოლიკოსთვის გულის მწვავე შეტევა და გამოიწვიეს კიდეც. საბედნიეროდ, გადარჩა. აქვე ვიტყვი, სოლიკოს გასანადგურებელი კამპანია მრავალ მის მეგობარსა და ახლობელს შეეხო: პირველ რიგში, ჩემს სიძეს, ალბერტ აბესაძეს, რომელიც გაათავისუფლეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, გიზო გელეიშვილი გაათავისუფლეს მინისტრობიდან, ლამარა შენგელია - მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რეპრესიები შეეხო ნანა კეცხოველსა და მინისტრთა საბჭოს თანამშრომელს ვადიმ მალოვიჩკოს, გოგი მჟავანაძეც დაითხოვეს ცენტრალური კომიტეტიდან, კათედრის გამგეობიდან გაათავისუფლეს გივი დიდიშვილი, გაათავისუფლეს ოთარ თენეიშვილი, რომელსაც მაშინ მეგობრობის სახლის დირექტორის თანამდებობა ეკავა. ადვოკატები მეუბნებოდნენ: როგორც ჩანს, საქმე შეკვეთილია, ეს კაცი განწირული ჰყავთ „ვიშკას" (ანუ სასჯელის უმაღლეს ზომას) ნათლად ვხედავთო.
- დაასახელეთ ცრუმოწმეები.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ფალსიფიკაცია ეკუთვნოდა გენერალურ პროკურორ ვახტანგ რაზმაძეს. ზოგიერთ ცრუმოწმეს ძალიან უჭირდა, ხმას ვერ იღებდა, ამიტომ მოსამართლე თემურ გერსამია ეხმარებოდა (ცრუმოწმეებს დახმარების ხელს უწვდიდა ბრალმდებელი როლანდ გილიგაშვილიც) და მათ ჩვენებებს კითხულობდა. მსუბუქი მრეწველობის ყოფილი მინისტრი გოგი გამცემლიძე ამტკიცებდა, როცა სოლიკოს ფეხსაცმელების ფაბრიკის დირექტორის კანდიდატურა წარვუდგინე, დამიწუნა, რადგან ის კანდიდატურა ჰყავდა, რომლისგანაც რაღაც სარგებელს ელოდაო. გამაგიჟეს ქუთაისელმა მატყუარებმა მონიავამ, ფრუიძემ, გელენიძემ და სხვებმა. მონიავა ადვილად გამოიჭირეს, მისი ცოლი რაღაც დანაშაულის გამო უნდა დაეჭირათ, ამიტომ პირობა წაუყენეს: თუ არ გინდა, რომ ცოლი დაგიპატიმროთ, ხაბეიშვილს ხელი დაადე, თითქოს ქრთამი მიეციო. მონიავამაც ხელი დაადო, თქვა, სოლიკო ხაბეიშვილის ცოლს 600 მანეთად „დუბლიონკა" ვუყიდეო. „დუბლიონკა" ახლა ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ მაშინ დიდი დეფიციტი იყო, სავაჭრო ქსელიდან სიებით ნაწილდებოდა. „დუბლიონკა" საერთოდ არ მქონდა, ეს კი ვთქვი სასამართლოზე, მაგრამ არ გაიზიარეს. დამეხმარა ექიმი ანზორ მელია, ვაჭრობის სამმართველოდან მოვიძიეთ პრეისკურანტი, სადაც ჩამოთლილი იყო იმ პერიოდში საქართველოში შემოსული ყველა „დუბლიონკა". აღმოჩნდა, რომ მათი ღირებულება 230 მანეთს არ აღემატებოდა. ამით დავამტკიცე ამ 600-მანეთიანი „დუბლიონკის" არარსებობა. სოლიკოს საწინააღმდეგოდ უნდოდათ ცნობილი სპორტსმენის ალექსანდრე მეტრეველის გამოყენება. უნდოდათ, ეთქვა, რომ მას სოლიკოსთვის გადასაცემად ფული მისცა ერთ-ერთი ქარხნის დირექტორმა ფრუიძემ. ალიკამ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, დაკარგა თანამდებობა - სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ტყუილი არ იკადრა. ქუთაისელ გელენიძეს ათქმევინეს, რომ არაბული ტახტი გვიყიდა - არადა, არაბული ტახტი სახლში საერთოდ არ გვქონდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სოლიკო ქუთაისში მუშაობდა 1972-1975 წლებში, დააპატიმრეს 1985 წლის ბოლოს, ხოლო „აღიარებები" გააჩინეს 1986 წელს. აი, ასე იკერებოდა ეს საქმეები. სასტიკად სცემეს ქუთაისის მკვიდრი, რესტორან „გოდოგანის" დირექტორი ავთანდილ ახვლედიანი, რომელსაც ავალებდნენ, დაწერე, რომ ხაბეიშვილისთვის ქრთამი გაქვს მიცემულიო. გამომძიებელი ჯემალ ბაშალეიშვილი ეუბნებოდა: რად გინდა ხაბეიშვილი, მაინც დაიხვრიტება, ათი ათასზე ხელი დაადე და გაგათავისუფლებთ, ეს სჭირდება პატიაშვილს - პატიაშვილი საქართველოა, შენ კი საქართველოს პატრიოტი უნდა იყოო. ცემის შემდეგ ახვლედიანი დათანხმდა შემოთავაზებულ წინადადებას. ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ სიდამონიძემ უთხრა: ჩახვალ კამერაში და იქ დაგეხმარებიან განცხადების შედგენაში. შემდეგ ეს განცხადება პატიაშვილს უნდა ვუჩვენო, მოვახსენო, ახვლედიანი გვეხმარება-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემს იგი განკარგულებას შენს გათავისუფლებაზე (ეს სიტყვები ახვლედიანის საჩივრიდან მომყავს). მაგრამ, რატომღაც, ახვლედიანი სასამართლოზე არ გამოუყვანიათ. არ ვიცი, რაში გამოიჭირეს ახმეტის რაიკომის მდივანი ვაჟა ბატიაშვილი, რომელმაც თქვა, ხაბეიშვილს ხუთი წლის წინ მოსკოვში ფული და კონიაკები ჩავუტანეო. ბატიაშვილს მოწმედ დაუდგა სოლიკოსვე გამოზრდილი ჯემალ ბერიძე. სოლიკოზე ცილისმწამებლური წერილი დაწერა სიღნაღის რაიკომის მდივანმა ნოდარ ბუჩუკურმაც (საერთოდ, სოლიკოს საქმე მისი წერილით დაიწყო), რომელიც მაშინ დახვრეტის მუხლით იყო დაპატიმრებული, მაგრამ მისი საქმე ხელოვნურად იწელებოდა, სოლიკოს ცილისწამების სანაცვლოდ მას გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. სწორედ ეს ბუჩუკური იყო, რომლის გამოც ცეკას ბიუროში დაპირისპირება მოხდა ხაბეიშვილსა და პატიაშვილს შორის. ამ ბუჩუკურის ეპიზოდების განხილვისას გენერალური პროკურორის რაზმაძის მხრიდან გამოჩნდა საბუთების ფალსიფიკაციაც (აქვე დავამატებ - ხაბეიშვილსა და პატიაშვილს შორის კონფლიქტით ისარგებლა ალექსი ინაურმა, იმედი მიეცა, რომ კომპრომატს მოიპოვებდა შევარდნაძის წინააღმდეგ, ხოლო განუსაზღვრელი ძალაუფლებით თავბრუდახვეულმა, ახლად არჩეულმა ცეკას პირველმა მდივანმა პატიაშვილმა ხაბეიშვილის დასჯა გადაწყვიტა. შევარდნაძემ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მოსკოვში გადავიდა).
ხაბეიშვილის საქმეზე არ ითანამშრომლა ზურაბ მაისურაძემ, რომელიც წლების განმავლობაში სოლიკოსთან ინსპექტორად მუშაობდა. ამ ვაჟკაცური ნაბიჯისთვის მას 9 წელი მიუსაჯეს. ლომის წილი სოლიკოს არდახვრეტაში სწორედ ზურაბს მიუძღვის. სოლიკოს დიდი სამსახური გაუწია ფეხსაცმლის ფაბრიკის ყოფილმა დირექტორმა მალხაზ წოწორიამაც, რომელიც იმხანად დაპატიმრებული იყო. დედამისმა სასამართლოზე შვილს უთხრა: შვილო, ჯობს ისევ შენ ჩაჯდე ციხეში, ოღონდ სხვის ცოდვას ნუ დაიდებო. სასამართლო სხდომის შემდეგ წოწორია სარდაფში ჩაიყვანეს და სამმა კაცმა სცემა. მალხაზ წოწორიას ძმამ ოთარ წოწორიამ გადმომცა მალხაზისვე დაკითხვის ოქმი, სადაც გამომძიებელ კუპრავას თავისი ხელითვე ჰქონდა ჩაწერილი ხაბეიშვილის საწინააღმდეგო ჩვენება. ოთარ წოწორიას 3 მილიონს სთავაზობდნენ, რომ ეს ოქმი დაებრუნებინა, მაგრამ მან არ დააბრუნა და ოქმი მე გადმომცა. და კიდევ ერთი ფაქტი - სოლიკო ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყეს 1986 წლის 24 ოქტომბერს - ჩვენი შვილის გიგის დაბადების დღეს და დაამთავრეს 1987 წლის 9 თებერვალს - ჩვენი ქალიშვილის ელისოს დაბადების დღეს. სიმართლე სოლიკო ხაბეიშვილის ცხოვრების შესახებ აღვწერე ჩემს წიგნში „თითქოს სხივმა გადაკვეთა სხივი".
- სასამართლოს შემდეგ ცრუმოწმეები აღარ გინახავთ?
- ბრძოლას ვაგრძელებდი. თავდაპირველად სამიზნედ ავირჩიე ქუთაისის საფეიქრო ფაბრიკის ყოფილი დირექტორი ტოფაძე, რომელიც უკვე გათავისუფლებული იყო პატიმრობიდან და საჩხერეში ცხოვრობდა. თან მქონდა წაღებული მაგნიტოფონი, სადაც საუბარი უნდა ჩამეწერა (ადვოკატმა მირჩია). დაიწყო თუ არა ტოფაძემ ლაპარაკი, თითი დავაჭირე ჩანთაში ჩადებული მაგნიტოფონის ღილაკს და იმის ნაცვლად, რომ ჩაწერა წასულიყო, სიმღერები გაისმა. ტოფაძემ ცოლს გასძახა, ტელევიზორი გამორთეო. გამორთულიაო, იმან უპასუხა, აშკარად ნათელი გახდა, რომ ხმა ჩემი ჩანთიდან ისმოდა. ყველაფერი ცხადი გახდა. ტოფაძემ მხოლოდ ეს მითხრა: ადრეა სიმართლის თქმა, დადგება დრო და ყველაფერს ვიტყვიო. როცა სოლიკო გათავისუფლდა, ეს ამბავი მოვუყევი, ბევრი იცინა, მაგრამ მაშინ მე ნამდვილად არ მქონდა საქმე სასაცილოდ... სოლიკო გაათავისუფლეს 1990 წლის 9 დეკემბერს, აბსოლუტურად უდანაშაულო კაცმა პატიმრობაში დაყო 5 წელი. გათავისუფლების შემდეგ, როდესაც ცხოვრება თავიდან უნდა დაგვეწყო, როცა ახალი ენერგიით უნდა შესდგომოდა საქმეს, 1995 წლის 20 ივნისის დილას, ათის ნახევარზე, ჩვენი სახლის წინ სოლიკოს ექვსჯერ ესროლეს. ცხოვრება ხელმეორედ თავზე დამემხო. ამჯერად ვის შეუშალა ხელი, ვისი გზა გადაკვეთა - ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არა მაქვს, ალბათ, არც არასოდეს მექნება. გამოძიებას მკვლელობის შემკვეთი არც უძებნია, თუმცა, მაშინ მკვლელობის საქმის გამომძიებელმა კობა ნარჩემაშვილმა მითხრა, რომ მკვლელობის მოტივები პოლიტიკური უნდა ყოფილიყო.
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"