„ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ რუსუდან შარაძის განცხადებასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, რუსუდან შარაძე უსაფუძვლოდ არ სდებს ბრალს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გურამ შარაძის მკვლელობაში. ბაღათურია აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გახმაურებული მკვლელობები „გაყინულია" და გამოძიება წინ ვერ მიდის.
„პროკურატურა, პრაქტიკულად, უმოქმედოა იმ საქმეებში, რომელიც ძველი რეპრესიული რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ვერ გეტყვით მაგ საქმესთან დაკავშირებით, რუსუდანს რა ფაქტები აქვს, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ზოგადად პროკურატურა უმოქმედობას იჩენს ძველი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მიმართ."- განაცხადა „ქართული დასის" ლიდერმა.
შეგახსენებთ, „რეპორტიორთან" ინტერვიუში რუსუდან შარაძემ გურამ შარაძის მკვლელობაში მიხეილ სააკაშვილი, მეგის ქარდავა და დათა ახალაია დაადანაშაულა.