reportiori.ge - „კვირის ქრონიკა“: ალასანიას გუნდი და "ნაცმოძრაობა" ერთნაირი მონდომებით უთხრიან ძირს ღარიბაშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„კვირის ქრონიკა“: ალასანიას გუნდი და "ნაცმოძრაობა" ერთნაირი მონდომებით უთხრიან ძირს ღარიბაშვილს
ავტორი:
04 ივლისი, 2014. 00:08



პოლიტიკაში დაპირისპირება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია. "ქართული ოცნება" კოალიციურ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ერთობაა და როგორც წესი, ამგვარი ტიპის გაერთიანებებში ეს ბრძოლა უფრო გამწვავებულია. გამონაკლისი, ცხადია, არც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური გუნდია. თუმცა, ვიდრე ივანიშვილი კოალიციის მეთაური და შემდეგ პრემიერი იყო, კოალიციის შიგნით არსებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ქიშპობით ნაკლებად იყვნენ დაკავებულნი, ივანიშვილს ვარაფერს უბედავდნენ.

 

 

 

ახლა კი, როცა კოალიციას სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა, ძალიან გახშირდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კოალიციის პარტიები თუ კონკრეტული ლიდერები მის წინააღმდეგ ფარულად მოქმედებენ და პრემიერის დისკრედიტაციას ცდილობენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრის შეცვლას აპირებს და ამის მიზეზი პრემიერისადმი ორგულობაა. "ქრონიკამ" სანდო და კარგად ინფორმირებული წყაროსგან მოიპოვა მეტად საყურადღებო ინფორმაციები კონკრეტული მინისტრების შესახებ. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს ის მინისტრები არიან, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს ძირს უთხრიან, რომლებიც ღალატობენ, თუმცა წყარო ამას თავდაჯერებით აცხადებს. 

 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის საქმიანობით. მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა ბევრი შრომა გასწიეს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა.

 

 

 

პრემიერი მათი ამ კუთხით მუშაობით კმაყოფილია. თუმცა, მას აქვს ინფორმაცია, რომ მაია ფანჯიკიძეც და ალექსი პეტრიაშვილიც გავლენიან უცხოელ პოლიტიკოსებთან და ანგარიშგასაწევ დიპლომატებთან თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ლობირებით არიან დაკავებულნი. პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებლები არიან, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ალასანიაა და ლოგიკურია, რომ თავიანთ ლიდერს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაში ეხმარებიან.

 

 

მეტიც, მაია ფანჯიკიძე ხომ ირაკლი ალასანიას ცოლისდაა და რა გასაკვირია, თუ მის სასარგებლოდ მუშაობს. დაუკვირდით, საგარეო მიმართულების ორივე სამინისტროს ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები ხელმძღვანელობენ, მინისტრთა კაბინეტიდან, მხოლოდ მათ აქვთ უშუალო წვდომა ევროკავშირთან, გაერო-სთან, სხვა გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცალკეული ქვეყნების ლიდერებთან და მინისტრებთან. უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს ყველა ელჩიც ხომ, ფაქტობრივად, მაია ფანჯიკიძის დანიშნულია პარლამენტის ფორმალური თანხმობით და ბევრი მათგანი საგარეო მინისტრის ნების უსიტყვოდ აღმსრულებელია, რადგან ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეულნი, ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრები არიან. ჩემი ინფორმაციით, კონკრეტული ელჩები მუშაობენ ირაკლი ალასანიაზე. ამ ყველაფრის საპირწონედ, ღარიბაშვილს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. საგარეო პროფილის სამინისტროები ირაკლი ალასანიას გუნდს ჩაუგდო ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ის ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი ხელმძღვანელები მისივე მემკვიდრის წინააღმდეგ იმუშავებდნენ. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ალასანიას პიარისა და ლობირების პარალელურად, ორივე მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ანტიპიარს ეწევა უცხოეთში და მის კრიტიკას საკმაო დროს ანდომებს. ისინი დასავლელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს არწმუნებენ, რომ ღარიბაშვილი არ არის პროდასავლური პოლიტიკოსი და ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია და ამასთანავე, მაღალი რეიტინგიც აქვს, ირაკლი ალასანიაა. ცხადია, ეს ყველაფერი ფარულად და დახურულ კარს მიღმა კეთდება და ითქმის, მაგრამ პრემიერმა ამგვარი ფაქტების შესახებ მაინც შეიტყო. დღეს უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში, ირაკლი ალასანია უფრო პოპულარული და მისაღები პოლიტიკოსია, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს უმთავრესად, ამ ორი მინისტრის დამსახურებაა. ამას დაამატეთ ის ფაქტორიც, რომ უცხოეთში ღარიბაშვილის დისკრედიტაციას "ნაცმოძრაობის" ლიდერებიც ეწევიან. "ფაქტობრივად, ალასანიას გუნდი და "ნაცმოძრაობა" ერთნაირი მონდომებით უთხრის ძირს ღარიბაშვილს", - აცხადებს წყარო. 

 

 

 

მისივე ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი მიზანმიმართულად მოქმედებენ და მათი ყოველი ნაბიჯი ერთი გეგმის დიდი ნაწილია, ირაკლი ალასანიას მოუპოვონ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ მის გაპრემიერებას. მართალია, ფანჯიკიძემ და პეტრიაშვილმა სულ რომ გააშავონ ღარიბაშვილი და ალასანიას საერთაშორისო რეიტინგი უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანონ, ეს მაინც არ არის იმის გარანტია, რომ ალასანია პრემიერი გახდება, მაგრამ მიზნის მიღწევაში ეს პოლიტიკური ქულები ნამდვილად დაეხმარება. 

 

 

წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს არ სწყალობს, პაატა ზაქარეიშვილია. "პრემიერ-მინისტრის გარემოცვას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ამ გუნდის წევრია. პაატა ზაქარეიშვილი "რესპუბლიკელია" და თუ ვინმე ებრძვის ირაკლი ღარიბაშვილს, უპირველესად, "რესპუბლიკელები". მართალია, ზაქარეიშვილს იმ დონეზე არ აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან წვდომა, როგორც ფანჯიკიძესა და პეტრიაშვილს, მაგრამ საერთაშორისო  გავლენიან ორგანიზაციებთან ურთიერთობა მაინც აქვს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და საქართველოში უცხოეთის ქვეყნების ელჩებთან სისტემატური ურთიერთობა უწევს. შესაბამისად, ზაქარეიშვილს აქვს ბერკეტი, კონკრეტულ დონეზე პრემიერის დისკრედიტაცია მოახდინოს და უცხოელთა თვალში ალასანიას ფასი გაზარდოს. ის ამას სიამოვნებით აკეთებს და გასაკვირი არაფერია. კი, შეიძლება ვინმემ იკითხოს, რაში აწყობს "რესპუბლიკელ" ზაქარეიშვილს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის გაპრემიერება, ის ხომ მისი პარტიის წევრი არ არისო? ასეთების გასაგონად ვიტყვი, რომ "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის დიდი განსხვავება არ არის, ორივენი ულტრალიბერალური იდეების მქადაგებლები და გამტარებლები არიან. თუ ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრი გახდა და დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" გადაინაწილებენ ხელისუფლებას, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს კი, მინისტრთა კაბინეტშიც და პარლამენტშიც შეავიწროებენ და მათზე დამოკიდებულს გახდიან. უბრალოდ, ან დაემორჩილებიან ანდა, შესაძლოა, ამ შემთხვევაში კოალიცია დაიშალოს კიდეც. თუმცა, თუ კოალიცია დაიშლება, მაშინ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებაულტრალიბერალები არც კოალიციის დაშლის შემთხვევაში დაზარალდებიან. "ქართული ოცნებიდან" მათ საკმაოდ ბევრი დეპუტატი უჭერს მხარს და ეს ანტიდისკრიმინაციკული კანონის მიღებამაც დაადასტურა. კი, ამ კანონის მიღებას მხარი ღარიბაშვილმაც დაუჭირა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, დასავლეთის უპირობო დაკვეთა შეასრულა, სხვაგვარად მასაც და მის გუნდსაც სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში არიან დეპუტატები, თანაც, არა ერთი და ორი, რომელთაც ამ კანონს ორი ხელის აწევით დაუჭირეს მხარი და საერთოდ, ამ ულტრალიბერალთა ერთგულნი არიან. გარეგნულად ამას არ იმჩნევენ და ღარიბაშვილის ერთგულებაზე დებენ თავს, მაგრამ ასე არ არის. მოკლედ, კოალიცია რომ დაიშალოს, მოგებულები ისევ ალასანიასა და უსუფაშვილის გუნდები დარჩებიან. პარლამენტში გაერთიანდებიან, არაერთი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მათ მხარეს გადავა, "ნაცმოძრაობიდანაც" დეპუტატთა ნაწილს შეიერთებენ და ახალ კოალიციას შექმნიან. ეს ყველანი და "ნაცმოძრაობა" ადრე ერთი გუნდის წევრები იყვნენ და საერთო ენის გამონახვის პრობლემა არ ექნებათ. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ გაუჭირდებათ არც ირაკლი ალასანიას გაპრემიერება და არც სხვა თანაგუნდელისა. ეს გეგმა რეალურად არსებობს და ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, ცხადია, იცის" - განუცხადა წყარომ "ქრონიკას". 

 

 

 

წყარო აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი ვიწრო გარემოცვის წევრები ურჩევენ, რომ ეს მინისტრები მოხსნას და მათ ადგილას სხვა, სანდო ადამიანები დანიშნოს, ისეთები, რომლებიც მას უცხოეთში ძირს არ გამოუთხრიან. ღარიბაშვილსაც ამის დიდი სურვილი ჰქონია, მაგრამ ორი მიზეზის გამო იკავებს თავს. ერთი, რომ ამით კოალიციის დაშლის პროვოცირებას მოახდენს და ეს არ უნდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში უმრავლესობა დაეშლება და მერე შესაძლოა, სწორედ ის ვარიანტი ამუშავდეს - ახალი უმრავლესობა შეიქმნება პარლამენტში და ღარიბაშვილის ახალ მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებენ. მეორე მიზეზი კი, თავად მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის ფაქტორი ყოფილა. საქართველომ ევროასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ეს, ცხადია, ამ ორი მინისტრის დიდი დამსახურებაა. მართალია, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ევროკავშირი იქით გვექაჩებოდა თავისკენ, მაგრამ ფანჯიკიძემ და პეტრიაშვილმა მაინც დიდი სამუშაო გასწიეს. შესაბამისად, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მათი რეიტინგი გაიზარდა და თუ ისინი მოხსნა ღარიბაშვილმა, ხალხი დღეს ამას ვერ გაიგებს, მისგან არაადეკვეტურ ნაბიჯად შეფასდება. მის ამგვარ გადაწყვეტილებას არც საქართველოს უცხოელი პარტნიორები მოიწონებენ. მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს სურს, ირაკლი ალასანია თანაგუნდელების გარეშე დატოვის მინისტრთა კაბინეტში და ჩაძიროს. როგორც ვხედავთ, საქმე დასწრებაზეა, ალასანიას გუნდი, თუ წყაროს დავეყრდნობით, უკვე დიდი ხანია მუშაობს პრემიერის ჩაძირვაზე და ეს საქმე უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში მისი რეიტინგის დაგდებით დაუწყიათ. საქმე ძალაუფლებასთან ბრძოლის კლასიკურ მაგალითთან  გვაქვს და მოვლენებიც ამის შესაბამისად უნდა განვითარდეს. მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ღარიბაშვილი ახლო მომავალში მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს განახორციელებს. წყარო აცხადებს, რომ ღარიბაშვილი და მისი გუნდის წევრები მაია ფანჯიკიძის მოხსნას უფრო ეშურებიან და ნაკლებად ადარდებთ ალექსი პეტრიაშვილი. თუ ღარიბაშვილმა ფანჯიკიძე გაუშვა და საგარეო ურთიერთობის მთავარი ბერკეტი ჩამოართვა "თავისუფალ დემოკრატებს", საფრთხე, ფაქტობრივად, განეიტრალებული იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელის გარეშე, "თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ღარიბაშვილს უცხოურ პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში წყალს ვეღარ აუმღვრევენ. თუ ეს მოხდა, ამას იმ ელჩთა გამოწვევაც მოჰყვება, რომლებიც პრემიერის საზიანოდ და ალასანიას სასარგებლოდ მუშაობენ და ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. ამის შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილი ნამდვილად აღარ იქნება საფრთხის შემცველი ღარიბაშვილისთვის, მით უფრო, პაატა ზაქარეიშვილი. 

 

 

 

მართლაც, რომ არა კოალიციის დაშლის საფრთხე, ირაკლი ღარიბაშვილს არც სამივე მინისტრის მოხსნა გაუჭირდებოდა. წეღან აღვნიშნე, რომ, თუ პრემიერი თავიანთ სფეროში წარმატებულ მინისტრებს მოხსნის, საზოგადოების ერთი ნაწილი ამას ვერ გაიგებს-მეთქი. ცხადია, ამას გარკვეული პროტესტიც მოჰყვება. თუმცა, "საზოგადოების ერთი ნაწილი" არც თუ ისე მრავალრიცხოვანია. მეტიც, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ანტიპათიურადაა განწყობილი ხელისუფლების ულტრალიბერალური ფრთის მიმართ და ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ უჭერს მხარს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრედ მიაჩნია, რომელიც ეროვნულ ფასეულობებზე იყო ორიენტირებული. ამ ბრძოლაში ღარიბაშვილს ქართული ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის, ილია მეორის უპირობო მხარდაჭერა აქვს. არაერთ მაღალ მღვდელმსახურს ღიად განუცხადებია პროტესტი იმ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის გამო, რასაც ხელისუფლება ახორციელებს და ამ პოლიტიკის ლობისტები სწორედ "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" არიან. თავად კათალიკოს-პატრიარქიც, ეპისტოლეებსა და საკვირაო ქადაგებებში, ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ისე, რომ გამგებმა გაიგოს, მუდამ გმობს ულტრალიბელართა მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე გამოთქმულ მის ხმამაღალ პროტესტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ქართული ეკლესია ცალსახად ირაკლი ღარიბაშვილის მხარესაა. მართალია, მასაც მიანიშნებენ ხშირად, რომ ქვეყნის მართვისას შეცდომებს უშვებს, მაგრამ უმთავრესად, იმ სფეროებს გულისხმობენ, რომელთაც ეს ულტრალიბერალები მართავენ. ეკლესიის მხარდაჭერა კი უდიდესი საქმეა. ქართული ეკლესიის უკან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დგას და რაოდენობრივად ის ხალხი, ვინც შესაძლოა, 3 მინისტრის მოხსნით აღშფოთდეს, მათთან შედარებით, ძალიან მცირეა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ირაკლი ღარიბაშვილმა გარისკა და არა მხოლოდ მაია ფანჯიკიძე მოხსნა (ამჯერად ამაზე მიდის მსჯელობა), არამედ მას კიდევ ორი "ეჭვმიტანილი" მინისტრიც მიაყოლა, მას ხალხის უპირობო მხარდაჭერაც ექნება. ეს, ცხადია, ჩინებულად იციან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" ლიდერებმაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მათ  ვერც გაბედონ ის საპარლამენტო გადატრიალება, თავში ჩვენი წყარო რომ ლაპარაკობდა. თუ მაინც გაბედეს და "ნაცმოძრაობასთან" ალიანსი შექმნეს ირაკლი ღარიბაშვილის გადასაგდებად, ხალხი ამას არ აპატიებთ. კი, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებისა და "ნაცმოძრაობის" კოაბიტაციის პროცესი მტკივნეულად გადაიტანა, მაგარამ მაინც გადაიტანა და შეეგუა ამას. აი, "ნაცმოძრაობასთან" ღია კავშირსა და თანამშრომლობას კი, ჩემი აზრით, არავის აპატიებს და თუ ეს მოხდა, ქუჩაშიც გამოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. მეტიც, შესაძლოა, ხალხი პარლამენტშიც შევარდეს და "ნაცმოძრაობის" წევრებიც და მათი მოკავშირეებიც დაიფრინოს იქიდან. ქართველი ხალხი, თუნდაც "ნაცმოძრაობის" ნარჩენების ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუნდაც კოალიციური პრინციპით, არ შეეგუება და ეს ირაკლი ალასანიამაც შესანიშნავად იცის და "ნაცმოძრაობის" დიდმა მოყვარულმა დავით უსუფაშვილმაც. სავარაუდოდ, ხალხის ეს განწყობა აღმოჩნდება გადამწყვეტი ფაქტორი ულტრალიბერალი დეპუტატებისთვის და მათ საპარლამენტო გადატრიალების მოწყობაზე ხელს ააღებინებს. 

 

 

(ლევან ჯავახიშვილიგაზეთი "კვირის ქრონიკა")


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016