რუსუდან შარაძე რეპორტიორთან „ინტერვიუში" ასახელებს მამის, გურამ შარაძის მკვლელების შემკვეთებისა და მისი შემსრულებლების გვარებს. მისი თქმით, გამოძიებისთვის ახალი ფაქტებიც არსებობს, თუმცა პროკურატურა გამოძიების ხელახალი დაწყებისგან თავს იკავებს. თემასთან დაკავშირებით, „ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წევრი, ლევან ვეფხვაძე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ გურამ შარაძის საქმეზე, მანამ, სანამ ძველი ფაქტები არ იქნება მოკვლეული, ახალი გამოძიების დაწყება არ ღირს:
„გამოძიების დაწყებამდე, გარკვეული მოკვლევა უნდა ჩატარდეს. ის ფაქტები, რაც გამოძიების დროს არსებობდა, კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს. მახსოვს, როდესაც ტელეკომპანია „იმედში" ვმუშაობდი, ამ თემაზე რამოდენიმეჯერ მომიწია სიუჟეტის გაკეთება. ოფიციალურ ვერსიაში რეალურად ერთმანეთის შეუსაბამო დეტალებია. როდესაც არსებობს მოთხოვნა გამოძიებისა, მაშინ იმ მასალებზე, რაც არსებობს, მოკვლევა უნდა ჩატარდეს. გადამოწმდეს, რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან. შემდეგ კი დაიწყოს ხელახალი გამოძიება.
გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს ახალი ფაქტების და გარემოებების აღმოჩენა. როდესაც არსებობს კონკრეტული ბრალდება, რომ საქმე ობიექტურად არ არის გამოძიებული, რა თქმა უნდა, გადასამოწმებელია პროკურატურის მიერ.
პერსონალურად ვინმეს დადანაშაულება, რაც არ უნდა მაღალი ეჭვი არსებობდეს, მაინც გამიჭირდება. სანამ მოკვლევა არ ჩატარდება და არ დადგინდება, ამ საქმეში არის თუ არა შეუსაბამოებები, მანამდე გამოძიების დაწყება რთულია. შემდეგ კი, თუ დადასტურდება საქმეში შეუსაბამოებები, მაშინ მაღალი თანამდებობის პირთა საკითხი დგება და უკვე ჩანს, რომ მათი ორგანიზებით მოხდა შარაძის მკვლელობა!"-აცხადებს ლევან ვეფხვაძე
რუსუდან შარაძის ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Reportiori.ge- ზე