დანიამ საქართველოს ფინანსური დახმარება 5 მილიონიდან 25 მილიონ კრონამდე გაუზარდა. ინფორმაციას TheCopenhagenPost-ი ავრცელებს.
დანიის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის მოგენს იანსენის განცხადებით, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
25 მილიონ კრონამდე თანხა ქვეყნის დემოკრატიისა და ფინანსური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გამოიყოფა.
"უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ამ ქვეყანას სურს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა", - განაცხადა მოგენს იანსენმა.
დანიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის სომხეთი ჩაანაცვლა და ეს სტრატეგია 2013-დან 2017 წლამდე გაგრძელდება.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის ასევე არიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა.