ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებას უარყოფს და აცხადებს, რომ უგულავას მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, „დაწყებული ფულის გათეთრებიდან, დამთავრებული „იმედის" წართმევით" და აღნიშნულ თემებზე ყოფილმა მერმა პასუხი უნდა აგოს.
„როდესაც კონკრეტული პიროვნებების მიმართ კონკრეტული პასუხი დგება მოსათხოვი, „ნაციონალური მოძრაობა" მაშინვე პოლიტიკურად ფუთავს ამ ყველაფერს. ასე იყო ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრთან მიმართებაშიც, ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს იგივე განცხადებები კეთდებოდა, რომ თითქოს მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა. ამ პიროვნებებს წლების განმავლობაში, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე და ყველა ჩადენილ დანაშაულზე კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ,"- განაცხადა კალაძემ გადაცემაში „რეაქცია".
მისი თქმით, უგულავას დაკავება იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან დაკავებამდე ყოფილ მერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე, მან კი ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება.
„თუ თვალს დავხუჭავთ იმ დანაშაულებზე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წევრებს ჰქონდათ ჩადენლი, არ არის გამორიცხული, იგივე გაიმეორონ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც,"-აღნიშნა კალაძემ.