გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავად პარლამენტში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის დიდ ნაწილს კითხვები აქვს და არსებითი შენიშვნები არსებობს.
"მე ვთხოვ ამ საკითხზე პრეზიდენტს ვეტოს, არა იმიტომ, რომ უმრავლესობას ვეტოს გადალახვა არ შეუძლია, ან შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ ეს დრო საკითხის ხელახალი გადამუშავებისთვის გამოვიყენოთ და თუ იქნება პოლიტიკური კონსენსუსი, შევიდეს ის ცვლილებები, რომლებიც თბილისს წაადგება", - აღნიშნა უგულავამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.
გიგი უგულავას განცხადებით, კულტურის სამინისტრო უბრალოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებებს ამ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მას ამის არც ინფრასტრუქტურა გააჩნია და არც დამატებით საშტატო ნუსხაში ცვლილება არ შეუტანია.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით პარლამენტმა გასულ კვირას რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება კანონის ის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაობის ნებართვის გაცემის უფლება თბილისის მერიას გადაეცა.