გარდაცვლილი ბიზნესმენის შალვა მაზმიშვილის მეუღლე საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. თამარ მინაშვილის განცხადებით, მისი ქმარი 17 აგვისტოს მუხათგვერდის გზაზე ჩაცხრილეს. თამარ მინაშვილი უარყოფს ოფიციალური წყაროების მიერ დადგენილებას, სადაც აღნიშნულია რომ საქმე შესაძლოა თვითმკვლელობას ეხებოდეს. მეუღლის განცხადებით, სუიციდის შემთხვევა გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო გაფორმებული. თამარ მინაშვილის განცხადებით, ბიზნესმენისათვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა საკონტროლო გასროლაა, მანქანა კი გარედანაც დაცხრილულია.
„გაიჟღერა ვერსიამ, რომ ჩემს ქმარს ვიღაცასთან ჰქონდა დაძაბული საუბარი, ვინაიდან მანქანის კარებთან იპოვეს სიგარეტის შვიდი-რვა ნამწვი. ამის შემდეგ მანქანა არის დაცხრილული, თუმცა, ჩემს მეუღლეს მხოლოდ ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, ყურის უკან, ხოლო მანქანაში სისხლის კვალი საერთოდ არ იქნა აღმოჩენილი. იქვე მითხრეს, რომ სავარაუდოდ დიდი რაოდენობის თანხა მოჰქონდა, 500 - 700 ათას დოლარი. შემდეგ გამოძიებამ ეს თანხა ძალიან გაზარდა" - განაცხადა გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლემ, თამარ მინაშვილმა