reportiori.ge - ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ვინც სააკაშვილს პანღური ამოარტყა და აგინა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:59
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ვინც სააკაშვილს პანღური ამოარტყა და აგინა?
ავტორი:
08 ივლისი, 2014. 14:02


ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ვინც სააკაშვილს პანღური ამოარტყა და დედა აგინა? ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" სადაც იმ მოსამართლეებზეა საუბარი რომელთა გადაწყვეტილებებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონდათ.


ეს არის ამბავი მოსამართლეების შესახებ, რომლებსაც სააკაშვილის გუნდმა 1998 წელს ფიტულები დაუწვა ფანჯრებთან. თუმცა, ვენეციის კომისიამ ისინი გაამართლა და ხელისუფლების ზეწოლისგან დაიცვა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი მაშინაც ხელისუფლებას წარმოადგენდა და მაშინაც დევნიდა მოსამართლეებს... ისე, ნუთუ არასდროს უფიქრია კოტე კუბლაშვილს, რომ მოსამართლის უკანონოდ მიჩნეულ გადაწყვეტილებას, ხალხის პროტესტი ამ ფორმითაც და არამარტო ამ ფორმით შეიძლება მოჰყვეს? მაშ ასე, 1998 წლის 3 ნოემბერს სააკაშვილ-ჟვანიას გუნდი მომართული ელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უსათუოდ სერიოზულ გავლენას მოახდენდა მათ მიერ დაანონსებულ სასამართლო რეფორმაზე...


პროფესორი ოთარ გამყრელიძე:


- პარლამენტმა მაშინ მიიღო კანონი, რომლითაც მოსამართლეთა კორპუსი ვადამდე დაითხოვეს. - ეს კანონი, სასამართლოს ცნობილი რეფორმის ფარგლებში მიიღეს?


- არა. მაშინ არავითარი რეფორმა არ იყო. კონსტიტუცია უკვე მიღებული იყო, რომელიც ამბობდა, რომ მოსამართლე დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და კანონი იცავს მოსამართლეს. როცა მას აირჩევენ, თუ რამე დანაშაული არ ჩაიდინა, ვერავინ ხელს ვერ ახლებს. ერთი სიტყვით, მაშინ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე ყველა მოსამართლეს სახლში უშვებდნენ. ეს გაასაჩივრა ერთმა ნაწილმა.


- რამდენადაც ვიცი, მათ შორის იყო საბურთალოს რაიონის მოსამართლე, ავთანდილ ჭაჭუაც...


- დიახ, ის იყო ერთ-ერთი მთავარი ხელმომწერი. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მოსამართლეების სარჩელი დააკმაყოფილა და ისინი აღადგინა თანამდებობაზე საკონსტიტუციო ვადის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე განაწყენდა თავისუფლების ინსტიტუტი და იმ მოსამართლეთა ფიტულები დაწვეს მოედანზე, იმელის შენობასთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო თბილისში იყო, სწორედ ამ შენობაში.

 

- კონკრეტულად ამ მოსამართლეების ფიტულები გააკეთეს?


- დიახ - ავთანდილ აბაშიძის, ზაურ ჯინჯოლავასი და ლამარა ჩორგოლაშვილის. მაშინ ამ ქალბატონს გულის შეტევა დაემართა (დღეს ქალბატონი ლამარა გარდაცვლილია. - მ.ნ.). სწორედ ამ ფაქტით დაიწყო საქართველოში მოსამართლეების დევნა. "თავისუფლების ინსტიტუტმა" ეს იმიტომ გააკეთა, პარლამენტში ეს კანონი იმიტომ გაიტანა, რომ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებაში მოვიდა.

 

- ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ?


- აბა, რა. ეს იყო ჯგუფი, რომელიც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში და მოვიდა კიდეც, ნაციონალების სახით. თუ ქვეყანაში მოქმედებს სამართალი, იქ დამნაშავეს უჭირს. ამიტომ დამნაშავეს უნდა, რომ ჯერ სამართალი მოშალოს და მერე, რასაც უნდა იმას გააკეთებს. შესაბამისად, ასეც მოიქცა ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა. მათ სჭირდებოდათ სასამართლოს განეიტრალება. გახსოვთ, ალბათ, მათი შეტევის მეორე ეტაპი, 2005 წელს რა გაუკეთეს მოსამართლეებს. ასე რომ, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იყო. სხვათა შორის, მოსამართლე ჭაჭუა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, 2011 წელს საკუთარ სახლში, აბაზანაში მოკლული ნახეს, ცეცხლსასროლი იარაღით. ბევრმა ეს ფაქტი მის საქმიანობას და რეჟიმთან დაპირისპირებას დაუკავშირა, ვინაიდან უკვე ადვოკატურაში გადასული, ის იცავდა იგორ გიორგაძის მომხრეებს, ასლან აბაშიძის ქალიშვილს და ა.შ. ბუნებრივია, "პრაიმტაიმი" ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლიდა და პირველად მედიასივრცეში მის მეუღლესთან, ქალბატონ დალისთან გთავაზობთ ინტერვიუს:


- მისი გარდაცვალება არაფერ კავშირში არ არის რეჟიმთან. ის ავად იყო 14 წელი. აღრიცხვაზეც იყო ფსიქიატრიულში და მოსამართლეობის პერიოდშიც რამდენჯერმე ჰქონდა შეტევა. სამთვიანი ჩაგდებაც ჰქონდა. ბოლოს გაუმძაფრდა.


- ფსიქოლოგიური პრობლემებით ის მოსამართლედაც მუშაობდა და ადვოკატადაც?


- კი. თავისებური პიროვნება იყო...


- ჯანმრთელობაზე პრობლემები ფიტულების დაწვის ინციდენტის შემდეგ ხომ არ დაეწყო?


- არა. მანამდე უკვე ჰქონდა.


- რატომ დაემართა?


- დეპრესია ჰქონდა. ერთი თვე, მაგალითად, საბნის ქვეშ იწვა. თვითმკვლელობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. რომ გამოდიოდა, თვითონვე ეცინებოდა თავის საქციელებზე. ასე იყო ბოლოსაც. რისაც მეშინოდა, ის მოხდა. 14 წელი ვუძლებდი ამას. ამის შიშით ვიცხოვრეთ, იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, მე და ჩემი ქალიშვილი ვიყავით სახლში.


- ასეთ ავადმყოფს იარაღზე წვდომა ჰქონდა?


- სხვათა შორის, ერთადერთი იარაღი იყო სახლში, რომლის ტყვიებსაც ვერ შოულობდა. ამიტომაც ვიცოდი, რომ ის ცარიელი იყო. იმ საღამოსაც შევამოწმე და ბარაბანი ცარიელი იყო. თურმე ჯიბეში ჰქონდა 3 ცალი ტყვია.


- საოცარია, ასეთი პრობლემით მოსამართლედ როგორ ამუშავებდნენ?


- თანაც როგორი პროფესიონალი იყო... თქვენ წარმოიდგინეთ, კაციშვილმა არ იცოდა ეს, ჩემ გარდა, წარმოიდგინეთ, როგორ თამაშობდა.

 

- როდის დაეწყო ეს პრობლემა?


- საბურთალოს მოსამართლე იყო მაშინ.


- ამ პოსტიდან არ გაათავისუფლეს ის?


- კი.


- იქნებ ამან გაუღრმავა ეს დეპრესია...


- რა თქმა უნდა, ისეთი ცხოვრება წავიდა... მისი წარსულის ადამიანს, ცხადია, გაუჭირდებოდა ამის გადალახვა. მოსამართლედ იმუშავა 15 წელი, მანამდე რუსეთში იყო სასამართლოს თავმჯდომარე... უცებ გაათავისუფლეს... რა თქმა უნდა ესეც იმოქმედებდა.



ახლა კი ისევ მთავარ თემასა და სააკაშვილის გუნდის რისხვის მთავარ ობიექტებს მივუბრუნდეთ:


ზაურ ჯინჯოლავა:


- პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოსამართლე უნდა განთავისუფლებულიყო. ასე უნდოდა სააკაშვილს. მე ეს მუხლი გავაუქმე, რომელიც ყველა მოსამართლეს, მტყუანსა და მართალს, სახლში უშვებდა. არ ვამბობ იმას, რომ მოსამართლეებში მექრთამეები არ არიან, მაგრამ ხომ ურევია 1-2 პატიოსანიც? გვაქვს განთავისუფლების კანონიერი წესი. როგორ შეიძლება, ვიღაცას მოუნდეს და ყველა მოსამართლე გაყაროს? ამის საშუალება რომ არ მივეცით სააკაშვილს, ამის გამო დაწვეს ჩვენი ფიტულები რუსთაველზე. ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა, ბოკერია და სხვები, ახლა უსირცხვილოდ ახსენებენ ხშირად, რომ თურმე მაშინ დემოკრატიული საკონსტიტუციო სასამართლო ჰყავდათ და როგორ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას იღებდა.


- ამას ახლა ბოკერია აცხადებს? ის ადამიანი, ვინც ამის გამო თქვენი ფიტულები დაწვა?


- დიახ. არადა, მაშინ, ალბათ, დამიჭერდნენ კიდეც, საერთაშორისო საზოგადოება რომ არ დამდგომოდა გვერდით, განსაკუთრებით კი ვენეციის კომისია. სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადეს, პენსიონრებს რომ პენსიას არ აძლევდნენ, თურმე ისიც ჩემი ბრალი ყოფილა. ამ აქციის დროს მითხრეს, თურმე ერთი ქალი გამოგვსარჩლებია, წიოდა და კიოდა, რას შვებითო. ბოკერია ხელმძღვანელობდა ამას. გარდაცვლილზე არ მინდა ცუდი ვთქვა, მაგრამ ეს ყველაფერი ზურაბ ჟვანიას კაბინეტში გაკეთდა. ეს ფიტულებიც იქ დამზადდა. მაშინაც ჟვანიამ რუსთაველზე ჩაიარა მანქანით, ხელი გამოყო და ცერა თითი აჩვენა ბოკერიასა და მის დამქაშებს, კარგი ბიჭები ხართო. სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადეს.


- თქვენს დაჭერას რომ აპირებდნენ, ეს საიდან იცით?


- ოფიციალურად ეს საკითხი არ დაუყენებიათ, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დავეჭირეთ და საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გაეუქმებინათ. მაგრამ ვენეციის კომისიამ არ მისცა მათ ამის უფლება. ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება ინგლისურად ითარგმნება და ყველგან იგზავნება. სადაც კი ჩავიდა შევარდნაძე, ყველგან უთხრეს - ეს რა ქენით, რა ამბავი ატეხეთ სწორ გადაწყვეტილებაზეო. მერე შევარდნაძე ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, შეცდომაში შემიყვანეს, თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს სწორი გადაწყვეტილება მიუღიაო. საბოლოოდ, ვერ გამათავისუფლეს, ვინაიდან გარკვეული ვადით ვიყავით არჩეული და ვენეციის კომისიამ პირდაპირ დასვა საკითხი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაშინ ევროპისკენ არ მოიხედოთო. მერე, თითქოს ქუთაისში მიპირებდნენ გადაყვანას, იფიქრეს, ასაკია, არ დასთანხმდება და დატოვებს თანამდებობასო. მე კი განვაცხადე, წავალ ქუთაისში-მეთქი და ეს გეგმაც ჩაუვარდათ.


- ის მოსამართლეები აღადგინეს თანამდებობაზე, შეასრულეს თქვენი გადაწყვეტილება?


- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაღაც შეღავათები მისცეს. საკითხი დაისვა ასე - თუ გამოცდას ჩააბარებდნენ, იმ შემთხვევაში დანიშნავდნენ... კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც ამ სკანდალურ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი "პრაიმტაიმს" ისეთ ისტორიებს უამბობს, რომელიც არასდროს გაჟღერებულა. მაშ ასე, რამ მიიყვანა მოსამართლე ავთანდილ აბაშიძე იმ ზომამდე, რომ მიხეილ სააკაშვილს წიხლი ჩასცხო და დედა აგინა, ამის შესახებ "პრაიმტაიმის" მკითხველი ამ ინტერვიუდან შეიტყობს:


- ბოკერია იყო მაშინ ყველაზე დიდი ძალა. მაშინ მიშაც კი ბოკერიას ეკითხებოდა, ანგარიშს უწევდა. ის, რაც მათ მაშინ გაგვიკეთეს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა, ვინაიდან, თუ აქცია უნდოდათ, შენობიდან დისტანცია უნდა დაეცვათ. მათ კი პირდაპირ ფანჯრებთან დაგვიდეს კუბო წარწერით - გარდაიცვალა სამართალი. ეს საქმე ქვემდებარეობით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს უნდა გამოეძიებინა, მაგრამ ქალაქის პროკურატურას დააწერეს. მათ ხელში არ იყო ყველაფერი? შეჩერდა და დღესაც შეჩერებული დევს ქალაქის პროკურატურაში. - ანუ ფიტულებამდე ჯერ კუბოს აქცია იყო?


- გადაწყვეტილება 1998 წლის 3 ნოემბერს მივიღეთ. ერთ კვირაში სააკაშვილის კაბინეტიდან გამოასვენეს შავარშიაშემოვლებული კუბო. მთელი რუსთაველი გამოატარეს და "იმელის" კარებთან დაგვისვენეს. ერთი კვირის შემდეგ ფიტულები დაამზადეს, გვეუბნებოდნენ, ძალიან არის თქვენზე მიმსგავსებულიო. ის ჟვანიას კაბინეტში დაამზადეს. მასაც რუსთაველი გამოატარეს და ფანჯრებთან დაგვიწვეს.


- ეს ყველაფერი ემოციურად როგორ აღიქვით?


- მე ეს ნაკლებად მადარდებდა, მაგრამ ბავშვები იყვნენ პატარები და ძალიან ნერვიულობდნენ. ჩემი ბავშვები 61-ე სკოლაში სწავლობდნენ, მე-3 და მე-4 კლასში. უმცროსი შვილის სურათი დირექტორმა საპატიო დაფიდან ჩამოხსნა, მოღალატის შვილი ხარო... ამ გადაწყვეტილების მიღება მართლა რთული იყო. ყველა ნერვიულობდა ამ საქმეზე. იმიტომ, რომ მიშასგან გამოსული იყო ინფორმაცია, მე მოვდივარ საქართველოს პრეზიდენტადო.


- ანუ, ეს თქვენ უკვე იცოდით 1998 წელს?


- ეს ყველამ იცოდა. სანამ საკონსტიტუციოში მოსამართლე ვიქნებოდი, პარლამენტის წევრი ვიყავი და იურიდიულ კომიტეტში ვმუშაობდი, სადაც მიშა თავმჯდომარე იყო. მის მოადგილეობაზე უარი განვაცხადე. დანიშვნის დღიდან მეუბნებოდნენ, რომ ეს 29 წლის ბიჭი ჩამოსული იყო იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. თავისი ამერიკელი პატრონებისგან მაშინვე ჰქონდა ინსტრუქცია, რომ სასამართლო ხელისუფლება დაექვემდებარებინა. იქ თავისი ხალხი უნდა ჰყოლოდა. მასთან სერიოზული კონფლიქტი მქონდა. ამბობდა, იურისტი ვარო და სინამდვილეში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი იყო. ერთი მოწმეც კი არასდროს დაუკითხავს და მთელი ცვლილებების განხორციელებას აპირებდა კანონებში. იბარებდა მინისტრებს და ეუზრდელებოდა. ზოგიერთი პატივსაცემი ადამიანი იყო და ვესარჩლებოდი. ერთი სული ჰქონდა, როგორმე პარლამენტიდან წამოვსულიყავი. ამ დროს დადგა დღის წესრიგში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების საკითხი და მართლაც დავტოვე პარლამენტი. ჩემი წამოსვლის შემდეგ მიიღეს ეს კანონი, რომელზეც შემდეგ ის გადაწყვეტილება გამოვიტანეთ, რაზეც უკვე გესაუბრეთ. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი ამბავი იყო, გვითვლიდნენ, ზოგს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მინდია უგრეხელიძის ადგილს ჰპირდებოდნენ (ის უკვე დაჯახებული იყო მათთან), ზოგს მოადგილისას, თუ იმ გადაწყვეტილებას მივიღებდით, რაც ჟვანიასა და სააკაშვილს აწყობდათ. 2 საათი რჩებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ამ დროს მენაღარიშვილი, ლადო ჭანტურია, ავთანდილ დემეტრაშვილი, სააკაშვილი და სხვები სტრასბურგიდან მოფრინავდნენ. სააკაშვილს უკვე გაუგია ჩვენი პოზიცია და ანგრევდა ყველაფერს. დემეტრაშვილმა დამირეკა, რას აპირებ ჩამომიშვებ ქვეყანაშიო? ცოტა ცუდად ვუპასუხე - ამას მაშინ გაიგებ, როცა გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ-მეთქი. როცა გადაწყვეტილება გამოცხადდა, ამ დროს თვითმფრინავში მინდია უგრეხელიძესა და სააკაშვილს შორის მომხდარა დაჯახება და იცი, რა უთქვამს მინდიას მენაღარიშვილისთვის მის გასაგონად? - ამ სულელს ბავშვობაში პაჭკორიას წამალი არ დაალევინეს და რა ჩემი ბრალიაო? ამ ყველაფრის შემდეგ ერთ კვირაში ჩამოატარეს კუბო, მერე კი დაწვეს ფიტულები. ერთ-ერთ წევრს, ლამარა ჩორგოლაშვილს გულის შეტევა დაემართა, მელიას კლინიკაში წაიყვანეს. ძლივს გადარჩა. ამის შემდეგ ჩვენ ვენეციის კომისიაში დაგვიბარეს. მინდია უგრეხელიძე დაგვემგზავრა. სტრასბურგში მიდიოდა, წევრად უნდა აერჩიათ. ფრანკფურტის აეროპორტში სააკაშვილს შევხვდით. მოვიდა ჩვენთან. ხელზე ტანსაცმელი ჰქონდა გადაკიდებული და, გამარჯობა, როგორ ბრძანდებითო, - მომესალმა. წადი შენი-მეთქი... და პანღური ამოვარტყი. ხელს როგორ მიწვდი, შე გარეწარო-მეთქი. ეს ტანსაცმელი ხელიდან გაუვარდა და მერე აკრიფა, მიათრევდა და გაიქცა. ხმა არ ამოუღია საერთოდ, ისე გაიქცა.


- გული მოიოხეთ?


- არა, როგორ მოვიოხებდი, სანამ გემოზე არ ვცემდი მაგას?!


- ვენეციის კომისიაში რა მოხდა? ჯანი ბუკიკიო, რომელიც ახლა კომისიის პრეზიდენტია, მაშინ მდივანი იყო, მან გაიტანა ჩვენი საკითხი. ვენეციის კომისიის მუდმივ საპატიო წევრებად აგვირჩიეს, ვინაიდან ხელისუფლების ასეთ ზეწოლას გავუძელით. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიშამ ვერ დამიჭირა. ერთი ასეთი შემთხვევაც იყო: ბათუმში სემინარს ვატარებდი, მსოფლიო სასამართლოს თავმჯდომარეები მყავდა მიწვეული. ეს რომ მიშამ გაიგო, ჩამოვარდა ქოშინით, ბორბლებიანი სკამი მოაგორა და ჩემსა და ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის მოინდომა ჩაჯდომა. მოვატრიალე სკამიანად მიშა, გავასრიალე და მივაძახე, - წადი და დაჯექი ჟურნალისტებთან, შენი ადგილი აქ არ არის-მეთქი. ამაზე ატყდა ერთი ამბავი. მეორე დღეს მაინც მოვიდა. იმ დღეს მე ვიყავი მომხსენებელი, სააკაშვილი დილით "ალიონში" გამოსულა ჩვენი - ჩემი, ზაურის და ლამარას ქებას მოჰყოლია, - აი, ვინ უნდა მიიწვიონ საზღვარგარეთ ექსპერტებადო. ფიტულების ისტორიიდან დიდი დრო იყო გასული?


- არა, სწრაფადვე მოხდა ეს ყველაფერი.




(წყარო: "პრაიმტაიმი")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016