თბილისის მერიამ 2006 წელს გარე-განათების პროექტზე, ,,თბილისი სინათლის ქალაქი''- დაიწყო მუშაობა. დღეს, თბილისის განათებაზე მუნიციპალური საწარმო შპს „სინათლის ქალაქია" პასუხისმგებელი. აღნიშნული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც რიგი მიზეზების გამო ანონიმად დარჩენა ამჯობინა, იმ განუკითხაობაზე გვესაუბრა, რაც „სინათლის ქალაქში" ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ არსებობს. როგორც ჩვენი რესპოდენტის ნაამბობიდან ირკვევა „სინათლის ქალაქის" უფროსი, ნიკოლოზ ტოგონიძე, არა მარტო დედაქალაქის ქუჩების განათებაზე ზრუნავს, არამედ ფიქტიურად დასაქმებულ ახლობელ-მეგობრებსაც „აპურებს" და საკუთარ თავსაც დაუნანებლად ასაჩუქრებს „მსუყე" პრემიებით.
-ნიკოლოზ ტოგონიძე უფროსად დაინიშნა დაახლოებით 2 წლის წინ. ის, ასე ვთქვათ, „ნაციონალების კაცია". ამ კაცის მოსვლის შემდეგ, თითქოს უნდა გაუმჯობესებულიყო სიტუაცია, მაგრამ პირვლ რიგში დაიწყეს შემცირებები. თავიდან ყველა იმედით უყურებდა. ახალგაზრდა კაცია და უკადრებელს არ იკადრებსო. მანაც კარგად დაიწყო, მაგრამ მერე გაუტკბა ძალაუფლება.
ჩვენი სამსახურის სტრუქტურა არის ასეთი: არის სამმართველო, საიდანაც იმართება მთელი ქალაქის განათება და არის რაიონული ცენტრები, რომლებიც ემსახურებიან კონკრეტულ უბნებს. ამ უბნებს ჰყავთ უბნის უფროსები და მონტიორები. შემცირებები დაიწყო სწორედ რაიონებიდან, გაუშვეს მონტიორები, სამმართველოში დაბალ თანამდებობებზე ვინც იყვნენ, ანუ შავ საქმეს ვინც ასრულებდა და რაიონების დამლაგებლები, რომელთა ანაზღაურება იყო მხოლოდ 60 ლარი.
-რა მოტვით ათავისუფლებდნენ თანამშრომლებს? მათ მაგივრად სხვა კადრები მოჰყავდათ თუ შტატებს აუქმებდნენ?
-თავიდან შტატები გაუქმდა, აღარ გვჭირდება ამდენი მონტიორიო, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ საჭირო იყო, რადგან უბნის უფროსი ვერ ადის „ვიშკაზე", ვერ მუშაობს. დამლაგებლების შტატი რაიონებში აღარ აღუდგენიათ. მერე იქ ვინც მუშაობდნენ, თავად დებდნენ ფულს და აიყვანეს დამლაგებლები. ტოგონიძის მოსვლის შემდეგ, კადრების გაშვება რომ დამთავრდა, რამდენიმე თვეში, დაიწყო კადრების „გაბერვა", ოღონდ მხოლოდ ადმინისტრაციაში, მაღალ თანამდებობებზე. უფროსს ჰყავს რამდენიმე მოადგილე, რომეთაც ისიც კი ვერ გაურკვევიათ, რა ევალებათ. მაგალითად, არის რომელიმე განყოფილება, სადაც ტოგონიძის მოსვლამდე, მუშაობდა 3 კაცი. 1 უფროსი, 2 მუშა. ისინი აკონტროლებდნენ განყოფილებას ყველანაირად. ახლა იქ არის 7-8 კაცი, რამდენიმე მუშა და 2-3 უფროსი, რომელთაგან მუშაობენ მხოლოდ ეს მუშები, უფროსები ან არ დადიან სამსახურში, ან შემოირბენენ და მალევე გაიქცევიან და მერე მთელი დღე გიწევს მათი დევნა ელემენტარულ საბუთზე ხელის მოსაწერად. მსგავსი სიტუაციაა ბევრ განყოფილებაში. სამსახურში დადიან მხოლოდ დაბალი თანამდებობის პირები. უფროსი კვირა შეიძლება გავიდეს და არ მოვიდეს სამსახურში. ან შემოიაროს 1-2 საათით და წავიდეს.
-ახალი კადრები რა ნიშნით შეირჩა?
-ტოგონიძემ დაიწყო „ნაციონალების" დასაქმება, სწორედ მათ დაუნიშნა მაღალი ხელფასები, რეალურად კი არაფერს არ აკეთებენ. პლუს ამას, ისე იწერს ადმინისტრაცია პრემიებს, როგორც მოუნდება და როცა მოუნდება.
- „სინათლის ქალაქი" მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება?
-კი, მერიისგან ფინანსდება.
-პრემიებისა და ხელფასების შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ? რა თანხებზეა საუბარი და ვინ აკონტროლებს პრემირების სისტემას?
-აკონტროლებს მხოლოდ უფროსი. თითქმის ყოველ თვეში უწერს პრემიას ადმინისტრაციას და იმ ხალხს, ვინც აწყობს. რაც მთავარია, ყოველთვიურად ერთი და იგივე ადამიანები იღებენ პრემიებს. ზოგს პრემია ეწერება, ზოგის პრემიას „დახმარება" ჰქვია.
-ეს ადამიანები უფროსის მოყვანილი კადრები არიან?
-უმეტესად კი, ახლობლები, ან პროტექციით მიღებული ხალხი. რამდენიმე კადრი ჰყავს ისეთი, საერთოდ არ დადიან სამსახურში. მაგალითად, ერთი ცოლ-ქმარია, თითოს ათას ლარზე მეტი აქვთ ხელფასი და პრემიებს ადმინისტრაციასთან ერთად იღებდნენ, სამსახურში კი არ დადიოდნენ. ეს რამდენიმე დღეა ყოველდღე შემოივლიან სამსახურში. როგორც ჩანს, უფროსმა მისცა შენიშვნა, თქვენს გამო პრობლემები არ შემექმნასო და ახლა გამოჩდნენ.
-ჩვეულებრივ თანამშრომლებს თუ გერიცხებათ პრემიები?
-კი, ახალ წელს და აღდგომას. რამდენჯერმე 8 მარტს იყო საჩუქარი, ოღონდ მხოლოდ ქალებისთვის. ხანდახან, როცა რაიმეს გაიმეტებენ, კაპიკებს გადმოგვიყრიან და თვითონ ისევ მთელ ხელფასს იღებენ.
-დანარჩენები ყოველთვიურად იღებენ?
-თუ ყოველ თვე არა, ყოველ მეორე თვეს მაინც. როცა მოუნდება უფროსს, ან როცა ვინმეს თანხა შემოაკლდება და „დახმარებას" გამოუწერენ, მაგრამ ამ „დახმარებასაც" მარტო საკუთარ ხალხს აძლევენ და არა მართლა გაჭირვებულებს. ახლა იყო რაღაც ინფორმაცია, რომ საარჩევნოდ უნდა დაერიცხათ ყველასთვის პრემიები, მაგრამ თავისთვის დაირიცხეს მარტო და რამდენიმე ისეთ ადამიანს, დაბალი თანამდებობებიდან, მართლა რომ იმუშავეს.
-ხელფასებისა და პრემიების გაცემის კონტროლი ვის ევალება? თუ პრემიების გაცემა მარტო უფროსის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული?
-ამას არავინ აკონტროლებს. უფროსი წყვეტს ყველაფერს. შარშან იყო ფინანსური პოლიცია შემოსული. მთელი მასალები წაიღეს აქედან, საბუთები, მაგრამ დღემდე არაფერი ხდება.
-თქვენს მსგავსად, რამდენი თანამშრომელი იმყოფება ასე დაჩაგრულ მდგომარეობაში?
-საერთოდ 400-მდე თანამშრომელია, ადმინისტრაციაში კი იქნება მაქსიმუმ 30 კაცი.
-თავად უფროსი ხშირად „ისაჩუქრებს" საკუთარ თავს?
-კი ადმინისტრაციასთან ერთად.
-პრემიების ოდენობის შესახებ გაქვთ ინფორმაცია? ხელფასი რამდენი აქვს ხელმძღვანელობას?
-პრემია მინიმუმ, ერთი ხელფასია. უფროსობას 4000 ლარი აქვს, მოადგილეებს 3000. სხვა პირებს ადმინისტრაციაში, ათას ლარს ზემოთ აქვს ყველას. მთავარ სამმართველოში ხელფასები მაღალია, რაიონებში კი კაპიკები. მთავარ სამუშაოს ვინც ასრულებს, ელ. მონტიორები და ა.შ. ყველაზე მეტად იჩაგრებიან. განსხვავება უფროსსა და ყველაზე დაბალანაზღაურებად კადრს შორის ძალიან დიდია, ანუ უფროსს აქვს 10-ჯერ, და კიდევ მეტი ხელფასი.
-რატომ გადაწყვიტეთ ამ ინფორმაციის გასაჯაროება?
-იმიტომ, რომ რაღაც თუ არ შეიცვალა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. თავს გავიდნენ. საპარლამენტო არჩევნების მერე გვქონდა იმედი, რომ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა.
-მკითხველისთვის ვინაობის გამხელა რატომ არ გსურთ? გეშინიათ რომ სამსახურის გარეშე დარჩებით?
-კი, როცა ამათთან რამეს აპროტესტებ, წადი, არავინ გაკავებსო, გეუბნებიან და კარისკენ გითითებენ. ყველას ოჯახი გვყავს სარჩენი და არ გვინდა, თუნდაც ეს ორი კაპიკი დავკარგოთ. ჩემს გარდა კიდევ ბევრია, ვინც სიამოვნებით ისაუბრებს ამ თემაზე, მაგრამ ეშინიათ. უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი ამ სამსახურის სათავეში, ვინც ჩაიხედავს საქმეში და ხალხის სასიკეთოდ გადაწყვეტს საქმეს.
P.S. 2013 წლის დასაწყისში, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილმა, სქემა გაასაჯაროვა, რომლითაც, საქალაქო სტრუქტურა გიგი უგულავამ „ნაცმოძრაობის" ბიუჯეტად აქცია. კერძოდ, ქალაქის მაშინდელმა მერმა „სინათლის ქალაქი" „ნაცმოძრაობის" თარგს მოარგო, მონოპოლისტ კომპანიად აქცია და პარტიული აქტივის დასაფინანსებლად გამოიყენა.
„გიგი უგულავამ „თბილქალაქგანათების" მიმართ უკანონო საქმიანობა 2010 წლის შემოდგომიდან, მიზანმიმართულად გაააქტიურა, გაანადგურა რა შპს „თბილქალაქგანათება", როგორც იურიდიული პირი, წაართვა ქალაქგანათებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო მექანიზმები და სხვა ქონება, გამოაცხადა შპს-ს ლიკვიდაციის პროცესი, აკრძალა ტენდერებში ამ კომპანიის მონაწილეობა და მის საფუძველზე სახელდახელოდ დააფუძნა ახალი მუნიციპალური საწარმო - შპს „სინათლის ქალაქი", რომელიც მაღალანაზღაურებადი ზონდერებით და პარტიული აქტივისტებით, შემდგომში კი ყოფილი პარლამენტარებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა", - აცხადებდა მუსხელიშვილი.
საკრებულოს „ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარე კანონდამცველ ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებდა. ფაქტია, რომ საკითხით დღემდე არავინ დაინტერესებულა...